იხევს თუ არა უკან რუსეთი - „რუსეთმა იცის, რა პრობლემებს შეუქმნის დასავლეთი, უკრაინასთან ომის დაწყების შემთხვევაში“

რუსეთ-უკრაინა

საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება კვლავ უკრაინა-რუსეთის მწვავე კონფლიქტზეა გამახვილებული. დასახლებული იყო თარიღი - 15-16 თებერვალი, როცა რუსეთს უკრაინაზე სამხედრო იერიში უნდა მიეტანა. გაჭრა თუ არა საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლამ და თქვა თუ არა უარი რუსეთმა მზაკვრულ განზრახვაზე?  

როგორც  პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე „პრაიმტაიმთან“  აცხადებს, რუსეთს, შესაძლოა, უკრაინასთან ომის დაწყების სურვილი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა ახლა საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის გათვალისწინებით, ამ ნაბიჯის გადადგმისგან თავს შეიკავებს.

„რუსეთს უკრაინასთან ომზე უარი ჯერ საჯაროდ არ უთქვამს. უკრაინაში ჯარი ადგილზე რჩება. ვხედავთ, რომ  სიტუაცია არ განმუხტულა. რუსეთის განცხადებებს კი ვერ ვენდობით, რადგან ეს ქვეყანა სიმართლეს ხშირად არ ლაპარაკობს. რუსეთის, შესაძლოა, უნდოდა, მაგრამ ახლა მისთვის ფართომასშტაბიანი ომის დაწყება მისაღები არ უნდა იყოს.

რუსეთი დასავლეთის მხრიდან ასეთ ერთსულოვან დამოკიდებულებას არ ელოდა და კარგად იცის, რა პრობლემებს შეუქმნის დასავლეთი, უკრაინასთან ომის დაწყების შემთხვევაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რუსეთი ომის დაწყებისგან თავს შეიკავებს“, - განაცხადა ძაბირაძემ.

პოლიტიკის ექსპერტის გია ხუხაშვილი „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის რისკი კვლავ არსებობს. 

„ეს ისტორია დასრულებული ნამდვილად არ არის. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პოზიციური გადაადგილება იყო, ჯერჯერობით, ფინალში არ გავსულვართ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის რისკი ჯერ კიდევ მაღალია. რაც შეეხება თარიღებს, ეს თარიღები სახელდება პრევენციისთვის, რომ რაღაც აგორდეს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა ხდება კულისებში, რის შესახებ მწირი ინფორმაცია  გვაქვს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთი-უკრაინა ომის ზღვარზეა. უცხოური გამოცემები პირდაპირ წერენ, რომ რიგი გაფრთხილების მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო.

რა ხდება უკრაინასა და რუსეთს შორის?

2021 წლის ბოლოდან უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარები მობილიზდნენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ნოემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ მის საზღვართან, დაახლოებით, 90 000 რუსი ჯარისკაცი გადაისროლეს.

საერთაშორისო თანამეგობრობა ხედავს რისკებს, რომ ეს ფაქტი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრის მზადებაზე მიუთითებდეს, რასაც რუსეთში უარყოფენ. 14 იანვარს CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა წინასწარ მოამზადა ოპერატიული დაჯგუფება აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩასატარებლად, რათა შეჭრის საბაბი შექმნას. გამოცემა ამბობს, რომ ეს ინფორმაცია აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიაწოდა. CNN-ის ცნობით, ამერიკას აქვს მტკიცებულებები, რომ დაჯგუფების წევრებს შესწავლილი აქვთ საომარი მოქმედებების წარმოება ქალაქის პირობებში, ასევე, ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენება საბოტაჟისთვის.

მანამდე, 6 დეკემბერს The Washington Post-მა აშშ-ის დაზვერვის სამსახურიდან მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთი უკრაინაზე მასობრივ თავდასხმას 175 000 სამხედროს მონაწილეობით გეგმავს. ამ ცნობების თანახმად, კრემლს ფართომასშტაბიანი შეტევა 2021 წლის დასაწყისისთვის სურს.

2 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის წინ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა კრემლი გააფრთხილა, უარი თქვას უკრაინის დესტაბილიზაციის მცდელობებზე და განაცხადა, რომ რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ქმედება კრემლისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება. მისივე თქმით, არ იცის მიიღო თუ არა პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება.

7 დეკემბერს, პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთს ძლიერი ეკონომიკური ზომებით უპასუხებენ. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინს დიპლომატიასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა.