"საავადმყოფოში ოთხი საათი ალოდინეს, მერე ვიწრო პალატაში მისი მისამართით გაიგონა - "შეგვავიწროვესო"! უკან აღარ შებრუნებულა..." - 17 მარტი გალაკტიონის გარდაცვალების დღეა

gala

ყველას თავისი გალაკტიონი ჰყავს და უყვარს. მისი რითმები და სტრიქონები თითქოს სისხლში დაგვდის და სტრუქტურას გვიყალიბებს.

17 მარტი პოეზიის მეფის გარდაცვალების დღეა...

დღეს თუკი ვინმეს ყველაზე მეტი მგზნებარებით გალაკტიონზე ეფიქრება, ეს პოეტი ვახტანგ ჯავახაძეა, რომელმაც გალას შემოქმედებისა და ცხოვრების აღწერას, თითქმის მთელი ცხოვრება მოანდომა. მან ორი წლის წინ ტაბიძის ბიოგრაფიული რომანის, “უცნობის” რიგით მეშვიდე გამოცემაც შესთავაზა მკითხველს.

90 წლის პოეტი ნანობს, რომ მეტად გახსნილი და თამამი არ იყო გალაკტიონთან, რომ უფრო მეტი გაეგო მასზე.

ვახტანგ ჯავახაძე: – 35 წელია გალაკტიონზე ვფიქრობ… და იცით, რას ვნანობ? გალაკტიონთან, მისი სიცოცხლის ბოლო ორ წელს, შეხვედრები მქონდა, მისი წიგნი შევადგინე, რედაქტორი გახლდით. საშუალება მქონდა მასთან აქტიური საუბრები და კონტაქტი მქონოდა, მაგრამ არ ვიყავი თამამი რედაქტორი, 26 წლის გახლდით მაშინ. მერიდებოდა მისი. საკმარისი საუბრები გვქონდა, რაც წიგნის შედგენისთვის საჭირო იყო. გალაკტიონს უყვარდა ახალგაზრდებთან ურთიერთობა. მეტი ურთიერთობის შანსი მქონდა, მაგრამ მაქსიმალურად ვერ გამოვიყენე. აი, ამას ვნანობ. არ მეგონა, რომ ვერ მოვასწრებდი მასთან ურთიერთობას. ვიდრე 1959 წელს წიგნი “რჩეული” გამოვიდოდა, გალაკტიონმა თავი მოიკლა. ვერ მოვასწარი, რომ მასთან უფრო ახლოს ვყოფილიყავი.

როგორ ჩარჩა თქვენს მეხსიერებაში გალაკტიონი?

– არა მხოლოდ, როგორც დიდი პოეტი, არამედ, როგორც უცნაური და ამოუხსნელი პიროვნება. ბევრი კითხვა მაწვალებს – რატომ მოიკლა თავი, რატომ არ საუბრობდა თავისი ბუნებრივი ხმით და მუდამ რატომ ატარებდა ნიღაბს? ბევრი კითხვის ნიშნები დატოვა. ბოლომდე ვერ ამომიხსნია ეს კითხვები.

ვერ შეატყობდით, მაგრამ ახლობლებმა იციან, რომ ზოგჯერ, თავის ბუნებრივ ხმას იბრუნებდა. ამის ფაქტები არსებობს და აქედან დაასკვნეს, რომ ის ხმა, რომლითაც ის საუბრობდა, თურმე დაყენებული ყოფილა. როგორც მსახიობი იყენებს ხმას, ასე იყო ისიც. 

გაუცხოებული იყო გალაკტიონი, არავისთან გულწრფელი არ იყო. ცოლიც კი გაუბრაზდა ერთხელ, ოლია, რომელმაც უთხრა, შენ არასდროს მოიხსნი მაგ წყეულ ნიღაბსო. ოლიამაც იცოდა, რომ მთელი ცხოვრება ნიღაბს ატარებდა და გულწრფელი არ იყო, ცოლთანაც კი.

სასიამოვნო ხმაზე არტისტულად საუბრობდა. დამიჩქარე წიგნი, ძამიკო და რომ გამოვა, მე ვიცი შენი პატივისცემაო, მეუბნებოდა. მე მოგვიანებით, როცა გალაკტიონის დღიურები და არქივი შევისწავლე, მერე აღმოვაჩინე, რომ მისი ბუნებრივი ხმა შენახული ჰქონდა. ძველ ნაცნობს რომ ნახავდა, მაშინ თუ “წამოცდებოდა” თავისი ხმა.

და მაინც თქვენ, რომელმაც გალაკტიონის ბიოგრაფიის შესწავლას და მასზე მუშაობას შეალიეთ ათწლეულები, მისი თვითმკვლელობის მიზეზებად რას ვარაუდობთ?

– ერთი მიზეზი არ ექნებოდა. თვითმკვლელობის მთავარი მიზეზი მისადმი დამოკიდებულება მგონია, რომელსაც მთავრობა, მწერალთა კავშირი და მისი ოჯახი იჩენდა. ეს ყველაფერი დაუგროვდა. მთელი ცხოვრება თვითმკვლელობისთვის ემზადებოდა. ბოლოს საბაბი პატარა რაღაც გახდა და ეს მზადება სისრულეში მოიყვანა კიდეც.

საავადმყოფოში რომ მივიდა, ოთხი საათი ალოდინეს. მერე პატარა, ორსაწოლიან პალატაში შეიყვანეს, სადაც იყვნენ პაციენტები და გალაკტიონს დაუდგეს მესამე საწოლი. იქ პაციენტის ცოლმა თქვა, შეგვავიწროვესო. ეს გაიგონა გალაკტიონმა, გავიდა პალატიდან, სადაც არც შებრუნებულა, სამი საათი სეირნობდა და ფანჯრიდან გადახტა კიდეც. შეიძლება ის ერთი სიტყვა – "შეგვავიწროვეს" გახდა საბაბი, რომ მას თავი მოეკლა. ეტყობა, კარგად ჰქონდა ჩაფიქრებული და "ლამაზად" გააკეთა ეს…