დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ტარიელ ხარხელაურმა 1979 წელს, ახლად დაბადებულ ქალიშვილს, ლექსი დაუწერა. ის ლექსში გვანცას ურჩევს, რომ "სხვათა სისხლს" არ შეერიოს, ანუ უცხოელთან არ შექმნას ოჯახი.
შემოქმედი მამის ამ წინათგრძნობას თუ სამყაროში გაშვებულ სურვილს, წლების შემდეგ მოჰყვა ის, რომ გვანცა ინგლისელზე გათხოვდა. მაიქალ ქობელი და გვანცა ხარხელაური ინგლისში, Bournemouth-ში ცხოვრობენ.
აი, რას წერს ლექსში პოეტი.
გაივლიან წლები, მომაქცევენ ნაცრად,
ჩაივლიან წყლები, დასტოვებენ არცრას,
შენ ცისფერი ხდები, ქალბატონო გვანცა...
როცა დაჰქალდები, თვალს აუმღვრევ კაცებს,
ვიცი, ნაცად გზებით ვინმე მოგიტაცებს -
თუ, განგებამ იცის, ჩვენ ვტყუვდებით ხშირად...
ოღონდ სხვათა სისხლს არ შეერიო, შვილო,
ოღონდ საქართველოს ექეც დედაბურჯად.
იმედიღა გვათბობს, მერე ბევრსა ვნანობთ,
ვახ, თუ ისევ დავთმოთ სიმტკიცისა გამო,
გამრავლება გვმართებს არა
მარცვალ - მარცვალ,
გამრავლება გვმართებს,თორემ
წაგვართმევენ ამ მთებს,
ქალბატონო გვანცა.
ტარიელ ხარხელაური (1979-12 ნოემბერი)
პოეტს დავუკავშირდით.
ტარიელ ხარხელაური: - ეს ლექსი მაშინ დავწერე, გვანცა რომ დაიბადა. ჰო, რა თქმა უნდა, ვგულისხმობდი, რომ უცხოელს არ გაჰყოლოდა ცოლად. მსურდა, რომ ქართველთან შეექმნა ოჯახი. თუმცა ინგლისელი სიძე მყავს.
აღმოჩენა იყო, როდესაც მაიქალ ქობელის ფეისბუქზე, შემთხვევით, მისი ნათლობის ფოტოებს გადავაწყდი. ის სვეტიცხოველში დეკანოზმა პეტრე კვარაცხელიამ 2012 წელს მონათლა.
აი, როგორ იხსენებს ამ ფაქტს მამა პეტრე "პრაიმტაიმთან".
პეტრე კოლხი: - გარდა იმისა, რომ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ნათლობის რიტუალი შევასრულე, მე ვარ მაიქლის ნათლია. მას იმდენად უყვარს ქართული ტრადიციები, ჩვენი შეხედულებები, რომ მისი სურვილით გახდა მართლმადიდებელი.
შეუძლებელია, ტარიელის სიძეს საქართველო და ქართული ღირებულებები არ უყვარდეს.
ჩემთვის სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ტარიელ ხარხელაურის სიძის ნათლია ვარ. ამას პირველად თქვენთან ვაღიარებ.
საოცარი მემკვიდრეობა ჰყავთ.
ტარიელის ოჯახი ჩემი ოჯახია. ჩვენ ერთმანეთთან სიღრმისეული ბმა გვაქვს. ის მთელი ერისთვის სათაყვანებელი პოეტია, მაგრამ უნდა იცოდეთ, ტარიელის მეუღლე რა ადამიანია.
დღეს ქალბატონი მარინა იუბილარია. ძალიან გამიხარდა, რომ ახლა მილოცვის საშუალება მომეცა. ვისარგებლებ ამ მომენტით და მას "პრაიმტაიმის" მეშვეობით ვეტყვი:
ჩემო ძვირფასო ადამიანო, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ტარიელი ასეთი მაგარი პოეტია. რომ არა მარინას ასეთი ძლიერი და უდრეკი ხასიათი, მისი ადამიანური მიდგომები და დამოკიდებულებები, არა მგონია, რომ ტარიელ ხარხელაური ასე მყარად მდგარიყო ფეხზე.
მიუხედავად იმისა, რომ მარინასა და ტარიელს შორის ასაკობრივი სხვაობაა, იმის მიუხედავად, რომ უმძიმესი და აუწონავი ტრაგედია (შვილი საკუთარ ეზოში მოუკლეს) გადაიტანეს, რომელიც სულ თან დაჰყვებათ აჩრდილივით, მარინა დაუღალავად და მტკიცედ უდგას ქმარს გვერდით. ჩვენს სათაყვანებელ პოეტს, როგორც შვილს, ისე უვლის. ისე პატრონობს, რომ ტარიელის თვითნაბად ნიჭს ჩრდილს ვერაფერი აყენებს.
დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ გიდგას გვერდით, როგორ გეხიდება, მხარში გიდგას და ცდილობს პირადი თუ პოეტური ტრაგედიები და ტკივილები, სვიმონ კვირინელივით ზიდოს (მაცხოვრის ჯვარი გოლგოთამდე სვიმონ კვირინელმა ზიდა), როგორც ჯვარი. მარინა თავის ტკივილთან ერთად, ტარიელის პიროვნულ სიძნელეებსაც დაატარებს. ამიტომაც მას სამართლიანად ეკუთვნის ყველა ის ლექსი, რასაც მას მეუღლე უძღვნის. მე ვთვლი, რომ ტარიელ ხარხელაურის მარადიული შთაგონების წყარო მისი უძლიერესი, უკეთილშობილესი მეუღლე - მარინა ხარხელაურია. მინდა მზით და სიყვარულით სავსე ლექსები აწერინოს ტარიელს.
მინდა დიდხანს გვყავდეს ტარიელი და მარინა. თქვენი მეშვეობით კიდევ ერთხელ ვულოცავ და გამძლეობას ვუსურვებ.