პატრონისგან ნათქვამი "მიყვარხარ" ძაღლის გულისცემას 46%-ით აჩქარებს - კვლევა

ძაღლი

ძაღლებს თავიანთ პატრონებთან განსაკუთრებული კავშირი რომ აქვთ, ამას ყოველგვარი კვლევის გარეშე გეტყვით ნებისმიერი, ვისაც ოდესმე ოთხფეხა მეგობარი ჰყოლია. თუმცა ახალი კვლევის დახმარებით, ამ ემოციური კავშირის რიცხვებში გაზომვაც კი გახდა შესაძლებელი. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

Canine Cottages-ის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის ფარგლებში, 4 ძაღლის გულისცემას ერთი კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ. კვლევამ აჩვენა, რომ ცხოველების საშუალო პულსი 67 bpm (დარტყმა წუთში) გახლდათ. მაგრამ როცა ძაღლებს მათი პატრონები ეუბნებოდნენ სიტყვებს, "მე შენ მიყვარხარ", მათი გულისცემა მთელი 46%-ით იზრდებოდა და 98 bpm-ამდე ადიოდა.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ერთი რამ, რაც ძაღლებს გულისცემას უმშვიდებს, მოფერებაა: როცა პატრონები მათ ეფერებოდნენ, პულსმა საშუალოდ 23%-ით დაიწია.

მკვლევრებმა პატრონების გულისცემაც გაზომეს და ნახეს, რომ მას შემდეგ, რაც ისინი თავიანთ ძაღლებს მცირეხნიანი განშორების შემდეგ ხედავდნენ, მათი პულსი საშუალოდ 10%-ით იმატებდა.