დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„საქართველოს რესპუბლიკის კულტურის და ხელოვნების ქურუმი“ მსახიობი და მწერალი გივი სიხარულიძე 1944 წლის წლის 28 თებერვალს დაიბადა თბილისში. მშობლები პედაგოგები ჰყავდა - მამა, დიმიტრი სიხარულიძე, სკოლის დირექტორი, დედა - ეთერ ტალალაევა (ეროვნებით რუსი) - რუსულის მასწავლებელი გახლდათ.
გივი სიხარულიძის სამსახიობო კარიერა, 1972 წელს დაიწყო ფილმებით „გასეირნება“ და „ჭიდაობას რა უნდა“. შემდეგ იყო „ტურანდოტი“, „გაჭედილები“, „დაუმთავრებელი პორტრეტი“, სერიალი „ცხელი ძაღლი“ და ა.შ.
მსახიობს განსაკუთრებული პოპულარობა და საერთაშორისო აღიარება, რეჟისორ თემურ ბაბლუანის ფილმმა „უძინართა მზემ“ მოუტანა. სამსახიობო კარიერისა და აქტიური ცხოვრების წესის მიუხედავად, მის ცხოვრებაში ოჯახს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა. გივი სიხარულიძის მეუღლე რუსუდან ჯოჯუა პროფესიით ექიმი გახლდათ, თუმცა ქმრის მრავალფეროვანი ცხოვრების თანამოზიარე იყო. ქალბატონი რუსუდანი, 1998 წელს მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
პროფესიით აგრონომი, მწერალი, კინომსახიობი, ყოფილი მოცეკვავე, სახელმწიფო ანსამბლის ბალეტმაისტერი, სპორტსმენი - მთის და წყლის მოთხილამურე, ჩოგბურთელი გივი სიხარულიძე „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, პირად ცხოვრებაზე და წარმატებებზე, გულახდილად საუბრობს:
ჩემი მეუღლის გარდაცვალებიდან, 25 წელი გავიდა, ცოლი არ შემირთავს. როცა მყავდა, იმ დროსაც დავდიოდი ქალებში, მაგრამ არ ეჭვიანობდა, მშვენივრად იცოდა ვისაც გაჰყვა ცოლად. მთელი ჩემი ცხოვრება დავდივარ ქალებში, მაგრამ ის იყო მთელი ჩემი ცხოვრება, წმინდა სანთელი და ხატება.
სულიერად, მისთვის არასდროს მიღალატია, ხორციელად კი. მის სურათთან, ყოველთვის ცოცხალი ყვავილებია. ლექსებიც კი მივუძღვენი - „...ხატება ჩემი ცოლია, სურათი მისი ნათება, სევდის მორევში ჩამძირეს, იქ ანთებულმა სანთლებმა“.
როცა გარდაიცვალა, ჩემ თავს ვუთხარი, ცოლს აღარ მოიყვან -მეთქი. არც სურვილი მქონია, ჩემი მეუღლის სამარეში ჩასვლის შემდეგ, ამ საკითზე, საკუთარ თავთან ფიქრიც კი ავკრძალე. სხვა იმიტომ აღარ შევირთე, რომ ის, ჩემი მეუღლე კი არა, თანამებრძოლი იყო. ცოლი შეიძლება გამოიცვალო, მაგრამ თანამებრძოლებს არ იცვლიან!
ცოლად რომ შევირთე, 25 წლის ვიყავი, არეული ცხოვრება მქონდა, სულ დასაჭერად დამდევდნენ. იმ პერიოდში, ცუდ წრეში ვტრიალებდი, „ძველი ბიჭი“ ვიყავი. როცა ჩემთან შეუღლება გადაწყვიტა, მთელი ნათესაობა, მის წინააღმდეგ წავიდა.
დედის მამა, ბაბუა, ძალიან მდიდარი კაცი იყო. ერთადერთი „საპნის ქარხანა“ იყო მთელ საქართველოში და 30 წელი, მისი დირექტორი გახლდათ. ემუქრებოდნენ, მშიერი მოკვდები, ყველაფერს დაკარგავ, თუ მაგ ბანდიტს გაჰყვები ცოლადო. ჩემმა მეუღლემ უპასუხა, ეგ ბანდიტი მირჩევნია, ყველა თქვენგანს, დაე, მოვკვდე მასთან ერთადო!
