ნახეთ მზის ზედაპირის ახალი ფოტოები, სადაც წარმოუდგენელი დეტალები ჩანს

მზის ზედაპირის დეტალები

დედამიწაზე არსებულმა მზის ყველაზე დიდმა და ძლიერმა ტელესკოპმა მზის ზედაპირის ახალი, გასაოცარი ხედები გადაიღო.

სურათების ახალ სერიაში, ინოუეს მზის ტელესკოპი გვიჩვენებს მზის ლაქების რეგიონების რთულ დეტალებს, მოძრავ კონვექციურ უჯრედებს და მზის ატმოსფეროში პლაზმის მოძრაობას, თანაც დაახლოებით 20-კილომეტრიანი რეზოლუციით.

ამ მასშტაბზე, პლაზმის სტრუქტურები ნახატზე გასმულ ფუნჯს წააგავს. მანძილების კონტექსტში, მზის ერთი კონვექციური უჯრედი არც ისე დიდია, აქვს დაახლოებით ტეხასის შტატის ზომა.

თუმცა, ინოუეს ახალი სურათების მიზანი სულაც არ არის, რომ თავი პატარად და უმნიშვნელოდ გაგრძნობინოთ, ისინი უბრალოდ იმის ერთგვარი წინასწარგანჭვრეტაა, თუ როგორი იქნება მომავალში მეცნიერება. მზის ზედაპირის დახვეწილ დეტალებში ანალიზი მკვლევრებს იქ მიმდინარე პროცესების გარკვევაში ეხმარება.

მზის ლაქები ხშირად ჩვენს პლანეტაზე დიდია, როგორც წესი, ძალიან ხანმოკლედ არსებობს და მათში მაგნიტური ველები უჩვეულოდ ძლიერია და შედარებით დაბალი ტემპერატურის გამო, მიმდებარე რეგიონებზე უფრო მუქად ჩანს. ამავე დროს, ისინი დაკავშირებულია მზის უფრო მძლავრ ამოფრქვევებთან: როდესაც მზის მაგნიტური ველის ხაზები ერთმანეთში იხლართება, წყდება და ხელახლა ერთდება, ფეთქებადი სახით გამოყოფენ წარმოუდგენელი ოდენობის ენერგიას კორონული მასის ამოფრქვევებისა და მზის ანთებების სახით.

მზის ლაქების აქტივობა კონტრასტული არ არის. დაკავშირებულია დაახლოებით 11-წლიან ციკლთან, რომლის დროსაც, ლაქებისა და ანთებების აქტივობა პიკს აღწევს მზის მაქსიმუმისას და თითქმის ნულამდე დადის მზის მინიმუმისას. მზის მაქსიმუმის დროს, მზის პოლუსები ადგილებს ცვლიან; ამჟამად სწორედ მზის მაქსიმუმისკენ მიმავალ გზაზე ვიმყოფებით, რომელიც 2025 წელს დადგება; ამის შემდეგ, მზის აქტივობა კვლავ კლებას დაიწყებს.

ინოუეს ტელესკოპს ამ მიმართულებით უკვე აქვს შედეგები. წლის დასაწყისში, მეცნიერებმა აღწერეს ისტორიაში პირველი დაკვირვებები მზის ლაქაში მზის ატმოსფერულ ტალღებზე.

„ინოუეს ტელესკოპის მსგავსი სხვა მოწყობილობა უბრალოდ არ გვაქვს. ის თამაშის წესებს შეცვლის“, — ამბობს ჰავაიზე განთავსებული ამ ტელესკოპის დირექტორი თომას რიმელი.

სრული რეზოლუციის ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ და ჩამოტვირთოთ აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდზე.

მომზადებულია nso.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა.