1734018035
„საცოლე თვალწინ მოუკლეს, გოგონა გაქანებული მატარებლის ქვეშ ჩააგდეს...“ - საინტერესო ფაქტები სერგო ფარაჯანოვზე, რომელიც დღეს 100 წლის გახდებოდა
სერგო ფარაჯანოვი 100 წლის გახდებოდა; სომხური წარმოშობის ქართველი და საბჭოთა კინორეჟისორი...
ვიკიპედიური სიმშრალე იქით იყოს და ეს გენიოსი, რომელიც ნამდვილი თბილისური ბომონდისა და ჩვენი იმ პერიოდის სუბკულტურის განუყოფელი ნაწილი გახლავთ, მთაწმინდაზე დაბადებული თბილისელია, რომელიც აქაურობით იყო გაჟღენთილი. თუმცა მას კონკრეტული ეროვნება ნამდვილად არ სჭირდებოდა. იყო მსოფლიო მოვლენა, მასშტაბური ფიგურა.
ამ სიურეალისტმა თავის კინოში იჯადოქრა და მსოფლიო გააოცა.
თბილისური ელიტა თავს "სერჟიკას ახლობლად" აცხადებდა. აქ ჩამოსული ვარსკვლავებიც მის ნახვას ესწრაფოდნენ. მის ცნობილ სახლში სანახაობისთვის მიდიოდნენ. თუმცა ასეთ ხმაურში მცხოვრებიც კი ახერხებდა მარტოობას.
იური მეჩითოვის წყალობით, მისი ბევრი სახასიათო ფოტო შემოგვრჩა, ნამდვილი სერგოს სახე, საიდანაც დაახლოებით მაინც ვიგებთ, რა "ოფოფებიანიც" გახლდათ...
"თვითონ აწყობდა კომპოზიციებს და მეუბნებოდა, აი, ასე გადავიღოთო. სერგოს ცნობილი სურათიც კი, ნახტომში როცაა გადაღებული, ესეც კი მისი ჩანაფიქრი იყო, ეს არ არის შემთხვევითი კადრი", — ამბობს იური მეჩითოვი.
მიწიერი ცხოვრებისთვის 66 წელი მიეცა, უკვდავება კი, ამ მოკლე დროში, თავად მოახერხა...
სილამაზის მოტრფიალე ხელოვანის სული, მშვენივრად ჩანს მის ფილმებში. ფერების, მისეული ესთეტიკისა და ტემპორიტმის კადრები, რეალობას ახლა გწყვეტს და წარმოიდგინეთ, 40 წლის წინ, რა შეგრძნებას შობდა; იმ იდეოლოგიური მარწუხების ეპოქაში. მაგრამ მის შემოქმედებას უდროობა "სჭირს." დროში არ არის მოქცეული ისევე, როგორც ყველაფერი ჭეშმარიტი.
მან შექმნა პოეტური კინო მულტიკულტურული ელემენტებით. ფარაჯანოვთან გვხვდება - ქართული ფოლკლორული მუსიკა, სომხური მინიატურა, თბილისური ყოფითი კულტურა, იქ - ფიროსმანი; გვხვდება სპარსული ხალიჩის სიჭრელე... "ვეფხისტყაოსნის" ზიჩისეული ილუსტრაციების მაგვარი ესთეტიკა...
წარმოსახვებით სავსე ალბომის ფურცლები აგვიფრიალა წინ... ამიტომაც გამოარჩიეს კოლეგა ხელოვანებმა, ამიტომ ითხოვდნენ მის დახსნას საბჭოთა ციხიდან... ამ იშვიათად გენიალურობის გამო სცემდა დიდ პატივს ფედერიკო ფელინიც...
და გვახსოვს დღეს ფარაჯანოვი?
გვაქვს პატარა ძეგლი, "გაცოცხლებული" იურის ფოტო. შარშან, კოტე მესხის ასახვევს, სადაც რეჟისორი ცხოვრობდა, სერგო ფარაჯანოვის სახელი მიანიჭეს.
