Messenger-ს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია დაემატა
1734033334
26 აგვისტო წმინდა გაბრიელ სალოსის დაბადების დღეა; ღირსი მამის შემწეობის გამოცდილება ჯერ თუ საკუთარ თავზე არა, მოყვასისგან მაინც გექნებათ გაგონილი; ბევრს ისმენს, უფალთან მიაქვს ჩვენი ლოცვა-ვედრება და გვეწევა, დიდი მეოხია; მთავარია, მთელი გულით შესთხოვოთ, იყოთ წრფელი და მამა გაბრიელი შეისმენს;
როგორც პატრიარქმა ბრძანა – უფალი ისმენს მამა გაბრიელის ლოცვას.
სრულიად საქართველოს საპატრიარქოს სოციალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი ზურაბ ვარაზი იხსენებს:
- მამა გაბრიელს ერთი არაჩვეულებრივი თვისება ახასიათებდა. ყოველგვარი წინასწარი ლაპარაკის გარეშე ხვდებოდა და გრძნობდა, მასთან რისთვის იყავი მისული და გამზადებულ პასუხსაც ამბობდა. მისი ლაპარაკიდან მაშინვე გამოიტანდი დასკვნას და მიხვდებოდი, რა უნდა გეკითხა.
ასეთ შემთხვევას გავიხსენებ: თავად ვიყავი ცუდად, მაღალი წნევა მქონდა და გული მაწუხებდა. წამლები დავლიე და სამთავროში ისე ჩავედი. მამა გაბრიელს გავუკეთე მანიპულაციები. მამა გაბრიელმა შემომხედა და მითხრა: ადამიანებს სიკვდილის ეშინიათ. სიკვდილი არაფერია, სიკვდილი გარდაცვალება არის; ის ძონძი სხეული მოგშორდება, ყველაფერს ხედავ და არაფერია დამალული შენი თვალისთვისო. სიკვდილის შიში უფალთან მიახლოვების შიშიაო. წარმოიდგინე, პროფესორთან გამოცდაზე შედიხარ, გული გიჩქარდება და რა ილაპარაკო, აღარ იცი ისე ნერვიულობ; სად პროფესორი და სად უფალიო. იქ ნახეთ, როგორი გამოცდა მოგველისო.
მე ვუთხარი: მამა გაბრიელ, ისეთი პროფესია მაქვს, იმდენნაირი სიკვდილი მინახავს, სიკვდილის შიში საერთოდ დავკარგე-მეთქი. შემომხედა, გაიღიმა და მითხრა: შენ, მოყვასო, ერთი ფეხით უკვე იქა ხარო, - თვალებით ზეცისკენ მიმანიშნა. ვიფიქრე, ხომ არაფერი შემატყო, დილით ცუდად რომ ვიყავი-მეთქი.
- რაზე მატყობთ, მამა გაბრიელ-მეთქი? - ვკითხე.
- ხომ ხედავ, უკვე შეგეშინდაო, მომიგო. ადამიანი როცა სიკეთეს აკეთებს, მაშინ ერთი ნაბიჯით მაღლა ადის. როცა არ აკეთებს სიკეთეს, მაშინ ჩამოდისო. მთელი ცხოვრება ასე ღვთისკენ ავდივართ და ჩამოვდივართ და ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ღმერთთან ავიდეთ და ავიდეთო.
მარტივად იცოდა ქადაგება და განმარტება. ამ სიმარტივეში მთელი სიბრძნე იდო.
მამა გაბრიელის გამონათქვამები და სწავლებანი
საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს. ქართველ ერს მიცემული აქვს სიყვარულის ნიჭი და თუ არ გამოიყენა ეს ძალა, როგორც იონა წინასწარმეტყველი გადაყლაპა ვეშაპმა, ისე მოუვა მასაც. თქვენი ნიჭი რწმენაა, ამრავლეთ იგი და სხვებსაც ეს უთხარით.
ყველა უნდა გიყვარდეს, მაგრამ, თუ ვერ შეძელი ყველას სიყვარული, სიკეთე მაინც უნდა გინდოდეს ყველასთვის.
ღმერთი არ იძლევა დიდ ნიჭს დიდი განსაცდელის გარეშე. ღმერთი ყველას იმ ზომით მოგვივლენს განსაცდელს, რისი ატანაც შეგვიძლია. შესაბამისად გვეძლევა ღვთის მადლიც.
ბოლო ჟამია, თქვენ ანტიქრისტეს მოესწრებით, იგი კარზე კი არ აკაკუნებს, არამედ შემოგლეჯას ლამობს. ცალ-ცალკე ნუ ივლით, ერთად იარეთ, რომ ბოროტებამ არ გადაგჩეხოთ, ლოცვა მთებს ძრავს.
პროდუქტებზე რომ აწერენ ანტიქრისტეს რიცხვს, ვერაფერს დაგიშავებთ. ეს არ არის ბეჭედი. უნდა თქვათ „მამაო ჩვენო“, ჯვარი გარდასახოთ, ასხუროთ ნაკურთხი წყალი და ასეთი საჭმელი განიწმინდება.
გულით სინანული მეტია ცრემლით სინანულზე.
ნუ მოგერიდებათ, რომ ყოველთვის და ყველაფერს ჯვარი გარდასახოთ. ჯვარშია მთელი ძალა.
