რა ხდება ორგანიზმში, როდესაც მაღალი სიცხე გვაქვს

სიცხე

ყველას გვქონია გამოცდილება, როდესაც სხეულის ტემპერატურა დროებით მატულობს.

ცხელება შეიძლება წარმოიშვას, როდესაც ორგანიზმის დამცავი სისტემა ებრძვის ინფექციას, მაგრამ ის ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა ფაქტორებით, მათ შორის ავტოიმუნური დაავადებებით, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, ან გარკვეული წამლების გვერდითი ეფექტი.

თუმცა, რა ხდება ორგანიზმში მაღალი სიცხის დროს?

ადამიანის სხეულის ტემპერატურა მცირედით მუდმივად იცვლება, მაგრამ ის ძირითადად 37 გრადუსი ცელსიუსია. ეს ჩვენი უჯრედებისთვის იდეალურ გარემოს ინარჩუნებს. ამ პროცესს ჰიპოთალამუსი აკონტროლებს და ის როგორც თერმოსტატი ისე მოქმედებს.

ინფექციის დროს, როდესაც ჩვენი იმუნური უჯრედები უცხოს შემოჭრას აფიქსირებენ, როგორიცაა ბაქტერიები ან ვირუსები, სიცხის გამომწვევ ქიმიკატებს ათავისუფლებენ. ეს ქიმიკატები პიროგენებია, რომლებიც ჰიპოკამპუსში ტემპერატურისადმი მგრძნობიარე ნეირონებზე მოქმედებენ.

„ამ პროცესით იმუნური სისტემა ტვინს ეუბნება, რომ ტემპერატურის მომატების დროა", - უთხრა დოქტორმა პოლ ო'რურკმა Live Science-ს.

შედეგად, ნეირონები ათავისუფლებენ ჰორმონის მსგავს ნივთიერებებს, სახელწოდებით პროსტაგლანდინები (PGE2). ასე ორგანიზმში მატულობს ტემპერატურა.

„როგორც წესი, ჩვენ ვსაუბრობთ ცხელებაზე მაშინ, როდესაც ტემპერატურა 38 გრადუსს სცდება", - თქვა ო'რურკმა.

ჰიპოთალამუსს სხეულის ტემპერატურის აწევა რამდენიმე გზით შეუძლია. მაგალითად, ის იწვევს სისხლძარღვების შეკუმშვას. ის ასევე იწვევს კანკალს, რაც კიდევ უფრო მეტი სითბოს წარმოქმნას უწყობს ხელს.

ეს ფიზიოლოგიური პროცესები პირველ ხაზს ქმნის, რომელმაც ინფექციისგან უნდა დაგვიცვას. ამის მთავარი მიზანია ინფექციის კონტროლი და მისი გავრცელების შეჩერება.

პარადოქსულია, მაგრამ ასეთ დროს გვცივა - მიუხედავად იმისა, რომ სხეულის ტემპერატურა იზრდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ჰიპოთალამუსმა დროებით გაზარდა სხეულის შიდა ტემპერატურა. როდესაც სხეული ამ ახალ მდგომარეობას აღწევს, ასეთ დროს სიცივეს უფრო ვგრძნობთ.

და მაინც, რატომ სჭირდება სხეულს ზედმეტი სითბო?

ერთ-ერთი მიზეზი ბაქტერიებისა და ვირუსების გამრავლებისთვის ხელის შეშლაა. ამით ჩვენს უჯრედებს შემოჭრილი „მტრისგან" ვიცავთ. სხეულის მაღალ ტემპერატურას იმუნური სისტემის უკეთეს "მებრძოლ მანქანად" გადაქცევა შეუძლია. მაგალითად, როდესაც ჩვენი სხეულის ტემპერატურა იმატებს, უჯრედები წარმოქმნიან ე.წ. შოკის ცილებს (HSP), რომლებიც ააქტიურებენ იმუნურ გზებს ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად. HSP-ები ჩვეულებრივ რეგულირდება უჯრედების მიერ ანთების დროს, რადგან სხეული ცდილობს დაიცვას თავი უცხო დამპყრობლებისგან.

აღსანიშნავია, რომ ცხელების დროს თქვენი სხეულის ტემპერატურის ზრდა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. სხეულის ტემპერატურის 1-გრადუსით მატებისას თქვენ 10%-ით მეტ ენერგიას ხარჯავთ, ვიდრე ჩვეულებრივ გამოიყენებდით.

თუმცა, მთლიანობაში ეს ყველაფერი სხეულისთვის თავდაცვის საშუალებაა, რომელიც ზოგჯერ შემაწუხებელ და სახიფათო ფორმებსაც იღებს.

ასევე ნახეთ:

„პატრიარქის მომავალ სამყოფელში ოდნავ ბჟუტავდა სინათლე. კართან მოხუცი მონაზონი შეეგება... დეკემბრის ბოლო იყო, გარეთაც ციოდა და შიგნითაც...“ - უწმინდესის აღსაყდრების დღე

„ყველას გვაპატიე, რომ შენს გულს ვერავინ გაუფრთხილდა”– ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან