დამცირდება თუ დაინგრევა ოპოზიცია - რას გეგმავენ 25 ნოემბერს
1732297816
ერმალო მაღრაძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გადის. კინორეჟისორი შარშან, 4 ნოემბერს, მეუღლესთან ერთად კორონავირუსით დაინფიცირდა. კლინიკაში ერთი კვირაზე მეტი გაატარა. სამწუხაროდ, მალევე დამძიმდა და 13 ნოემბერს გარდაიცვალა.
ქმარზე უზომოდ შეყვარებული პედაგოგი მანანა ხიდაშელი "პრაიმტაიმთან" თავის ემის იხსენებს.
მანანა ხიდაშელი: - 4 ნოემბერს მოვხდით კლინიკაში. ერმალო ინტენსიურ განყოფილებაში გადაიყვანეს, მე ჩვეულებრივ პალატაში ვიწექი. კლინიკაში სცენარი ჰქონდა წაღებული, ტელეფონების ბლოკნოტებთან და ავტოკალმებთან ერთად. ნეტავ, ვისთან უნდოდა დარეკვა?..
ერთხელ რიხით დამირეკა, მანანა, კარგად ვარო. მერე ნაწყვეტებად საუბრობდა. ბოლოს ცუდად ვარო, მითხრა. აღარაფრის თავი აღარ ჰქონდა. მერე წერილებს ვუგზავნიდი: გთხოვ, არ მიღალატო, ბოლომდე იბრძოლე-მეთქი, ვწერდი. ექთნები აკითხებდნენ. ჯიუტობდა თურმე, გვერდზე არ წვებოდა. აფორიაქებულიაო, ექთნებს მოჰქონდათ ამბავი.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული. ნუ გეშინია, ემი, გადავლახავთ ყველაფერს-მეთქი, ვწერდი. ჩვენ რომ ერთ პალატაში ვყოფილიყავით, ასე მგონია, აუცილებლად გადავარჩენდი. თავს დამნაშავედ ვთვლი. იძულებით ვერ ავცრიდი, მაგრამ როგორც კი ცუდად გახდა, ანტიობიტიკების ნემსები უნდა გამეკეთებინა, ექიმებისთვის არ უნდა დამეჯერებინა. იქნებ გადარჩენილიყო. მე რომ ცოცხალი ვარ, თავს დამნაშავედ ვგრძნობ.
22 წელიწად ნახევარი ვიცხოვრეთ ერთად. მაგრამ მთელი ეს დრო, ისე გავატარეთ, რომ თითქოს გუშინ ვიქორწინეთ. მეგობრები მეხუმრებოდნენ კიდეც, სულ ახალდაქორწინებული როგორ ხართო? სულ ენის მოჩლექით ველაპარაკებოდი - ჩემი ემი... სკოლიდან ექსკურსიაზე რომ წავიდოდი, იქიდან წარამარა ვურეკავდი: ემი, საჭმელი ჭამე? ემი, რამე არ დაგრჩეს ჩართული, დაიძინე-მეთქი და ჩემი გოგოები, მეგობარი კოლეგები იცინოდნენ, ჩვენს ქმრებს ასე რომ დავურეკოთ, გიჟი ვეგონებითო. მე ახალი გათხოვილი ვარ-მეთქი, ვეუბნებდი და ვახალისებდი.
გვქონდა პატარა, მოკრძალებული ქორწილი. ორი მევიოლინე გვყავდა ქორწილში, მათ შორის, ერთი - ჩემი მეჯვარე. მრავალჟამიერის ფონზე რომ შემოვედით. ერმალომ მითხრა, მინდოდა, ხელში ამეყვანე და ისე შემებრძანებინეო. გამხდარი ვიყავი და კაფანდარას მეძახდა. ეს კორონა რომ ჩაივლის და ქორწინების 30 წლისთავი რომ გვექნება, გავაკეთოთ ლხინი და მაშინ აგიყვან ხელშიო.
შვილი არ გვყავდა. მე ობოლი დისშვილი გავზარდე და შვილად გვყავდა ორივეს. ყველაზე მეტად მაშინ მიყვარხარ, დისშვილებზე და ძმისშვილებზე რომ ზრუნავო, მეუბნებოდა. სიკეთის ადამიანი იყო.
უყვარდა სიურპრიზების მოწყობა, ისე სპონტანურად, რომ არავინ იცოდა, კონკრეტულ შემთხვევაში უცებ, როგორ მოიქცეოდა. უცნაურობდა.
"გინდა, ერთი სისულელე გითხრა?" - ამას რომ მეტყობა, ვიცოდი, რომ რაღაც სიურპრიზს მიმზადებდა. ერთხელ ლხინში ვიყავით ახლობელთან და მოწყინდა იქ ყოფნა და მოდი, გავიპაროთო, მითხრა. პატარა ბავშვებივით გავიპარეთ იქიდან; რა უჭირს, რაც უნდათ ის იფიქრონო.
