თუმანიშვილის თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს - "მან ხმათა უმრალესობით მომიგო"

zura da ivane

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი ივანე ხუციშვილი დაინიშნა. ის გიორგი სიხარულიძეს შეცვლის.

„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი მოცემულ პოზიციას ოთხი წლის ვადით დაიკავებს. ამის შესახებ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა - ვკითხულობთ სამინისტროს ვებგვერდზე.

ივანე ხუციშვილს სხვადასხვა წლებში დადგმული აქვს სპექტაკლები ოზურგეთის ა. წუწუნავას სახელობის თეატრში, მესხეთის თეატრში, „სილქ-ფაქტორი სტუდიოს“ აბრეშუმის თეატრში, თავისუფალ თეატრში, მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, სამეფო უბნის თეატრში და სხვა. რეჟისორის მიერ დადგმულ სპექტაკლებს შორის არის: „ქეთო და კოტე“, „სამს პლუს სამი“, „ხედი სასტუმრო საქართველოდან“, „რა დროს შექსპირია“, „მაკბეტი“ და სხვა.

მის მიერ შესრულებული როლებია: პირველი მოწაფე, სპექტაკლში „სერობა“ (მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი, რეჟისორი ქ. დოლიძე), ლექსო, სპექტაკლში „ბამბაზიის სამოთხე“ (ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რეჟისორი გ. სიხარულიძე), გაგა, სპექტაკლში „ხვალ შობაა“ (ცვლილებების თეატრი და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი, რეჟისორი. გ. სიხარულიძე) და სხვა. ივანე ხუციშვილს 2015 წელს მიღებული აქვს „საუკეთესო რეჟისურის“ ჯილდო სპექტაკლისთვის „რა დროს შექსპირია“, 2014 წელს - სპექტაკლისთვის „მაკბეტი“ გადაეცა ჯილდოები „საუკეთესო რეჟისურა“ და „საუკეთესო სპექტაკლი“, ხოლო 2011-2013 წლებში – „საუკეთესო სპექტაკლის“ ჯილდო სპექტაკლისთვის „საძაღლე“. 

ხუციშვილის ერთადერთი კონკურენტი ზურა გეწაძე გახლდათ. სარეკომენდაციო საბჭოში კენჭი ეყარა ორივე კანდიდატურას და ხმათა საკმარისი რაოდენობა ივანე ხუციშვილმა მიიღო. 

ზურა გეწაძე 2013 წლიდან მოყოლებული დღემდე თეატრის დირექტორი გახლავთ. ის ამბობს, რომ ჯერჯერობით არ იცის გაგრძელდება თუ არა მისი თუმანიშვილის თეატრთან თანამშრომლობა. 

ზურა გეწაძე: - სამინისტროსგან ახლახან მოვიდა ბრძანება ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ.

ჯერ მისი არც წარდგინება და არც დასის შეკრება არ ყოფილა. 

მე და ივანე ხუციშვილი კონკურენტები ვიყავით.  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე განცხადება მეც მქონდა შეტანილი. მან ხმათა უმრავლესობით მომიგო.

ჯერ ვერ გეტყვით, გავაგრძელებ თუ არა თეატრთან თანამშრომლობას. ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. 

- და სურვილი გაქვთ?

- არ ვიცი. ვნახოთ. არ მაქვს პასუხები. ჯერჯერობით, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვარ, სანამ ახალი დირექტორი დაინიშნება. ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა უნდა წარადგინოს დირექტორის კანდიდატურა კულტურის სამინისტროში და შემდეგ მინისტრმა უნდა დანიშნოს დირექტორი.