თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი დილამდე შეუწყდა - ნახეთ, მისამართები
1732300350
როგორ უნდა ვიცხოვროთ ხანგრძლივად, თანაც ჯანმრთელობის შენარჩუნებით, საღი აზროვნებითა და კეკლუცობის ხალისით. ამისთვის საუკუნეს მიღწეული ადამიანების რჩევა ნამდვილად გასათვალისწინებელია.
ქალბატონები - ლანა, ნანი და ლამარა დღემდე მუშაობენ, საყვარელი საქმე არ მიუტოვებიათ. პირიქით, თანამედროვეობას ფეხშეწყობილად მიყვებიან, არიან პროგრესულად მოაზროვნე, რაც, ალბათ, ტვინს დაბერებაში ხელს უშლის. მაინც იქამდე მივდივართ, რომ სიბერე შინაგანი მდგომარეობაა. თუ გადაწყვეტთ, რომ არ უნდა დაბერდეთ, ასეც იქნება.
94 წლის ლანა ღოღობერიძემ ახლახან დედაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. პრემიერა შედგა. სისხლიანი რეჟიმის მსხვერპლი იყო რეჟისორის დედა, საბჭოთა კავშირის პირველი ქალი რეჟისორი - ნუცა ღოღობერიძე, რომელმაც გადასახლების გემო იწვნია.
ქალბატონი ლანა, ამ ასაკში, ძალიან მხნედ გამოიყურება. ორი წლის წინ წიგნიც დაწერა, დაფრინავს კინოფესტივალებზე, ჩოგბურთს კვირაში ორჯერ თამაშობს. "პრაიმტაიმთან" ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის საიდუმლო სპორტი და სწორი კვებაა.
ლანა ღოღობერიძე: - სწორი და ცოტა კვება. ადამიანს ბევრად ნაკლები საკვები სჭირდება, ვიდრე ქართველები ვართ მიჩვეული. ბევრი ბოსტნეული და ხილი უნდა მიირთვათ. საერთოდ აღარ მიყვარს ხორცი. თითქმის არ ვჭამ.
ახალგაზრდობაში, 50-იან წლებში, მოთხილამურე და სწრაფად დაშვებაში - საქართველოს ჩემპიონიც ვიყავი. ხან პირველ ადგილზე გავდიოდი, ხან – მეორეზე. ჩემი ქმარი, ლადო მესხიშვილი საქართველოში ამ სპორტის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. ერთად ავდიოდით ბაკურიანში და კოხტა გორადან ვეშვებოდით… ჩემთვის თხილამურებზე სრიალი, ჩოგბურთი და ცურვა მნიშვნელოვანი სპორტის სახეობებია. ზაფხულობით ძალიან ბევრს ვცურავდი. მე და ლადო ერთად ძალიან შორს მივცურავდით. მიყვარს ცურვა.
თანამედროვეობას მიჰყვება, პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებს, სუნთქვით ვარჯიშებს აკეთებს და მცირე ულუფებით იკვებება ჩვენი მეორე ლეგენდა 86 წლის ნანი ბრეგვაძე.
ნანი ბრეგვაძე: - ასაკს ვერ ვგრძნობ. ადრე ვდგები, ცოტას გავივარჯიშებ. იოგის სუნთქვით ვარჯიშებს ვასრულებ. დიეტა არც ვიცი, რა არის. ორგანიზმი გვკარნახობს როდის, რა ვჭამოთ. მე ცოტაც მაკმაყოფილებს. მცირე ულუფით ვიკვებები. ვარ სულ ფორმაში. სახლში თვალებს ვიღებავ და ოდნავ პომადას ვისვამ. პომადა რომ არ წავისვა, ჩამქრალი ვარ. შეძლებისდაგვარად ვმოძრაობ...
იმედით ვცხოვრობ. არავითარ შემთხვევაში არ ვკარგავ იმედს. ვცდილობ მივყვე დროებას. უბრალოდ პოზიტივი და პოზიტიური განწყობა. აბა, რა! არ უნდა იყო ბოღმისგან დამხრჩვალი, თავი უნდა გაათავისუფლოთ ნეგატივისგან. ცხოვრებაში ეძებეთ თქვენზე უკეთესი და თქვენც კარგად იქნებით. უკან კი არ უნდა დაბრუნდე, წინ უნდა იყურო და კარგი დაინახო. კარგის დანახვით შენც კარგი გემატება.
მათემატიკოსი ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე 92 წლის გახდა. ამბობს, რომ წლების მატება ასევდიანებს, თუმცა გუნებას არ უფუჭებს. საუკუნესთან მიახლოების არ ეშინია. არც არაფერს ნანობს. განვლილი ცხოვრებით კმაყოფილია. თავს კარგად გრძნობს და ასაკის საიდუმლოებად საკუთარ ჰუმანიზმს, კეთილგანწყობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს ასახელებს.
ლამარა აბჟანდაძე: მთავარი რა არის? აკეთო სიკეთე, სხვისთვის ცუდი არ გინდოდეს. პლუს სწორი კვება. მიირთვით ცოტა და კალორიული, ხილი და ბოსტნეული.
რომ ვაკვირდები, ბევრი საკვები უფრო მავნეა ადამიანისთვის, ვიდრე ნახევრად მშიერი ყოფნა.
რჩევა მექნება, ნაკლები ტკბილეული მიირთვით, უკეთესია.
ძალიან ცოტა საჭმელს ვჭამ. ჩემები ხუმრობენ, ჩიტივით კენკავო. დილით ჩაიზე ერთი ნაჭერი პური ყველით, ხან თაფლითა და კარაქით. სულ ესაა. მერე სადილზე აუცილებლად წვნიანი. პური შეზღუდულად. უმეტესად ბოსტნეული. ვახშამი ექვს საათს არ შორდება. ისიც მსუბუქად. მე ექვსი საათის შემდეგ, რა ხანია არ მიჭამია. ჯერჯერობით, არაფერი მტკივა და აწი რა უნდა მეტკინოს.
მიყვარს ხილი. წყალს ვსვამ განუსაზღვრელი რაოდენობით, დღისითაც და ღამითაც. ყავას უკოფეინოს გეახლებით, რძით.
ყველასთვის სიკეთე მინდა. გულში ბოროტება არ მაქვს. ალბათ, ახალგაზრდებს ამიტომაც სიამოვნებთ ჩემთან ურთიერთობა.
განწყობა კარგი მაქვს. ჩემზე წლების მატება არ მოქმედებს.
დავდივარ ფეხით. ვუვლი ყვავილებს. ვიწრო აივანი მაქვს, მაგრამ მაინც ვახერხებ, რომ ქოთნის ყვავილების ბაღი მქონდეს. თაროები მაქვს გაკეთებული და მაქვს ნაირ-ნაირი პეტუნიები, ჰოლანდიური ვარდები, წიწაკები, იები...
მე მაინც ჩემი ცხოვრების ხანგრძლივობას ვაბრალებ იმას, რომ არასდროს დამირღვევია კვების რეჟიმი და სულ მოძრაობაში ვარ.
ჩემი რჩევა ახალგაზრდებს: ერიდეთ საღამოს ჭამას. ღამე ორგანიზმმა, კუჭ-ნაწლავმა უნდა დაისვენოს. საუკეთესოა ექვსი საათის შემდეგ არ ჭამოთ.