ვნების კვირა - იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონება - მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი დღეები

ვნების კვირა - იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონება 

ქრისტიანულ რელიგიაში დიდმარხვის ბოლო, აღდგომის წინა კვირას - ვნების კვირა ჰქვია. განსაკუთრებით მძიმე, აღდგომის წინა დღეებია.

ვნების კვირაში მარხვა, ნაღვლიან განწყობილებას და წუხილს ქმნის, იმ წამების გამო, რაც იესომ ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად გადაიტანა. 

ეს კვირა (უფრო სწორად, 6 დღე) იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას ეძღვნება. ქრისტიანებმა მთელი ეს პერიოდი, მარხვასა და ლოცვაში უნდა გაატარონ.

ეს გლოვის დღეებია და ღვთისმსახურებისას ტაძარში სამგლოვიარო, შავი სამოსი აცვიათ.

ვნების კვირა შედგება შემდეგი დღეებისგან: დიდი ორშაბათი, დიდი სამშაბათი, დიდი ოთხშაბათი, დიდი ხუთშაბათი, დიდი პარასკევი, დიდი შაბათი - ვნება უკავშირდება ქრისტეს ტანჯვას, ვნებებს.  

მოსაგონებელი მოვლენების უდიდესი მნიშვნელობის გამო, ვნების კვირის ყოველ დღეს, დიდს ვუწოდებთ.

ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი იესო ქრისტეს მოწაფეებსა და ხალხთან უკანასკნელი საუბრების გახსენებას ეძღვნება.

ამ დღეებში მსხვერპლშეწირვა არ ხდება და აღევლინება მხოლოდ, პირველ შეწირულ ძღვენთა ლიტურგია, რომელთა დროსაც სახარება, სრულად იკითხება.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ბოლო შვიდეული, მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი დღეების გახსენებას ეძღვნება:

საიდუმლო სერობას, მის გაცემას, პილატეს სამსჯავროს, ჯვარზე ვნებას, სიკვდილსა და საფლავად დადებას, რის გამოც ეს შვიდეული ვნების შვიდეულად იწოდება.

ამ შვიდეულის ყოველ დღეს, წმინდა ეკლესია, განსაკუთრებული მსახურებების აღსრულებით ცდილობს მოამზადოს მლოცველები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის სათანადოდ შესახვედრად, რათა თითოეული მორწმუნე უფლის დიდების, (ამ დღესასწაულით გამოწვეული) განუზომელი სიხარულის, ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების თანაზიარი გახდეს.

ვნების შვიდეულის პირველ სამ დღეს (ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს) ოთხივე სახარება იკითხება ღვთისმსახურებისას, რათა თითოეული განიმსჭვალოს სახარებისეული სიბრძნით, რაც გახლავთ კიდეც ერთ-ერთი უცილობელი პირობა სულიერი გამოღვიძებისა, ფერისცვალების დაწყებისა, ადამიანთა განღმრთობისა. ამ დღეებში პირველშეწირულის ლიტურგია აღესრულება მორწმუნეთა ზიარებისათვის.

ამ კვირაშიც, გარდა ხუთშაბათისა, პირველი კვირის მსგავსად, მკაცრად ვმარხულობთ.

ვნების კვირეული: ორშაბათი - უნაყოფო ლეღვის ხის გახმობა, სამშაბათი - იგავი ათ ქალწულზე,ოთხშაბათი - მაცხოვრის გაცემა, ხუთშაბათი - საიდუმლო სერობა, პარასკევი - ჯვარცმა, შაბათი - მართალთა აღყვანება, კვირა - აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.

დღეს დიდი სამშაბათია - დიდი სამშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იგავს ათი ქალწულისა და ტალანტების შესახებ და გრძელდება მათეს სახარების ორშაბათს დაწყებული საკითხავი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ.

ამით წმინდა ეკლესია კიდევ ერთხელ და საგანგებოდ მოუწოდებს მორწმუნეებს სულიერი სიფხიზლისკენ, ჩვენთვის ბოძებული ნიჭისა და ძალების მართებული გამოყენებისკენ, განსაკუთრებით კი – მოწყალებისკენ, რასაც უფალი პირადად მის წინაშე ჩადენილ ღვაწლად გვითვლის; როცა გვეუბნება: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიჰყავთ“ (მთ. 25,40).

ვნების შვიდეულის ოთხშაბათიდან, პირველშეწირულის ლიტურგიის შემდეგ, წყდება მუხლმოდრეკა და დიდი მეტანიები. აღარ იკითხება ასევე ეფრემ ასურის ლოცვა „უფალო და მეუფეო…“ და ფსალმუნთა კანონები. ფსალმუნების კითხვა განახლდება თომას კვირის მწუხრიდან.

ვნების შვიდეულში იკითხება: დილა - საღამოს ლოცვები, ფსალმუნები, სახარება შაბათ დილის ჩათვლით,ხოლო ოთხშაბათს დილას წყდება კითხვა ეფრემ ასურის.

მუხლმოდრეკა და მეტანიები სრულდება შაბათს დილის ჩათვლით. შაბათს საღამოს და კვირას დილას მუხლმოდრეკა არ აღესრულება, ვინაიდან კვირა სწორია აღდგომისა.

დიდმარხვა წელს 7 მარტს დაიწყო და 24 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.