"სიცოცხლის ბოლომდე ვიდექი სცენაზე. თუ კიდევ ვიქნები, კარგია, თუ არადა, რა ვქნა? ჩემისთანები წასულან ამ ქვეყნიდან?" - იუბილარი მსახიობის უკანასკნელი ინტერვიუ

jemal

ისე უხაროდა ტელეფონით დაბადების დღეს რომ ვულოცავდი, ბავშვური გულწრფელობით უკრთოდა და ეცვლებოდა ხმა. დიდი ადამიანები სწორედ ასეთი "შენხელები" არიან, სუფთები და უშუალოები. 

ალბათ, არც ერთი პროფესიის ადამიანისთვის არ არის საწოლში სიბერის გატარება ისეთი სევდიანი, როგორც მსახიობისთვის. ოვაციას, საგრიმიოროს, კულისების ფორიაქს მონატრებული... უასაკო პროფესიაა და მსახიობი არ ბერდებაო, ამბობდა.

21 აპრილს 90 წლის გახდებოდა... აი, რა განწყობაზე იყო მსახიობი "პრაიმტაიმისთვის" შარშან 21აპრილს მოცემული ინტერვიუსას.

იყო როლი რომელზედაც გული გწყდებათ?

ჯემალ ღაღანიძე: - დონ კიხოტის თამაში მინდოდა, მაგრამ კახიმ წამართვა როლი (იცინის). მე მინდოდა თამაში, შემოთავაზება არ მქონია, ამ გმირის ცალმხრივი სიყვარული მქონდა. გამხდარი ვიყავი და მქონდა მისი თამაშის განწყობა...

ზოგს ჰყოფნის 89 წელი, ზოგს - არა. მე კმაყოფილი ვარ. აქამდე მოვედი და ბედს არ ვუჩივი. სიცოცხლის ბოლომდე ვმუშაობდი, სცენაზე ვიდექი. მეტი რა უნდა მინდოდეს.

ერთი ეგ არის, თვალებში ძალიან დამაკლდა. აღდგომის შემდეგ უნდა მივიდე ოფთალმოლოგთან.

განწყობაზე რა გითხრათ. საწოლში ვწევარ. ვინც მოვა, დავხვდები. თუ კიდევ ვიქნები, კარგია, თუ არადა, რა ვქნა ახლა? ჩემისთანები წასულან ამ ქვეყნიდან? 

ლენა გერმესაშვილი: - სიბერეს ვერ ეგუება, ძალიან განიცდის. მაგას უნდა 15 წლის ბიჭი იყოს, მაგრამ რომ არ გამოდის? მეც მინდა რომ ვიყო 15 წლის გოგო...

ჩემთან ბუზღუნებს, სხვასთან - ვერა.

ვეფერებით ყველა, ვანებივრებთ. ვეუბნები, რაც 56 წელი არ მოგფერებივარ, ახლა გეფერები-მეთქი.

მწოლიარე მდგომარეობაში გაატარა ბოლო წლები ჯემალ ღაღანიძემ. ელოდა, რომ წამოდგებოდა და რუსთაველის თეატრის სცენაზე ისევ მოირგებდა რომელიმე გმირის სახეს, ისევ შეძვრებოდა სხვის ტყავში და აღფრთოვანებაში ისევ მოიყვანდა მონატრებულ მაყურებელს. ამ ქიმიის საიდუმლოებას ჩვენ, არა მსახიობები, ალბათ, ვერც გავიგებთ. მაინც რაღაცნაირი, მისტიკური პროფესიაა. არ ნებდებიან, რომც აღარ შეეძლოთ. მაგრამ ერთი მღრღნელი კითხვა მაინც აწუხებთ - "ნეტავი, იქ თეატრი არის?"

ისე გადაინაცვლა მარადისობაში, სურვილი ვერ აისრულა. დასამახსოვრებელი ტაში კი მაინც გაიყოლა "იქაურ თეატრში"... და აკადემიური თეატრის სცენაზე, სადაც 66 წელი გაატარა, უკანასკნელად "გასულმა" წუთისოფლის დამაგვირგვინებელი სცენა ბოლოჯერ "გაითამაშა". 