ამ ქუჩაზე მდებარე მისი ცნობილი სახლიდან ნივთების სრული უმრავლესობა ახლა ერევანში, მის მუზეუმში ინახება.
კინოსტუდია "ქართულ ფილმში" გადაღებული მისი ფილმების საავტორო უფლებებიც კი აღარ გვაქვს.
საქართველომ ფარაჯანოვი დაკარგაო, ამბობენ და ასეც არის. გული გვტკივა, როდესაც მას მხოლოდ სომეხ რეჟისორად მოიხსენიებენ. ამ "დაკარგვის" სათავეც საბჭოთა დროშია. ჰომოსექსუალობის ბრალდებით აჩუმებდნენ, აპატიმრებდნენ, ბლოკავდნენ, მერე, 80-იანი წლების საქართველოში, ნაციონალისტური განწყობები განსაკუთრებულად რომ გაძლიერდა, თითქოს, წარმომავლობის გამო, დისტანცირება გაუკეთეს. მერე "შუშანიკის წამებაზე" ფილმის გადაღების ნება არ დაურთავთ. ამას ძალიან უმოქმედია ციხეგამოვლილ რეჟისორზე.
მოკლედ, მისი ირონიული ხუმრობა ასე პასუხობს ყველაფერ ამას: "ვარ ეთნიკურად სომეხი, დაბადებული საქართველოში, რომელიც უკრაინული ნაციონალიზმის გამო იჯდა რუსულ ციხეში."
გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო და შესაძლოა, უცნობ ფაქტებსაც სერგო ფარაჯანოვის ცხოვრებიდან.
2020 წელს რეჟისორის ცოლი, უკრაინელი ფილოლოგი – სვეტლანა შერბატიუკი გარდაიცვალა, ერთი წლის შემდეგ კი, მათი ერთადერთი ვაჟი, სურენი წავიდა მშობლებთან.
მართალია, ამ განსხვავებულმა წყვილმა ერთად მხოლოდ ხუთი წელი იცხოვრა, თუმცა ცხოვრების ბოლომდე მეგობრებად დარჩნენ და სვეტლანას, სერგოს ახლობლები, ფარაჯანოვის მფარველ ანგელოზად თვლიდნენ. მას როგორც "ყოფილს", არც მოიხსენიებდნენ. ქალს საქვეყნოდ აღიარებული მაესტრო ციხეშიც კი არ მიუტოვებია და მორალურ და ფიზიკურ მხარდაჭერას უწევდა... ბოლომდე მეგობრებად დარჩნენ. ამიტომაც არ იყო სვეტლანა "ყოფილი"...
რეჟისორ კოტე მირიანაშვილის დედა, გოგონა ვახვახიშვილი სერგო ფარაჯანოვის ძუძუმტე იყო, ორივეს გოგონას დედამ აწოვათ ძუძუ. სერგო კი მას ბოლომდე "დედა ნინად" მოიხსენიებდა.
კოტე მირიანაშვილი "პრაიმტაიმთან" გენიოსი რეჟისორის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებს იხსენებს.
კოტე მირიანაშვილი: სერგომ ახლად შერთული, ოქროსთმიანი, ზღაპრული სილამაზის პატარა, 18-19 წლის გოგო ჯერ თბილისში ჩამოიყვანა მშობლებთან წარსადგენად და შემდეგ თელავში, ბებიაჩემთან, როგორც ის ეძახდა, "დედა ნინასთან" და თავის ძუძუმტესთან, გოგონა ვახვახიშვილთან…
სერგოს მამას მთაწმინდაზე შემოსავლიანი სამსართულიანი სახლი ჰქონდა. ზედა სართულზე ფარაჯანოვები ცხოვრობდნენ, მეორე სართულზე – პაპაჩემი. დედაჩემი რომ გაჩნდა, ბებიას სეფსისი ჰქონდა და საავადმყოფოში მკურნალობდნენ, სერგოს დედას რძე არ ჰქონია და ამიტომ ორივეს იეზიდი მეზობლის ქალი კვებავდა, რომელიც იმავე სახლის სარდაფში ცხოვრობდა. ანუ დედაჩემს – გოგონა ვახვახიშვილსა და სერგო ფარაჯანოვს, მესამე ძუძუმტეც ჰყავდათ, იეზიდი გოგო… ნამკურნალები ბებია საავადმყოფოდან რომ გამოვიდა, დედაჩემთან ერთად, სერგოსაც კვებავდა რძით დიდი ხანი.
