„ძალიან ბევრჯერ ვთქვი, არ მომწონს ამ ბიჭის პროწიალი და პიპინ-პიპინით სიარული...“ - თაკო ჩარკვიანი მელიაზე

თაკო ჩარკვიანი

მუდმივად მქონდა ნიკა მელიასთან პრეტენზიები. სულ ვამბობ, რომ ეს ადამიანი ან ვერ არის ლიდერი, ან შეგნებულად მოიყვანა სტაგნაციაში პროცესი. ძალიან ბევრჯერ ვთქვი, არ მომწონს მე ამ ბიჭის პროწიალი და პიპინ-პიპინით სიარული-მეთქი, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიამ 29-პროცენტიანი პარტია რვა პროცენტამდე დაიყვანა.

როგორც ჩარკვიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, გულშემატკივრობს „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც დასავლური ვექტორის მქონე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას.

„ვისთანაც იყო დაპირისპირება, მან თავად აღიარა გუშინ. ლაივი ჰქონდა მუმლაძეს ჩართული და პირდაპირ თქვა, რომ ფიზიკურად გამისწორდნენო. ნიკა მელიას განცხადებას არც ერთი მხარე არ აქვს, რითიც შეიძლება, გაამართლო. თუ პოლიტიკას გამოაცლი მორალს, საერთოდ არაფერი არ შეგრჩება და შეგრჩება ის წუმპე, რომელშიც 30 წელია, საქართველოს ამყოფებენ ზუსტად იმ ტიპის პოლიტიკოსები, რომლებიც აცლიან მორალს პოლიტიკას. შეუძლებელია ასე, მორალგამოცლილი პოლიტიკა ტალახია. ამის ძალიან წინააღმდეგი ვარ. როდის შეიტყო მან კეზერაშვილის ოლიგარქობის შესახებ, გუშინწინ? წავიკითხე მისი განცხადებები სულ რამდენიმე თვის წინ, როდესაც პარტნიორად მიიჩნევს მას. ეს საზიზღრობაა, არ შეიძლება. მე კი კეზერაშვილამდე, ერთი წლის განმავლობაში მუდმივად მქონდა მასთან პრეტენზიები, სულ ვამბობ, რომ ეს ადამიანი ან ვერ არის ლიდერი, ან შეგნებულად მოიყვანა სტაგნაციაში პროცესი, რაც კატასტროფა იყო. ეს ხომ არ იყო არჩევნები. ჩვენ ვებრძვით ხელისუფლებას, რომელთანაც გვაქვს პრეტენზიები, რომ ბიუჯეტი იძარცვება, საზღვრები არ კონტროლდება, კატასტროფული მდგომარეობაა. არჩევნებამდე უნდა მივიდეთ ჯერ, ეს უნდა გავაკეთოთ, რომ როგორმე 12 პუნქტი მიიღოს ქვეყანამ. აი, ამ დროს რომ შენ სტაგნაციას შემოიტან.

მისი პარტიის ლიდერზე ჯერ თქვა, ჩემი მეგობარი არ არისო. ფინანსი, სახელი, ყველაფერი იმ კაცის, მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებულია. ციხეში მყოფ კაცზე თუ მოიგონებ, რომ მეგობარიაო, თორემ ის თქვა, რომ არ არის მეგობარიო, ასეთი არაფერი გამიგია. არ მომწონს მე ამ ბიჭის პროწიალი და პიპინ-პიპინით სიარული-მეთქი, ვთქვი ძალიან ბევრჯერ, რუსთაველზეც და მოჰყვა ამას ქილიკი. დიახ, ნამდვილი ბრძოლა გახლავთ პარლამენტშიც და რუსთაველზეც, არაფერი საქილიკო არ არის, რადგან რაოდენობაზე უფრო დიდი იარაღი ოლიგარქატთან ბრძოლის დროს, არაფერია. ზუსტად ეს რაოდენობა გაუშვა რამდენიმეჯერ სახლში მელიამ. მან მოიტანა უძრაობა, მან დაიყვანა 29%-იანი პარტია 8%-მდე. ერთი დეტალი მითხარით, რატომ უნდა დარჩეს ეს ადამიანი პარტიაში. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ ძალიან ვგულშემატკივრობ, როგორც დასავლური ვექტორის მქონე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

კითხვაზე: ფიქრობთ, რომ საერთო ოპოზიციურ პროცესს აფერხებს „ნაციონალური მოძრაობა“ და კონკრეტულად ნიკა მელია, თაკო ჩარკვიანმა ასე უპასუხა:

„ნაციონალური მოძრაობა“ – ასე მე ვერ ვიტყვი, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ შესანიშნავი ამომრჩეველი ჰყავს, ზუსტად ის, ვინც შევიდნენ ნიკა მელიასთან და გაუსწორდნენ ფიზიკურად, ისიც „ნაციონალური მოძრაობაა“. მე ვერაფრით ვერ დავარქმევ ნიკა მელიას და მის რამდენიმე მომხრეს ასე ცალსახად „ნაციონალურ მოძრაობას“. ლიდერები იცვლებიან, რა პრობლემაა, რომ თავმჯდომარე გამოცვალონ, რა არის აქ საოცარი. პარტია იმისია, რომ გამოცვალონ, თუკი ვერ შეასრულა რაღაც. ლიდერი, რომელმაც გაამეოთხედა შედეგი, 29 პროცენტიდან 8%-მდე, უძრაობაში მოიყვანა პარტია. მისი ლიდერი მძიმდება ციხეში და პარტია უმოძრაობაშია. აბა, რა არის ლიდერის მოქმედება სხვა“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.