რობერტ სტურუა: - თითქმის ყველა სპექტაკლში თამაშობდა ჩემთან! როცა როლებს ვანაწილებდი, ბრწყინვალე იუმორის პატრონი შეხვედრისას დიდი პატივისცემით – მსახიობებს რომ გაეგოთ – მეტყოდა ხოლმე:

– მე არ დაგავიწყდე, ხომ იცი, შენი სპექტაკლების ერთადერთი თილისმა მე ვარო!

ჰოდა, დავრჩი ბრწყინვალე ღმერთის ნაბოძ ამულეტის გარეშე! მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართული თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

ჯემალ ღაღანიძის კინოროლებიდან კი ყველაზე სახასიათო პერსონაჟია მემიკიტნე "ლაზარეს თავგადასავალში". ფილმი კინოეკრანებზე 1973 წელს გამოვიდა. მთავარ როლს 9 წლის გეგა კობახიძე ასრულებს. სურათში თამაშობენ მსახიობები – კახი კავსაძე, ლია ელიავა, ვასილ ჩხაიძე, ავთანდილ მახარაძე, ჯემალ ღაღანიძე…

გეგა კობახიძის დედა, მსახიობი ნათელა მაჭავარიანი ჯემალს "პრაიმტაიმთან" იხსენებს.

ნათელა მაჭავარიანი: - ძალიან თბილი პიროვნება იყო ჯემალი. მით უმეტეს გეგას მიმართ. სულ ეფერებოდა, თბილად ექცეოდა. ერთ ეპიზოდში კიბეზე რომ ურტყამს მისი გმირი ლაზარეს, ჯემალი რბილად არტყამდა თურმე და გეგა ეუბნებოდა, დამარტყი, კარგად დამარტყი, ჯემალი ბიძიაო. უფრო მაგრად დამარტყი, თორემ მერე გვეტყვიან, კიდევ ერთი დუბლი უნდა გადავიღოთო. არა, ბიჭო, როგორ დაგარტყა მაგრადო, ეუბნებოდა თურმე ჯემალი. ამ ეპიზოდს ჩემი დედამთილი რომ უყურებდა, ჯემალზე ბრაზობდა, შენ გაგიხმეს ეგ ხელებიო (იცინის).

შეხმატკბილებული და ერთმანეთზე შეყვარებულები იყვნენ გეგა და ჯემალი.

გეგას უყვარდა. არაჩვეულებრივი პიროვნებაა, დედაო, მეუბნებოდა, ისე მივლის და მეფერებაო. თითქმის მთელი ფილმი ქვათახევშია გადაღებული. მაშინ ცხრა წლის იყო გეგა და დიდი პროფესიონალივით მუშაობდა. ქართლოს ხოტივარი გაგიჟებული იყო, ეს რა ბავშვი ვიპოვეთო. გეგაც ისეთი ტიპი იყო, ყველას უყვარდა.

ნინო კასრაძე: - ძალიან ვაფასებ, როგორც მსახიობს და როგორც პიროვნებას. უკეთილშობილესი ადამიანი იყო. დიდი სიყვარულის გაცემა შეეძლო.

მე არ მახსენდება ჯემალის გაფუჭებული როლი. ის თავისი ადამიანობით იყო შეუდარებელი. საერთოდ, ოჯახი აქვს ძალიან კეთილშობილი...

ნიკოლოზ წულუკიძე: - ჩვენ ერთი სოფლიდან ვართ, ღანირიდან. "ღანირსკი" - ასე მივმართავდით ერთმანეთს. დაბადების დღეებს ხუთ წელიწადში ერთხელ იხდიდა, მრგვალ თარიღებს. ორი კვირით ადრე ველაპარაკე და მითხრა, თუ ვერ ავდექი ასე გადავიხდი: ხომ პირველ სართულზე ვცხოვრობ, მე ფანჯარაში გადმოვდგები და თქვენ ეზოში გაშალეთ სუფრაო. ემზადებოდა...