„სიბერეს ვერ ეგუება. რაც 56 წელი არ მოგფერებივარ, ახლა გეფერები-მეთქი, ვეუბნები“ - ჯემალ ღაღანიძე 89 წლის გახდა

gaganidze

ჯემალ ღაღანიძე 89 წლის გახდა. თვალის ჩინს უჩივის. ბედის კმაყოფილია. ბოლომდე ვიდექი სცენაზეო. 

ოჯახის წევრები ეფერებიან, უფრთხილდებიან...

განიცდის, რომ საწოლშია და სტუმრებს ძველებურად ვერ დახვდება...

ჯემალ ღაღანიძე: - ზოგს ჰყოფნის 89 წელი, ზოგს - არა. მე კმაყოფილი ვარ. აქამდე მოვედი და ბედს არ ვუჩივი. სიცოცხლის ბოლომდე ვმუშაობდი, სცენაზე ვიდექი. მეტი რა უნდა მინდოდეს. 

ერთი ეგ არის, თვალებში ძალიან დამაკლდა. აღდგომის შემდეგ უნდა მივიდე ოფთალმოლოგთან. 

განწყობაზე რა გითხრათ. საწოლში ვწევარ. ვინც მოვა, დავხვდები. თუ ვიქნები, კარგია, თუ არადა, რა ვქნა ახლა? ჩემისთანები წასულან ამ ქვეყნიდან? 

აღდგომა მოდის, ქრისტიანულ დღესასწაულთა დღესასწაული. მეუღლეს კვერცხის შეღებვაში ვეხმარებოდი და რაც საჭირო იყო, ტრადიციას მივყვებოდი. მე მგონი, დამიფასდება, არ ვიცი (იცინის). 

გილოცავთ წინასწარ. 

საუბარში მსახიობის მეუღლე,  მუსიკოსი ლენა გერმესაშვილი ჩაგვერთო.

ლენა გერმესაშვილი: - სიბერეს ვერ ეგუება, ძალიან განიცდის. მაგას უნდა 15 წლის ბიჭი იყოს, მაგრამ რომ არ გამოდის? მეც მინდა რომ ვიყო 15 წლის გოგო... 

ჩემთან ბუზღუნებს, სხვასთან - ვერა. 

ვეფერებით ყველა, ვანებივრებთ. ვეუბნები, რაც 56 წელი არ მოგფერებივარ, ახლა გეფერები-მეთქი.