დედამ და სერგომ მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს, ვიდრე 1946 წელს მოსკოვში სასწავლებლად არ წავიდა ფარაჯანოვი. ის დედას საუკეთესო მეგობარი იყო, დას ეძახდა, "მაია სესტრა გოგონა"...
მოსკოვიდან თუ კიევიდან, თბილისში რომ ჩამოვიდოდა, მაშინვე მოდიოდა თელავშიც, ჩვენთან.
მოკლედ, ახლად ცოლშერთულ სერგოს, სანამ ის რვა საათი მგზავრობდა მატარებლით თბილისიდან თელავამდე, დედაჩემმა ერთი ოთახი მოუწყო. კარგად იცოდა სერგოს სიყვარული ძველი ავეჯისადმი, ჩვენ ახალი ავეჯი არც არასდროს გვქონია. დაახვედრა მშვენივრად მოწყობილი ოთახი და სვენტლანამ და სერგომ რამდენიმე დღე დაჰყვეს თელავში.
განსხვავებული წყვილი იყო, შავ-შავი სერჟიკა, სიმპათიური იყო ახალგაზრდობაში და - თეთრი სვეტლანა. გამორჩეული ქალბატონი იყო ბუნებით და წარმომავლობით. მამამისი უკრაინის ელჩი იყო კანადაში, საბჭოთა კავშირის წარმომადგენლობაში მუშაობდა. სვეტლანა კანადაში სწავლობდა. დიპლომატებს თავიანთი სკოლა ჰქონდათ და წარმოიდგინეთ, როგორი სკოლა იქნებოდა. ცოტა ხანი კრემლის სკოლაშიც სწავლობდა.
მოკლედ, ეს ულამაზესი და თან ასეთი ოჯახისშვილი ვიღაც "გადარეულმა", 15 წლით უფროსმა დამწყებმა რეჟისორმა შეირთო ცოლად, რომელსაც ჯერ ერთი ფილმი ჰქონდა გადაღებული და მსოფლიოში სახელგანთქმული არ იყო.
სვეტლანა რუსული ლიტერატურის სპეციალისტი, განათლებული, პოეზიის მოყვარული, კეთილშობილი და თითქოს არა ამქვეყნიური ქალი იყო. მაგრამ მოგვიანებით პრაქტიკული ჩვევებიც შეიძინა.
სერგომ "ვგიკის" დასრულების შემდეგ, პრაქტიკა უკრაინულ კინოსტუდიაში გაიარა. იქვე გაანაწილეს. ძალიან უყვარდა კიევი. იქ შედგა ფარაჯანოვი, როგორც რეჟისორი თავისი უკრაინული შედევრით - „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“, იქაური მთიელების ყოფაზე გადაღებული ფილმით.
ამ გენიალურ ფილმამდე ის საბჭოთა ფილმებს იღებდა. შემდეგ უკვე გაიხსნა ტალანტი და ხასიათის ფორიაქა თვისებებიც გამოავლინა. მოუსვენარი, ვერცხლის წყალი, წარმოსახვაში გადასული კაცი იყო და გამოუცდელი და ნებიერა გოგოსთვის ასეთ კაცთან ცხოვრება რთული აღმოჩნდა. 5-6 წელი იცხოვრეს ერთად. შვილს თავისი მეგობრის, სომეხი ოპერატორის სახელი დაარქვა.