ახალ სახლში ბევრი სტუმრის დაპატიჟება უნდოდა. სალონური საღამოების მოწყობა გვქონდა გეგმაში. რას არ ვგეგმავდით... ღობე არ გვქონდა ახალ სახლზე. ერთი ისე თავისუფლად გამატარა ამ ჩემს ეზოში, რომ ყველა არ მიყურებდესო, იტყოდა. გავაკეთე უკვე ღობეც, ჭიშკარიც, მაგრამ ემი ვერ ხედავს... თუმცა მისი სული უსათუოდ იგრძნობდა.
ადგილობრივ ტელევიზიაში - "არგოში", რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს, ჰქონდა გადაცემა "სინემაკლუბი ერმალო მაღრაძესთნ ერთად". იწვევდა რეჟისორებს, აჩვენებდა არა მარტო ქართულ ფილმებს, განიხილავდა მათ. ყოველ პარასკევს ამ გადაცემას ისეთი სიხარულით მოველოდით. ზოგჯერ იყო შემთხვევა, იმ დროს არ მეცალა და გული წყდებოდა, რატომ არ უყურებო. შენიშვნებს ვაძლევდი და ზოგჯერ ითვალისწინებდა. ისე ჯიუტი იყო.
თავის გადაცემაში მთელ სულს და გულს დებდა. ეუბნებოდნენ, ყოველდღე ნუ დადიხარ ტელევიზიაში, ნუ შეწუხდები, კვირაში ორი დღე რომ მოხვიდე, მოასწრებო, მაგრამ იმდენად უყვარდა თავისი საქმე, მთელ დღეებს იქ ატარებდა და ფუსფუსებდა. სკოლიდან სახლში მომარბენინებდა და ისევ დაბრუნდებოდა ტელევიზიაში.
ერმალოს შემდეგ ეს გადაცემა გააგრელა ზურა აბესაძემ, ჩვენი თეატრის მსახიობმა, ძალიან ნიჭიერმა კაცმა და გახარებული ვარ. ერმალოს სული, ალბათ, იმ ქვეყნად იგრძნობს იმას, რომ მისი გადაცემა, რომელიც ასე ძალიან უყვარდა, ისევ გადის ეთერში.
დისშვილები, ძმისშვილები მყავს და ცხოვრებას ვაგრძელებ, მაგრამ იმ ლამაზ ცხოვრებას, რომელსაც ერმალო მიწყობდა თავისი სიურპრიზებითა და საინტერესო პერსონით, ვერავინ შემიცვლის.
უდიდესი მეგობარი და მესაიდუმლე დავკარგე. საოცრად გვიყვარდა ერთმანეთი, დიდი სიყვარული გვქონდა.
არაფერს არ გიბრძანებდა. ყოველთვის ხომ არ ხარ საქმის კეთების განწყობაზე. დაანებე თავი, იყავი შენს სამყაროშიო, მეტყოდა. ხელს არ ვუშლიდით ერთმანეთს.
იმ ადგილებს რომ გავდივარ, სადაც ერთად დავდიოდით, მოვდივარ და ვტირი. მეორე საშუალო სკოლიდან თეატრამდე სეირნობა გვიყვარდა. ზღვაზე რომ დავდიოდით, იქაც სულ ვსეირნობდით. ენერგიულად დადიოდა. ზესტაფონში კი, მგონი, ერთადერთი წყვილი ვიყავით ხელგადახვეული ვინც დადიოდა. უხაროდათ ჩვენი დანახვა.
იტყვიან, ასაკოვანი იყო და ასე როგორ განიცდისო, მაგრამ სიყვარულს ასაკი არ აქვს. 78 წლის იყო და თავი მოხუცად არ მიაჩნდა, ამბობდა, ამას როცა მოვხუცდები, მაშინ გავაკეთებო.
ჩემზე თითქმის 14 წლით უფროსი იყო. მე ამ სხვაობას ვერ ვგრძნობდი, ბუნებით ახალგაზრდული იყო. ამიტომ უყვარდათ ახალგაზრდებს. ისე უხდებოდა ღიმილი, ლამაზი, ცისფერი თვალები აუციმციმდებოდა... ცხოვრების დაწყება რომ ხელახლა შეიძლებოდეს, ისევ ერმალოს ავირჩევდი.
არავის არასოდეს არ განიკითხავდა. ვინმეზე რამე ცუდი თუ წამომცდებოდა, გამაჩერებდა, ის ისედაც ცოდოა თუკი ასე ფიქრობს, შენ ნუ განიკითხავო.
მე ტაძარში მგალობელი ვარ. უყვარდა რომ ვგალობდი, ტაძარში თავისი ადგილი ჰქონდა ამოჩემებული, სულ იქ იდგა და მისმენდა. ახლა სახლში ვლოცულობ, ვგალობ მისთვის...
ემის გარეშე ღონისძიებებზე ვერ დავდივარ. ვერ გადავლახე უმისობა.
ალბათ, ვერასოდეს შევეგუები, რომ ჩემს გვერდით არ არის...