გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
მერაბ კოკოჩაშვილი 87 წლის გახდა. რეჟისორი თავს მხნედ გრძნობს.
კვირაში სამჯერ აუზზე დადის და როგორც ამბობს, ცურვა წამალივით უხდება.
უკვე ორი წელია ფილმს იღებს. პანდემიამ და უფინანსობამ დააბრკოლა, თუმცა ამას მიჩვეულია.
მერაბ კოკოჩაშვილი: - მშვენიერი განწყობა მაქვს, თუმცა არის გარემოებები, რაც გაფიქრებს. ბევრია უსიამოვნება, ახლობლების დაკარგვა... მიმდინარე ომი... ყველაფერი ერთად.
ძალიან კარგია, როცა რაც გაწუხებს და გაფიქრებს, ხელოვნებაში იმის კეთების საშუალება გაქვს. გაბედნიერებს ის, რომ ახლობლები კარგად არიან, ქვეყანაში მშვიდობაა.
ამ ასაკს ვგრძნობ-მეთქი რომ გითხრათ, მოგატყუებთ. მინდა ისევ ძველებურად გადავიღო ფილმი. ვერც ფიზიკურად ვგრძნობ 87 წელს. ყველაფერი ერთად კი მაფიქრებს.
დედა 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, მამა რეპრესირებული იყო და ადრე გამოასალმეს სიცოცხლეს. ნათესავები დიდხანს ცოცხლობენ და ეს ბედნიერებაა. როგორც ჩანს, სულიერად და ფიზიკურად ჯანმრთელები არიან.
- თქვენ ფიზიკურად რით უწყობთ ხელს ჯანმრთელობას?
- დილაობით ვცურავ. მე ბევრი სხვადასხვა ავადმყოფობა გადავიტანე. ინსულტიც, ინფარქტიც, სიმსივნეც... ვხედავ, რომ ცურვა, როგორც წამალი, ისეა ჩემთვის. კვირაში სამჯერ დილაობით ვცურაობ. ეს მე ძალიან მშველის.
ფიზიკური აქტიურობა რომ არ ყოფილიყო, ძალიან გამიჭირდებოდა ჩემს საქმეში ყოფნა. კინო დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ტურიზმი და ალპინიზმი ჩემთვის ძალიან ახლო გატაცებაა ბავშვობიდან.
დალაშქრული მაქვს მყინვარწვერი, ყურო, სვანეთის რამდენიმე მწვერვალი. პამირზე მწვერვალებზე არ ავსულვარ, გადაღებებზე ვიყავი, თუმცა მის პიკებზე ნამყოფი ვარ.
უკვე ორი წელია რეჟისორი ფილმს აკა მორჩილაძის "ტერცო მონდოს" მიხედვით იღებს. პანდემიის დროს აღებული ტაიმაუტი შარშან, მარტში გაწყვიტა და ფილმის გადაღება გააგრძელა.
ფილმში მთავარ როლებს ლევან წულაძე (ჭოლა), დუტა სხირტლაძე და ქეთა შათირიშვილი ასრულებენ. რეჟისორს ფილმში სათამაშოდ მოწვეული ჰყავდა, ცნობილი ფრანგი მსახიობი, ჟერარ დეპარდიე და ამერიკელი რეჟისორი და პროდიუსერი, ბრაიან დე პალმა. თუმცა როგორც ახლა ჩვენთან საუბარში ამბობს, მათთვის გამოყოფილი ფული, პანდემიამ შეიწირა და ხელახლა უწევთ ფულის მოძიება.
მერაბ კოკოჩაშვილი: - როგორც ჩანს, ახლა გამოგვიყოფენ ფულს, ველოდებით და გავაგრძელებთ მუშაობას. გერმანიაშიც მაქვს რაღაც ეპიზოდი გადასაღები. იქ გერმანელი მწერლების ხაზის გადაღებას ვგეგმავ. მერე უკვე ფოსთფროდაქშენზე გადავალ.
თანხა, რომელიც გამოყოფილი იყო გერმანელი მწერლების როლების შემსრულებელთათვის (დე პალმა და დეპარდიე), ჩვენ სამწუხაროდ, დავკარგეთ, ვინაიდან კორონავირუსმა მათთან კონტაქტი დაგვაკარგვინა. დეპარდიე და დე პალმა თამაშზე თანახმა არიან, მაგრამ ჯერ ჩვენ თანხა არ გაქვს. ისინი ძალიან ძვირადღირებულნი არიან. შეიძლება უფრო ნაკლებ ბიუჯეტიანი მსახიობები შეირჩეს. ვნახოთ.
სიმართლე გითხრათ, მე შეჩვეული ვარ ფილმის გაჭიანურებას. ბევრი ჩემი ფილმი ასეა გადაღებული. მაგალითად, "ნუცას სკოლას" გადაღება, ოთხი წლით ადრე დავიწყე და უფულობის გამო, 2000 წელს დავამთავრე. შეჩვეული არ ვარ, უმძიმესია, მაგრამ ვიცი, რომ ხანდახან ასე ხდება.
და ბოლოს ომზე
"ვინც ეს ომი წამოიწყო, ის პოლიტიკოსი არ არის. ამის გაკეთება 21-ე საუკუნეში სრულიად დაუშვებელი და შეუძლებელია. პუტინი და მისი გარემოცვა დასასჯელია.
ხალხი, რომელიც თავისი დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, უდიდესი პატივისცემის და სიყვარულის ღირსია. უკრაინელები ვაჟკაცი ხალხია.
უკრაინა და კიევი ერთ-ერთი პირველი სლავური სამყაროა. კიევის რუსეთი ჩამოყალიბდა, როგორც დამოუკიდებელი. და ბუნებრივია, რომ ამ ერს სრული უფლება აქვს, მოიქცეს ისე, როგორც დღეს იქცევა, იბრძოლოს, ისე როგორც, შეუძლია.
ყოჩაღ და მადლობა უკრაინელებს, რომ დღეს მთელი ცივილიზუბული მსოფლიოს საქმეს აკეთებენ!
მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელ დღეს სწორედ მათ უნდა გაიმარჯვონ.
რაც შეეხება საქართველოს, ყველაფერს აკეთებს, რაც მის ძალაშია. გიჟივით არ უნდა მოიქცე და რაც შეგიძლია, იმის მაქსიმალური უნდა გააკეთო. და არა ის, რაც არ შეგიძლია, რასაც სხვა, დემოკრატიული და ცივილიზებული ქვეყნებიც არ აკეთებენ. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და მხარს ვუჭერ იმ ნაბიჯებს, რომელსაც საქართველო გადადგამს" - ამბობს მერაბ კოკოჩაშვილი "პრაიმტაიმთან".