ჯანსაღ კვებაზე გადასვლით, შესაძლოა, 10 წლით მეტხანს იცოცხლოთ - კვლევა

კვება

მეცნიერებმა დიდ ბრიტანეთში მცხოვრები თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს, რათა ჯანსაღ კვებაზე გადასვლის შედეგები გაეანალიზებინათ, განსაკუთრებით ხანგრძლივ პერსპექტივაში. მათ ეს ინდივიდები კვებითი ჩვევების მიხედვით დააჯგუფეს და დააკვირდნენ, როგორ იცვლებოდა თითოეული მათგანის რაციონი დროთა განმავლობაში. 

მათ შორის იყვნენ არაჯანსაღი, საშუალოდ ჯანსაღი და Eatwell Guide-ის შესაბამისი რაციონის მქონე ადამიანები. ასევე, ისინი, ვის დიეტასაც მეცნიერები დღეგრძელობასთან აკავშირებენ. გაითვალისწინეს სხვა ფაქტორებიც, როგორიცაა მწეველობა, ფიზიკური აქტიურობა და ალკოჰოლის მიღება.

შედეგად, დაასკვნეს, რომ 40 წლის ასაკის ქალებსა და კაცებს, რომლებმაც არაჯანსაღი კვებიდან Eatwell Guide-ის რეკომენდებულ რაციონზე გადაინაცვლეს და მას ბოლომდე მიჰყვნენ, სიცოცხლე თითქმის 9 წლით გაუხანგრძლივდათ. მათ, ვინც უარი თქვა შაქრიან სასმელებსა და გადამუშავებულ ხორცზე, სამაგიეროდ კი რაციონი მთლიანი მარცვლეულით, თხილეულით, ხილით, ბოსტნეულითა და საშუალო ოდენობის თევზით გაამდიდრა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაზე 10 წელი შეემატათ.

ამ ნიშნულის შედარებით მცირე ზრდა გამოვლინდა იმ ინდივიდებში, რომლებსაც საშუალოდ ჯანსაღი დიეტა ჰქონდათ ან მავნე კვებითი ჩვევები გვიან გამოასწორეს. ეს ნიშნავს, რომ ცვლილებები შედეგების პირდაპირპროპორციულია, მაგრამ რაციონის გაჯანსაღებით სიცოცხლის გახანგრძლივება ხნიერ ასაკში დაახლოებით 4-5 წლით მაინც შეგვიძლია. სპეციალისტები ამბობენ, რომ გვიანი არასდროსაა.

როგორც ვახსენეთ, ეს კვლევა დიდი ბრიტანეთის ბიობანკის მონაცემებზეა დაფუძნებული, ამიტომ ყველა პოპულაციაზე ერთნაირად ვერ გავრცელდება. მაგალითად, მასში არაა გათვალისწინებული დიდი ოდენობით ბრინჯის მიღება, რომელიც აზიაში პოპულარული პროდუქტია. ეს შედეგები უფრო თეთრკანიან ევროპელ მოსახლეობას ეხება, რომელიც საშუალო ან მაღალ სოციო-ეკონომიკურ ფენას მიეკუთვნება.

ავტორები, ასევე, აღნიშნავენ, რომ ზოგ შემთხვევაში მხოლოდ რაციონის ცვლილების მოტივაცია საკმარისი არაა, რადგან ფინანსური ხელმისაწვდომობაც მნიშვნელოვანია, რაც სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს.

ასევე ნახეთ:

ამინდი მკვეთრად იცვლება - 112 მოსახლეობას აფრთხილებს

დღეს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი