„სამი თვე ჩავიკეტე, არ ვჭამდი. ჯეზიმ გადამარჩინა. ტკივილების ამტანი აღმოვჩნდი...“ - ჯაზლეგენდა, გიული ჩოხელი თავის ტრაგედიასა და პირადზე

giuli

 ქართული ჯაზის ისტორია - ეს 87 წლის გიული ჩოხელია. მრავალფეროვანი ცხოვრების ბოლო დეკადაში, ისევ მხოლოდ ჯაზია მისი ყოველდღიურობა. ჯეზი - პუდელი კი, ქართველი ჯაზლეგენდის გულშემატკივარი და სიბერის თანამგზავრი გახლავთ.

"პრაიმტაიმთან" იხსენებს იმას, რაც ყველაზე მეტადაა მასში დალექილი. ჯაზი, ტრაგედია, ხალხის სიყვარული, ისევ ჯაზი, მარტოობა, დაიგნორებული აწყმო და საკუთარ ბიოგრაფიაში ცხოვრება.

გიული ჩოხელი: - მე რომ ჯაზის შესრულება დავიწყე, აქ ფანდურს ახურებდნენ. ერთ-ერთი პირველი კონცერტი 16 ჯაზმენმა რომ გავმართეთ, ქართულად რატომ არ იმღერეთო, წამოგვიყენეს "პრეტენზია". ხომ ეწერა, რომ დღეს ჯაზ-კონცერტი ტარრდებოდა, ჯაზი კიდევ ქართულად არ იმღერება-მეთქი, იყო ჩემი პასუხი. ქართული სიმღერების კონცერტი ხვალ იქნება-მეთქი.

არ ვეწეოდი, არ ვსვამდი და დროსაც არ ვატარებდი. თუ კონცერტი არ არის, დღესაც ათის ნახევარზე უკვე ლოგინში ვარ. ვფიქრობ, ვფიქრობ და ათისკენ ჩავიძინებ.

ძილის წინ ჩემს წიგნებზე, ლექსებზე ვფიქრობ. მე ამ დღევანდელ ცხოვრებაში არ ვცხოვრობ. კრიტიკოსი გავხდი. რადგან ვიცი, რა არის სიმაღლე, ხელოვნების, კოსმოსის დონე. ვიღაც რომ გამოდის და მაიმუნობს, ცუდად ვხდები, ამიტომ მირჩევნია არ ვუყურო. 

არ მომწონს, რომ ბავშვები კომპიუტერებთან სხედან და სხვის ცხოვრებას აკოპირებენ. ამ დროს საკუთარ თავში არ იხედებიან, ეგებ გენიოსები არიან და კარგავენ თავს. ხედვა არ აქვთ, ინდივიდუალიზმს ვერ პოულობენ და ერთმანეთს ემსგავსება ყველა. 

დილის ექვს საათზე ვიღვიძებ. წარბებს ვიხატავ, ოდნავ პომადას გადავისვამ, რომ მკვდარს არ ვგავდე, ნაქსოვ ქუდს წამოვიმხობ და პუდელი გამყავს სასეირნოდ. ჯეზიიი, გულიაწ. ამომახტება და მკოცნის. უყვარს სეირნობა სკვერში. იქ ყველა იცნობს, ეალერსება. უმაკიოჟოდ ხომ გავდივარ, მაინც მცნონებენ. ეს აბეზარი ყურადღება მოსაბეზრებელია. თუმცა როცა სიყვარულს გამოხატავენ, ეს რა თქმა უნდა, სასიამოვნოა.

დილაობით ხომ ცივა, ჩასხდებით მე ჯეზი მანქანაში, ჩავრთავ ჯაზს და სანამ მე მანქანას ვქოქავ, ჯეზი თათებით ჰყვება ჯაზის ტემპს, სვინგზე ხურდება. მაგას ვენაცვალე. მაგან გადამარჩინა. მე ხომ შვილი დამეღუპა. ახლა ჯეზია ჩემი შვილი. შვიდი წელია, მეტი კი - არა. ძლივს გამოვედი ამ მდგომარეობიდან. სამი თვე ჩავიკეტე, არ ვჭამდი, არ ვსვამდი, ოცი კილო დავიკელი. არ მინდა ამ თემაზე.

ძალიან ძლიერი, ტკივილების ამტანი აღმოვჩნდი. მძიმე ბავშვობა მქონდა. მეორე მსოფლიო ომი, 27 წლის დედა, მე პატარა, მამა ომში დაიღუპა. მშვივრები, ჩაუცმელები ვიყავით. ერთხელ დამსვა დედამ და მითხრა, რაღაც უნდა მოგასმენინოო. პატარა რადიომიმღები გვქონდა. "ამერიკის ხმის" მოსმენისთვის ხალხს იჭერდნენ. ამიტომ დიდი პლედი გადავიხურეთ თავზე, მოკლე ტალღით დაიჭირა "ამერიკის ხმა". და უილის ქონოვერი!!! ვაიმე, რა ჯაზი წავიდააა...!

შვიდი-რვა წლის ვიქნებოდი. მივხვდი, რომ ეს ჩემი მუსიკა იყო. ელა ფიცჯერალდი, ჯონ უილიამსი - უბერავდნენ. ჯაზმენად უნდა დაიბადო. ჯაზი უნდა იგრძნო. ყველა ინსტრუმენტს ვგრძნობ, მთელ არანჟიროვკას. ეს რომ უკრავს, აბა, მეორე ინსტრუმენტი როგორ შევა... მაინტერესებს. მუსიკას კი არ ვისმენ, შიგნით ვარ. აი, ეს მაინტერესებს და არა დღევანდელი ცხოვრება.

ვუსმენ ჩემს სიმღერებს, სხვა ჯაზმენებს, ბოსანოვას. 

