"დიდ სუფრებს და გაუთავებელ ქეიფებს, დროის ფუჭად ხარჯვად მივიჩნევ... არ გავურბივარ, მაგრამ დროის კარგვა არ მსიამოვნებს" - ტარიელ ხარხელაური 77 წლის გახდა

tarieli

ტარიელ ხარხელაური 11 დეკემბერს 77 წლის გახდა. პოეტს საკუთარი დაბადების დღე არ უყვარს და "პრაიმტაიმთან" ამბობს, რომ სიმშვიდე ფეისბუქმა დაურღვია. თუმცა ხმაურს მაინც ვერ ასცდა და ბიძაშვილმა დაბადების დღე რესტორანში გადაუხადა.

ტარიელ ხარხელაური: საკუთარი დაბადების დღე არ მიყვარს. არ მსიამოვნებს გამორჩეული დღე და მისი აღნიშვნა. შობის და აღდგომის გარდა, არც ერთი დღის აღნიშვნა არ მიყვარს. არც ახალ წელს გავდივარ სახლიდან.

ჩემთვის სხვისი დაბადება ბევრად სასიხარულო და სასიამოვნოა, ვიდრე საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა. საჩუქრის მიღებაც კი მერიდება. დაბადების დღის არც "მხატვრულად" მილოცვა მიყვარს, არც აღნიშვნა. საბედნიეროდ ეს ჩემმა ოჯახის წევრებმა იციან. თუმცა გუშინ შვილიშვილებმა, სახლში მისულს, სანთლებიანი ტორტი დამახვედრეს. ჩააქრე სანთელიო, რომ მითხრეს, მე ვუპასუხე, სანთელი კი არ უნდა ჩააქრო, სანთელივით დნობა უნდა ისწავლოთ-მეთქი.

სოციალურმა ქსელმა ამირია რეჟიმი და იქ რომ ნახავენ - დაბადების დღე მაქვს, 5 დეკემბრიდან იწყებენ მოლოცვას. ფეისბუქის მერე დაკარგული მაქვს სიმშვიდე. თუმცა მეორეს მხრივ, ყურადღებას რომ იჩენენ და სითბოს გამოხატავენ, მერიდება... როგორ არ უნდა ვიყო ბედნიერი, როცა შენი მისამართით ამას ხედავ. მადლობა უფალს, ეს ჩემი დამსახურება კი არ არის, ეს უფლის ნებაა...

გუშინ ჩემმა ბიძაშვილმა მაინც წამიყვანა რესტორანში, ვერ გავექეცი სუფრას. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი მე და ჩემს ბიძაშვილს და ამ ხათრმა "დამღუპა". შემოვრჩი კარგა ხანს სუფრას.

გაუთავებელ ქეიფებს დროის ფუჭად ხარჯვად მივიჩნევ. დიდ სუფრებზე ჯდომა არ მსიამოვნებს. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს მოვალეობის მოხდის მიზნით ვზივარ. ძალიან გადამეტებულად და უსასრულოდ გაწელილად ვიცით ქეიფი. მერე სხვა სუფრასთან ნაცნობი გადაგიპატიჟებს, მერე მესამეზე და უკვე ჟრიამულში გადადის. ამას კი არ გავურბივარ, მაგრამ დროის დაკარგვა არ მსიამოვნებს. ადამიანი მუდმივად თავისი თავის გაზრდას უნდა ცდილობდეს. უნდა გახსოვდეს, რომ სრულყოფილი არ ხარ, ვერც ვერასდროს იქნები, მაგრამ დღევანდელ დღეზე უკეთესობას უნდა ეცადო. ანალიზი მუდმივად უნდა აკეთო, რა დროს როგორ გიცხოვრია, რა დროს დაგიშვია შეცდომა, სწორად მოქცეულხარ თუ - არა. ეცადო, ცუდი არ გაიმეორო... 

მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს დიდ ხანს სუფრასთან ჯდომა, გაპარვით არასდროს გავპარულვარ. გაპარვა საერთოდ არ მიყვარს. ჩემი ცხოვრების სტილი არ არის. ვამბობ, უნდა წავიდე-მეთქი და ასე მივდივარ. 

ჩვენ ზომიერებას ვარღვევთ სადღეგრძელოებშიც. იმაზე მეტი არ უნდა თქვა, რასაც არ ვიმსახურებთ. ყველაფერი გადამეტებული გვიყვარს...

დიდი მადლობა ყველას მოლოცვისთვის და ყურადღებისთვის. მადლობა თქვენ...