სვეტლანასთან გაყრის შემდეგ ფსიქიატრიულშიც იწვა სერგო. მას სვეტლანამდე საცოლე მოუკლეს თვალწინ. მოსკოვში სტუდენტობის დროს გაიცნო მუსულმანი გოგო, თუ არ ვცდები, ყირგიზი, რომელიც მოლარედ მუშაობდა.
ამ გოგოს ძმებმა, ადათის დარღვევის გამო და ასე გათხოვებისთვის, საკუთარი და დასაჯეს – გაქანებული მატარებლის ქვეშ ჩააგდეს! სერგოს თვალწინ! ამ ამბავზე სერგო არასდროს ჰყვებოდა…
მერე, როდესაც ამ უკრაინულმა ფილმმა ტრიუმფალური სვლა დაიწყო, რომელშიც სერგოს უზარმაზარი ადამიანური და შემოქმედებითი რესურსი ჰქონდა ჩადებული, ფარაჯანოვი ჭკუიდან სულ შეიშალა.
ფარაჯანოვმა უკრაინელები გააღიზიანა – თქვენი ეროვნული კინემატოგრაფია მე შევქმენიო. უკრაინელები ცნობილი ნაციონალისტები არიან და სომეხი რომ ამას იტყვის, წარმოიდგინეთ, რა ჭკუაზე დადგებონენ. მსგავსი ნაციონალური ფილმი, როგორიც "მივიწყებულ წინაპართა აჩრდილებია", მართლა არ აქვთ უკრაინელებს.
ფარაჯანოვის "მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები" მსოფლიო შედევრების ასეულში შევიდა და იტალიელი, ფრანგი რეჟისორები გაგიჟებულები იყვნენ სერგოზე. ინგლისის დედოფლის და იყო სერგოსთან სახლში სტუმრად.
მერე ფარაჯანოვი მამათმავლობის გამო ჩასვეს ციხეში. ფაქტობრივად ითვლებოდა, რომ ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება. ამ გენიოსს კაგებე 10-15 წლის მანძილზე ფილმის გადაღების საშუალებას არ აძლევდა. სამამულო ომის თემაზე იღებდა ერთ ფილმს და დაუხურეს.
აი, ამ გენიოსს უკრაინელები თავის სტუდიაში ფილმის გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ. სომხებმა გაბედეს და „საიათნოვაც“ გადაიღო. მოკლედ, რთულ ფინანსურ და სულიერ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ბევრს “რატრატებდა”, უკრაინის ცეკას პირველ მდივანზე ანეკდოტებს ჰყვებოდა, ხუმრობდა. ამბობდა, რომ მის ცოლს ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა. სისულელეებს ლაპარაკობდა. ამდენად, მისი დაპატიმრება უკრაინის ცეკას პირველი მდივნის მხრიდან ერთგვარი ანგარიშსწორება იყო.
ციხიდან წერილებს უგზავნიდა დედაჩემს. მთელი ღამე ვკითხულობდი წერილებს. ერთ წერილში ეწერა, გოგონა, შენი, რუზანას და სვეტლანას გამო ღირს ცხოვრება და ამ ჯოჯოხეთს გავუძლებო.
სვეტლანა, სერგოს ციხეში ყოფნის დროს, უკვე მისი ცოლი აღარ იყო (მათი გაყრიდან დიდი დრო იყო გასული), მაგრამ მასთან დადიოდა ციხეში პაემანზე და იქიდან მოჰქონდა სერგოს ნამუშევრები. ციხეში შაქარი დაემართა და სვეტლანა სერგოს მეგობრებთან ერთად მის ჯანმრთელობაზე ზრუნავდა.
სვეტლანას ციხიდან გამოჰქონდა სერგოს გაკეთებული კოლაჟები. ის იქ ნაგვისგან ქმნიდა შედევრებს, რომელიც ახლა ერევნის მუზეუმშია.