შინაგანად 30 წლის ვარ, როდესაც ჯაზს ავყვები, მაშინ 25 წლის ვხდები. სხვანაირად მაქვს შინაგანი ცხოვრება მოწყობილი. შენ თუ გაქვს შენი საყვარელი საქმე, ასაკს ვეღარ აქცევ ყურადღებას. მსმენელამდე თუ მიიტანე სათქმელი, მაშინ ხომ ნამდვილი ხარ. თორემ ერთ სიმღერას რომ იმღერებენ, "ვარსკვლავობენ" და ცოტა ხანში აღარ ახსოვთ, ამაზე მეცინება. ეს ტყუილია, არა ნამდვილი. 

ამერიკაში, ბრაზილიურ კლუბში, შევხვდი გიტარისტსა და ავტორ-შემსრულებელს, ჯოა ჯილბერტოს, ბოსანოვას პიონერს და ის რომ ბრაზილიურად მღეროდა, მე ქართულად ვყვებოდი.

ახლა ერთი თვის წინ ამერიკიდან იყო გადამღები ჯგუფი და ჩემზე დოკუმენტური მინი ფილმი გადაიღეს. იმის წინ გერმანულ ჯგუფს ვუმასპინძლე და ჩემი წიგნის  სახელი დაარქვეს ფილმს - "ეს იყო სიზმარი".

შვილიშვილი გიორგი მოსკოვში ცხოვრობს და აგვისტოში ათი დღით ჩამოდის. შვილებთან ერთად მსტუმრობს. შეკვეთილში სახლი მაქვს, ზაფხულს იქ ვატარებ. 

სინანული არ მაქვს. გული მწყდება იმაზე, რომ კარიერის დასაწყისში და ზენიტში ასვლისას, ჩემი ხალხისთვის სიმღერის საშუალება არ მქონდა. ჯაზი არ შეიძლებოდა. ჩემი მუსიკის წამებული დრო იდგა. სადღაც სახალინში მგზავნიდნენ, დასაკარგავში გვიშვებდნენ, ვინ იყვნენ მსმენელები, არ ვიცოდით. მე რომ ჯაზს ვმღერი, მაყურებლის თვალებში უნდა დავინახო ეს მუსიკა, უნდა ამყვეს. მე ვარ იმპროვიზატორი, შესრულების დროს გიჟი, მოგეწონებით. ამიტომ ამგვარ კავშირში უნდა ვყოფილიყავი მაყურებელთან.

ამერიკაში მიწვევებით ჩავდიოდი. ებრაელი მილიონერები - ჩოხელი ჩამოვიდესო, მითხოვდნენ. ხან ბრილიანტის ბეჭდებს მთავაზობდნენ და არ ვიღებდი (არ მიყვარს ძვირფასეულობა). ის ჰონორარი, რაც მე ჩემი დამსახურებით მეკუთვნოდა, არასდროს მიმიღია.

დღე, რომელიც არასდროს მავიწყდება არის: ვარ ხუთი წლის, ომია. შიმშილია. მოსახლეობაში პურის წიგნაკებია, ერთთვიანი. წარადგენ - გაძლევენ პურს. არ გაქვს, მშიერი ხარ. დედა ვასო აბაშიძის სახელობის მუსკომედიის თეატრის პრიმა მსახიობი იყო, ელიკო ჩოხელი. მთელი დღეები თეატრში იყო. სახლს მე ვალაგებდი, მაღაზიაში მე დავდიოდი. მოკლედ, ყინვაა. სვანეთის უბანში ვცხოვრობდით. მოვრბივარ პურის მაღაზიაში. მუჭში მაქვს პურის წიგნაკი. რიგია. მშია. ძლივს მივედი გამყიდველამდე. წიგნაკი, დამიძახა. გავშალე ხელი, არაფერი მიჭირავს...! გავიქეცი და ყველა იმ ადგილას ვიყურები, სადაც გავჩერდი. არსად არ არის. ალბათ, ვინმემ აიღო. ეზოში გვედგა დიდი თუთის ხე. ამ ხეზე ვიჯექი ხოლმე და ვმღეროდი. ჩემი ბროდვეი იყო. მივვარდი ანერვიულებული, ავძვერი ამ ხეზე და დავჯექი. საათობით ვიჯექი. მოვიდა დედა. კიდე ხეზე ხარ, ჩამოდიო. როგორ ჩავიდე, პურის წიგნაკი დაკარგულია და ერთი თვე უპუროდ გვიწევს ყოფნა! როგორ ვუთხრა? რა მოგივიდაო, შემნიშნა დედამ რომ რაღაც მჭირდა. თბილი ქალი იყო. გავუმხილე, რაც მჭირდა. არა უშავსო. როგორ არა უშავს-მეთქი? გავოცდი მის რეაქციაზე. ბიძამ (მისმა დის ქმარმა) მჭადის ფქვილი ჩამოიტანა სოფლიდან და მშივრები არ ვიქნებითო... მე კინაღამ გული გამისკდა და ასე შეხვდა დედა ამ ამბავს. ეს ისტორია ისეა ჩემში ჩაბეჭდილი. ის ხუთი წლის გიული ჩემში ცხოვრობს, სულ ჩემთანაა... 

დეპრესია? არა, არც ვიცი რა არის. მე მაქვს შიგნით მათრახი და რაღაც სისუსტეს რომ ვიგრძნობ, შემოვირტყამ ამ მათხრახს და ჩემს თავს ვეტყვი: აბა, გიული, წესიერად-მეთქი და ვაგრძელებ. შენი თავი არ უნდა მიუშვა. 

მე ჩემი საქმე დავდე. მორჩა! თავისუფალი ვარ! მთავარია, რომ ჩემმა ხალხმა შემიყვარა.