ნუ ზრუნავთ ხორცისთვის, იზრუნეთ სულისთვის, სული გადაირჩინეთ. ვინც ენასა და მუცელს სძლია, ის უკვე სწორ გზაზე დგას.
როდესაც საჭმელს ჭამ, უნდა გახსოვდეს მშიერი, მწყურვალი, გაჭირვებული, ამაშია სასუფევლის პოვნა.
ანტიქრისტე დაბადებულია და მისი ბეჭედი არა მარტო უხილავად, ხილულადაც იქნება დასმული ადამიანის ხელსა და შუბლზე.
ნუ შეგეშინდებათ, მთავარია ანტიქრისტეს ბეჭედი არ დაიდოთ ხელსა და შუბლზე. ნურც იმ კაცის პურს შეჭამ, ვინც ნიშანი დაიდო.
თუ საჭმელს მოიპარავ, ათი მცნება ირღვევა და ბეჭედს ისედაც მიიღებ. მორწმუნე ღმერთის იმედად იქნება. ბოლო ჟამს ისეთ სასწაულებს გაუკეთებს თავის ხალხს, ერთი ფოთოლი ერთ თვეს გეყოფა. მიწაც ხომ არ დაილია, გარდასახავ ჯვარს და პურად გექმნებათ.
ანტიქრისტეს მომხრეები ქუჩაში გახდილნი ივლიან. ქრისტიანები წესიერად ჩაცმულები იქნებიან და ამით განასხვავებთ ერთმანეთისგან. ქალი, მამაკაცის ტანსაცმელში ჩაცმული – შეჩვენებული იყოსო, წერია სჯულის კანონში. ადამიანის ჩაცმულობა მისი სულიერი მდგომარეობის გამომხატველია.
უფალი სხვის უბედურებას იმიტომ გვიჩვენებს, რათა ილოცოთ მისთვის, დაეხმაროთ მას. ამით სიყვარულს გვასწავლის.
ქრისტემ ლაზარე აღადგინა და ის გაუჭირდება, რომ მე აღმადგინოს? თქვენ ვერ დამინახავთ, მაგრამ ითხოვეთ ღვთისგან და ლოცვას არ დაგაკლებთ, რომ ღმერთი ყველას შეგეწიოთ.
მძიმე ჯვარს ატარებს კათოლიკოს-პატრიარქი, ვინც მას განიკითხავს, თავზე აგუზგუზებულ ნაკვერჩხლებს დაიყრის.
საშინელი განსაცდელი მოელის ყველას, ვინც აბორტს იკეთებს, აკეთებს ან ამის ნებას იძლევა. სანამ დროა, უნდა შეინანონ ცოდვები და განუწყვეტლივ ილოცონ ღვთის წინაშე, რომ ჩვილთმკვლელობის ცოდვა მიეტევოთ.
როგორ იქნება დამშვიდებული სული ადამიანისა, როცა განსაცდელშია მოყვასი? თუ კაცს ავადმყოფი ჰყავს ოჯახის წევრი და მომვლელი თვითონ არის, მას ამ დროს წირვის მადლი სახლში აქვს.
შენს გაკეთებულ ჯვარსა და ხატზე რომ სხვა ილოცებს, ნახევარი მადლი შენზე გადმოდის.
თუ არ იცი მოყვასის სულიერი მდგომარეობა, რჩევას ნუ მისცემ, იქნებ შენი რჩევით დაიღუპოს კიდეც.
იცხოვრე ისე, რომ მარტო ღმერთს კი არა, ადამიანებსაც უყვარდე. ამაზე დიდი არაფერია.
გული ვისგანაც მოგეცა, იმასვე ეკუთვნის.
ადამიანი დაუღალავად უნდა მიისწრაფოდეს ღმრთისკენ. უფალი ამას რომ ხედავს, აძლევს ყველაფერს, რაც საჭიროა.
უფალი არ ტოვებს ადამიანს, ადამიანი ტოვებს უფალს. ჯოჯოხეთი უფლისგან განშორებაა
ღვთის განგებას კაცი ვერ ჩასწვდება. არსებობს დაშვება, ნება და განგება. დაშვებაა, როცა უფალი გვაძლევს თავისუფლებას. ჩვენ ადამიანები, რასაც გვინდა იმას ვაკეთებთ. როცა უფლის ნება შემოდის, ადამიანები განლიგებული, გაშტერებულები ვართ. ამ შემთხვევაში უფალს რაც სურს იმას გვაკეთებინებს. უფლის ნება ყოველთვის მაცხოვნებელია. ღვთის განგებულება მართავს ყოველივეს; ხან ნება მოქმედებს, ხან დაშვება. როდესაც რაიმე საკითხს ვერ წყვეტ და არ იცი როგორ მოიქცე, ღვთის განგებულებას უნდა მიანდო, ილოცო და აღარ იფიქრო მასზე.
ასევე დაგაინტერესებთ: "ვღელავდი? უფრო მეტი… ბავშვივით მიფანცქალებდა გული. არ ვიცოდი, რით დამეწყო, ყელში მებჯინებოდა სათქმელი..." - რა შეაძლებინა გოგი ხარაბაძეს პატრიარქმა
„შვილი არ მიჩნდება...“ - ტაძარი, სადაც მამა გაბრიელის სარტყელი სასწაულებს ახდენს