ნაგავში ნაპოვნი რძის ბოთლის სქელი ფოლგის სახურავებს ასწორებდა და მათგან ჭედურ მედალიონებს, ჩიკანკებს აკეთებდა. ერთი ასეთი ჩიკანკა, ტონინო გუერას ფელინისთან საჩუქრად გაატანა. ფელინი სერგოს პატივს სცემდა. ფულიც შეუგროვეს და ევროპაში მისი გათავისუფლების კომიტეტიც შექმნეს. ფელინიმ გუერას უთხრა, მოდი, ამისგან ყალიბი ავიღოთ, მედალიონი ჩამოვასხათ და რიმინის კინოფესტივალზე გამარჯვებულებს ვაჩუქოთო.
მოწმე ვარ, როგორ ჩამოვიდა ფოსტით დალუქული დიდი ზანდუკი, სერგოს დიდი არქივით, ნამუშევრებით სავსე. გუშინ მოვიდა და ჩემთვის ძნელია მისი გახსნაო, მითხრა სვეტლანამ. მერე, მოგვიანებით, ლუქი სერგომ გახსნა და ამოალაგა და ამოალაგა ნახატები, მედალიონები, თოჯინები, საოცარი ნაკეთობები.
სერგო იყო ძალიან ცინიკური ადამიანი, ვინც უყვარდა იმასთანაც კი. ერთადერთი დედაჩემს ვერაფერს უბედავდა, ბავშვობის მეგობრები იყვნენ. დედა ეუბნებოდა, შენ გენია კი არა, დურაკი ხარო. გენია ვარ, გენია ვარ, შენ კი არ უნდა გაიძახოდე, ეგ სხვამ უნდა თქვასო.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ფოტოგენური იყო, სვეტლანა არც ერთ ფილმში არ გადაუღია. ფოტოებს კი უღებდა. ხან რას ჩააცვამდა, ხან - რას და გვიგზავნიდა.
ორიოდ წლის წინ, 62 წლის სურენ ფარაჯანოვი კიევში გარდაიცვალა.
სურენჩიკა – ბებია-ბაბუის, შჩერბატიუკების ერთადერთი შვილიშვილი იყო, ნებიერა.
სვეტლანა კი ცდილობდა თავისას, მაგრამ ბებია-ბაბუას პრინცის რანგში ჰყავდათ აყვანილი სურენჩიკა. ალბათ, ცდილობდნენ არშემდგარი ოჯახის სირთულეების კომპენსაციას.
სურენჩიკა მართლაც პრინცს ჰგავდა. სერგოც "გიჟი მამა" იყო. აბოდებდა – “მოი სურენჩიკ!” ანებივრებდა.
მაგრამ უკიდურესობების კაცი იყო, უცბად შეეძლო ისეთი რამ ეთქვა, რომ შოკში აგდებდა.
მაინც სიყვარულში გაიზარდა სურენჩიკა.
სერგოს და სვეტლანას მეგობრებიც თავზე ევლებოდნენ.
წავიდნენ სვეტლანა და სურენი და დამთავრდა სერგოს ოჯახის ისტორია.
სერგოს ამქვეყნიური სიხარული და ამავე დროს ტკივილი იყო სურენჩიკა, რომელიც გიჟურად უყვარდა.
***
იტალიელი კინოვარსკვლავი, მარჩელო მასტროიანი თბილისს, 1988 წლის მარტში სტუმრობდა. მასაც, ისევე როგორც ყველა ჩამოსულს, ფარაჯანოვთან სტუმრობა მოუთხოვია. "მასტროიანი ვინღაა? დანამანეთ თავი, ავად ვარ!" - უთქვამს სერგოს ირაკლი კვირიკაძისთვის, რომელსაც მარჩელოს მასპინძლობა დაევალა.
