1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
სოფელ ყიზილაჯლოში, გასულ წლის ოქტომბერში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ორი ფიგურანტი ჩეხეთში, ორი კი საქართველოშია დაკავებული. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, პრაღის წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებს, ექსტრადიციისთვის ამზადებენ. ფოლად ომაროვს და ზაალატ მამედოვს, ქართველი სამართალდამცველები ყიზილაჯლოს ცენტრში, 52 წლის არიფ აზიზოვის მკვლელობის მომზადებას ედავებიან. "კურიერმა", დღეს მარნეულში დაგეგმილი კრიმინალური ანგარიშსწორების ახალი დეტალები ექსკლუზიურად გაარკვია.
არიფ აზიზოვი, რომელსაც შარშან ჩაიხანასთან ხუთი ტყვია ესროლეს, სიკვდილს გადაურჩა, თავდასხმის შემსრულებლების დაკავება კი, ქართველმა სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე, რამდენიმე საათში მოახერხეს. მარნეულში მცხოვრები ჰაფიზ იბრაჰიმოვი თავდასხმის შემდეგ, სავარაუდოდ მიმალვას ცდილობდა, თუმცა პოლიციამ მას ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა არ მისცა და ბათუმისკენ მიმავალ გზაზე, ხელბორკილები დაადო. "კურიერმა" დღეს, ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებაც მოიპოვა.
ქართველი სამართალდამცველების მიერ 2 დაკავებულს შორის, ერთ-ერთი ფოლად ომაროვის ახლო ნათესავი ინტიზარ ნავრუზოვია, რომელსაც მარნეულში “ინტოს“ მეტსახელით იცნობენ. გამოძიების ინფორმაციით, ის პირადად იყო ჩართული დანაშაულის დაგეგმვასა და იარაღის მოძიებაში. "კურიერმა" საქმის მასალებიდან მისი ჩვენებაც მოიპოვა.
ყიზილაჯლოში მცხოვრები არიფ აზიზოვი ,კრიმინალურმა ავტორიტეტებმა მიზანში ამ ვიდეოს შემდეგ ამოიღეს, რადგან აზიზოვი ღიად დაუპირისპირდა ქურდულ სამყაროს. მის მიმართ, შეიარაღებული თავდასხმის ყველა ფიგურანტი, ახლა გისოსებს მიღმა იმყოფება. ქართველი სამართალდამცველების მიერ დაკავებულთა საქმის არსებითი განხილვა, ახლა სასამართლოში მიმდინარეობს.
ჩეხეთში დაკავებული კრიმინალური ავტორიტეტებიდან ერთს, ზაალატ მამედოვს, თბილისში უახლოეს დღეებში ჩამოიყვანენ, ფოლად ომაროვს კი, სავარაუდოდ ოფიციალური პრაღა შეერთებულ შტატებს გადასცემს, სადაც მას ირანელი ჟურნალისტის და დისიდენტის, მასიჰ ალინეჯადის მკვლელობის მომზადებას ედავებიან.
საქართველოში მიმდინარე გამოძიების პროცესში პოლიციამ არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, დანაშაულის იარაღი ამოიღო. არიფ აზიზოვზე თავდასხმისთვის დაკავებულებს 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