ცნობილია რეჟისორის ვინაობა, ვინც დავით აღმაშენებელზე ფილმს გადაიღებს

DAVIT AGMASHENEBELI

დავით აღმაშენებლის შესახებ მხატვრული ფილმის გადაღების თემა წინ მიიწევს. როგორც იქნა, საამაყო მეფეზე მხატვრული ფილმი გვექნება. 

17 მარტს საკონკურსო კომისიის მიერ შეირჩა რეჟისორი, რომელიც ამ მნიშვნელოვან მისიას თავზე აიღებს.

და ჩვენს დიდსა და უძლეველ მეფეზე ფილმს ლევან კოღუაშვილი გადაიღებს. 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, 2021 წლის 12 აგვისტოს, დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების 900 წლისთავთან დაკავშირებით, დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღების მიზნით, გამოცხადდა კონკურსი. კონკურსის მეორე ეტაპზე გასულმა სამმა კონკურსანტმა, წარადგინა დეტალური სცენარი დიალოგების გარეშე (ე.წ. თრითმენტი) და ფილმის მხატვართან ერთად შექმნილი ფილმის ვიზუალური პრეზენტაცია.

პროექტის სახელწოდებაა „დავით აღმაშენებელი“ (სამეფო გზა), განმახორციელებელი - შპს „კინო იბერიკა გახლავთ.

ლევან კოღუაშვილთან ერთად სცენარის თანაავტორია ბორის ფრუმინი. პროექტში ჩართულნი არიან კონსულტანტები, ისტორიკოსები ზაზა აბაშიძე, მამუკა წურწუმია და ეკა კვაჭანტირაძე, ფოტოგრაფები - გიორგი მაღრაძე და დიმიტრი გომბერგი, მხატვრების ჯგუფი: დამდგმელი მხატვარი - კოტე ჯაფარიძე, კოსტიუმები - ნინო ჩუბინიშვილი, რეკვიზიტი - ვალო იმერლიშვილი, კინოოპერატორი - ფედონ პაპამიქაელი.

საკონკურსო კომისიის წევრები, რომელთაც კონკურსის სხვადასხვა ეტაპზე პროექტები შეაფასეს და გადაწყვეტილება მიიღეს, არიან: კომისიის თავმჯდომარე - კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი; მწერალი და დრამატურგი ლაშა (ირაკლი) სამსონაძე; ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე; რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია; მწერალი კონსტანტინე ჯანდიერი; კინორეჟისორი რუსუდან გლურჯიძე; ისტორიკოსი ჯაბა სამუშია.


მერაბ კოკოჩაშვილი და ლევან კოღუაშვილი

როგორც მერაბ კოკოჩაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, ეს ურთულესი ფილმი უნდა იყოს სამ საათიანი და იმედოვნებს, რომ კოღუაშვილი ამ მისიას თავს კარგად გაართმევს.

მერაბ კოკოჩაშვილი: ჯერ ბევრი რამის თქმა ნაადრევი და არასწორია. სცენარი არ არსებობს. 

ლევანის თრითმენტი მეცნიერულად საინტერესოდ არის ჩამოყალიბებული. ვფიქრობ, რომ სადღაც სამ საათიანი ფილმი უნდა გამოვიდეს. ეს არის რთული ეპოქა და სერიოზულად მუშაობა სჭირდება.

დავით აღმაშენებლის ცხოვრება, პორტრეტი, განცდები, ფიქრები, ქმედებები, ურთიერთობები, სიკეთე, მეორეს მხრივ ძალადობა, ქრისტიანობა, ეს ყველაფერი უნდა დაიხატოს, რაც საბოლოო ჯამში, საერთო სურათს დახატავს. მან ამ ყველაფრით ძლიერი, ეროვნული პრინციპების ქვეყანა შექმნა. 

მჯერა, რომ ლევანი და მისი ჯგუფი ამ რთულ პროექტს ბოლომდე ღირსეულად მიიყვანს. მისი მასალები ყველაზე საინტერესოდ გვეჩვენა.

ვინაიდან რთული სამუშაოა, ჯგუფს სცენარის დასაწერად სამი თვე მივეცით. 

კომისიის წევრები ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ამ ურთულეს თემაზე გადაღებული ფილმი, ყველას დაანახვებს საქართველოს ისტორიას, ქართველი ხალხის პრინციპებს, კულტურას, ინტერესებს, მიმართებას აღმოსავლეთისკენ, თუ დასავლეთისკენ და ა.შ.

უზარმაზარი მასალაა, სადაც უდიდესი ადგილი სწორედ სამხედრო ხელოვნების ოსტატობას ეძღვნება. ამის გარეშე, დავით აღმაშენებელი, ისევე როგორც რელიგიური, კულტურული, თუ ადამიანური პრინციპების გატარების გარეშე, ვერ გაიმარჯვებდა.