იმ დაუვიწყარ საღამოს ირაკლი კვირიკაძემ თბილისში სტუმრად მყოფი მარჩელო მასტროიანი სერგო ფარაჯანოვის სახლში წაიყვანა. მათ თან ახლდათ თარჯიმანი, რადგან დიდმა იტალიელმა მსახიობმა რუსული ენა ცუდად, ქართული კი, საერთოდ არ იცოდა.
როცა ფარაჯანოვის სახლს მიუახლოვდნენ, სტუმრები გააოცა ჩაბნელებულმა ფანჯრებმა და აბსოლუტურმა სიბნელემ, ერთი შეხედვით ჩანდა, რომ სახლში ცოცხალი სულიერი არავინ არ იყო.
ირაკლიმ კარგად იცოდა სერგოს სიურპრიზებისა და ოინების ამბავი, ამიტომ კარს ხელი ნელა ჰკრა... ის გაიღო. სამეულმა გულის ფანცქალით გადააბიჯა ზღურბლს და ყოყმანით შედგა ფეხი სიბნელეში ჩაძირულ სიცარიელეში. და ამ დროს ოთახი უცებ გაჩახჩახდა შუქით.
მასპინძელი – სერგო ფარაჯანოვი მოუთმენლად ელოდებოდა ძვირფას სტუმარს და უზარმაზარი მდიდრული მაგიდა გაეწყო, რომლის გარშემო ოცდაათამდე სტუმარი (მასპინძლის მეგობრები) შეკრებილიყო. აქ იყო მსახიობი და მომღერალი, მხატვარი და გოგირდის აბანოს მექისე, არქიტექტორი და ოპერის სუფლიორი, კინოსტუდია "ქართული ფილმის" პარტორგანიზაციის მდივანი და ბრილიანტების ვაჭარი, ექიმი და პარიკმახერი...
ამ ჯადოსნურ საღამოს იუმორით, ოხუნჯობებითა და მჭევრმეტყველებით ცნობილმა ფარაჯანოვმა თავის თავს გადაამეტა: სახლის კედლები ლამის დაინგრა მხიარული სიცილისაგან. სულ მალე თარჯიმანიც კი აღარ იყო საჭირო – ნიჭი და სიყვარული ხომ ყველა ენაზე გასაგებია.
სტუმრები დილის ოთხ საათზე დაიშალნენ. ფარაჯანოვმა თავად იკისრა იტალიელი სტუმრის გაცილება. მარჩელო, სერგო და თარჯიმანი კოტე მესხის ქუჩაზე დაეშვნენ. ერთ-ერთი თბილისური ძველი სახლის დაბალ აივანთან ფარაჯანოვი შეჩერდა. სერგომ იცოდა, რომ ამ სახლში დიდი იტალიელი მსახიობის თაყვანისმცემელი ქალი ცხოვრობდა.
შოუ გრძელდებოდა. ირაკლი კვირიკაძე შემდგომში სიამოვნებით იხსენებდა დიალოგს, რომელიც ორ გენიოსს შორის გაიმართა:
– მარჩელო, აქ შენი სიყვარული ცხოვრობს. ის მთელი ცხოვრება მხოლოდ შენ - მარჩელო მასტროიანს გელოდებოდა, – ეშმაკური ღიმილით მიმართა სერგომ იტალიელს.
– ჩემი სიყვარული? – გაოცდა მასტროიანი.
– დიახ, მას შუშანა ჰქვია და 74 წლისაა. ის ქალწულად დარჩა შენს მოლოდინში.
მარჩელომ შიშით შეხედა სერგოს:
– 74 წლის?
– ჰო, 74-ის. ის ისევ შენ გელოდება. მთელი ცხოვრება გელოდება და შენც მოხვედი.
ფარაჯანოვი უცებ დატრიალდა, სახლის ეზოში პატარა კიბე იპოვა, აივანს მიადგა და ზედ აძვრა. მარჩელო დაჰიპნოზებულივით მიჰყვა მას უკან. მამაკაცები პატარა საძინებელში აღმოჩნდნენ.
მთვარის შუქით განათებულ ოთახში მათ დაინახეს საწოლი, რომელზედაც ფუმფულა სხეულიან შუშანას ეძინა. მისი ბინის კედლებზე შპალერის ნაცვლად იტალიელი მსახიობის პორტრეტები იყო გაკრული.
მამაკაცები საწოლს მიუახლოვდნენ, სერგო ქალისკენ დაიხარა და უჩურჩულა:
– შუშანა, გაიღვიძე, შენი ოცნება მოვიდა. გაახილე თვალები, პატარავ!
ბებერმა, ორასკილოიანმა ქალმა თვალები გაახილა, იცნო ოხუნჯი მეზობელი და უხეშად ჰკითხა:
– ახლა რაღა ჯანდაბა გინდა?
– შუშანა, შენ ვისზე ოცნებობდი მთელი ცხოვრება? მასტროიანი გიყვარს, არა?
– მასტროიანი? დიახ, მიყვარს, მერე შენ რა?
– აი მოგიყვანე, შენი იყოს, - გაბადრული სახით უთხრა სერგომ გაოცებულ ქალს, ყოველგვარი ცერემონიების გარეშე ქეჩოში წაავლო ხელი მარჩელოს და ცხვირი ქალის ფუმფულა მკერდში ჩააყოფინა.
შუშანა დაეჭვდა:
– ეს მართლა ნამდვილი მასტროიანია?
მარჩელომ ქალს გაუღიმა. მას მოსწონდა ეს თამაში, თუმცა თავს უხერხულად გრძნობდა... მაინც მოახერხა და შუშანას რუსულად უთხრა:
– Шушанна, я лублу тебе!
შუშანამ შეხედა მამაკაცს და უცებ გააცნობიერა, რომ მის წინ ნამდვილი მარჩელო მასტროიანი იდგა – მამაკაცი, რომელზედაც მთელი ცხოვრება ოცნებობდა.
ცრემლმორეულმა ქალმა მარჩელოს ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა გულაჩუყებული იტალიელი კინოვარსკვლავი.
ფარაჯანოვი საძინებლიდან გამოიპარა, კარები ჩუმად დაკეტა, აივანზე დადგა და შუა საუკუნეების გამომცხადებელივით ხმამაღლა დაიყვირა:
– შუშანა კაზარიანი უბიწოებას კარგავს. მე გაჩვენებთ მის ზეწარს...
საყოველთაო ხარხარში სერგომ ვერც კი შეძლო წინადადების დასრულება. ხმაურზე მეზობლებს გაღვიძებოდათ და სულ მალე მთელი სოლოლაკის უბანი ფეხზე დადგა. ვიწრო ქუჩაზე ნელ-ნელა იკრიბებოდა ხალხი: ზოგს ღვინის ბოთლი ეჭირა ხელში, ზოგს პური და მწვანილი, ზოგსაც ის საჭმელი, რაც კი სახლში მოეპოვებოდათ. სახელდახელოდ გაიშალა სუფრა და ქეიფიც გაგრძელდა.
მიმქრალი მთვარის შუქზე მარჩელო უსმენდა ქართულ მრავალხმიან სიმღერებს, ენობრივი ბარიერის მიუხედავად ცურავდა სახალხო სიყვარულის მორევში და თავს უბედნიერეს ადამიანად გრძნობდა.
ის ყვიროდა: "ეშმაკსაც წაუღია ყველა ოსკარი. ვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს, საცხოვრებლად თბილისში ვრჩები"...
ასევე დაგაინტერესებთ:
"თურმე, დიაბეტით დაავადებულებს, გულის ტკივილის შეგრძნება არ ჰქონიათ. დაიწყო ხროტინი და გული გაუჩერდა... ახლა ჩვენი საშიშროება ტვინია" - მანანა ბერიკაშვილი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გვიყვება