მართალია, ბევრი წინააღმდეგობა შეგვხვდა, მაგრამ როგორც დედოფალს შეეფერება, ისე ვაცხოვრე. ძალიან კარგი ხალხი აღმოჩნდა ბებია და ბაბუა, მალევე შეურიგდნენ, მაგრამ ჩემ ცოლს ვუთხარი, მათი არაფერი მინდა, თუ რამეს გამოართმევ, გაგშორდები -მეთქი.
დღემდე ვამბობ, რომ ასეთი ბებია და ბაბუა, არავის ჰყოლია, ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ, მაგრამ არავინ არაფერში გამომიყენებია, ჩემ ცოლს კი, ზღაპარი ცხოვრება მოვუწყვე, ჩემთან ერთად ბევრი „შარი“ გაიარა, მაგრამ თუ რამე არსებობს, რაც ქალს სჭირდება, ყველაფერი ჰქონდა.
მე მხოლოდ, ჩემი ოჯახისთვის და შვილებისთვის ვიცხოვრე. რა მექნა, ფული ხომ უნდა მეშოვა, პედაგოგობით ოჯახს ვერ ვარჩენდი. მართალია, ჩემი მშობლები, მასწავლებლები იყვნენ, მაგრამ მე სხვა ცხოვრებით ვცხოვრობდი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამ ყველაფერს შევეშვი და ცხოვრება ნულიდან დავიწყე.
- შვილებზე მოგვიყევით...
2 ვაჟი მყავს, უფროსი, ჯაბა სიხარულიძე - პროფესიონალი მოცეკვავე და ყოფილი სპორტსმენია. დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი და ამჟამად, პოლკოვნიკია. ჩემი ანსამბლის სოლისტი იყო, ასევე, ცნობილი წყლის და მთის მოთხილამურე. ჩემ კვალს გაჰყვა, მაგრამ ყველაფერში მაჯობა.
ბექა მსახიობია, 25 წელია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ჰოლივუდში, რამდენიმე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. ცოტა ხნის წინ, სტივენ სპილბერგმა (ოსკაროსანი რეჟისორი) გადაიღო ფილმში. მისი პირველი ფილმი - „ბაბუს მევალე“(2015 წ.), რომელიც ჩემი ნოველის მიხედვით არის გადაღებული, 7 საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატი და 6 ნომინაციის მფლობელია.
- კუბელ შვილზე მოგვიყევით...
1961 წელს კუბაში ვიყავი გასტროლზე და იქ გავიცანი დედამისი. ამ ბიჭს ბებია რომ გარდაეცვალა, სიკვდილის წინ უთხრა, რომ ქართველი მამა ჰყავდა - გივი სიხარულიძე. მან მომძებნა, დაახლოებით 10 წლის წინ, საქართველოში ჩამოვიდა.
სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ დარჩა ვაჟი, ანუ ჩემი შვილიშვილი, რომელიც კუბაში ცხოვრობს. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. დავეხმარე და ფეხბურთის სტადიონი შევიძინეთ, იქ ძალიან იაფი ღირს. პროფესიით ფეხბურთელია, თავისი გუნდი ჰყავს.
- შვილი, რომელიც რამდენიმე წლის წინ უგზო-უკვლოდ დაიკარგა...
არ მინდა ამ თემაზე საუბარი, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. მისგან შვილიშვილი და ულამაზესი 5 წლის შვილთაშვილი მყავს. 6 შვილიშვილი და 4 შვილთაშვილი მყავს - ორი ამერიკაში ცხოვრობს.
- უდიდესი დამსახურებები და მიღწევები გაქვთ...
დღეს ვარ „საქართველოს რესპუბლიკის კულტურის და ხელოვნების ქურუმი“, ამაზე დიდი წოდება, კულტურის სამინისტროს არ აქვს. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ, ვარსკვლავი გამიხსნეს, ვარ ღირსების ორდენოსანი, ყველა პრემიის ლაურეატი, რაც ამ ქვეყნად არსებობს.
1962 წლიდან, ანსამბლის წევრი ვიყავი, მალე სოლისტი გავხდი, მთელი მსოფლიო მოვლილი მაქვს. ამის შემდეგ, 20 წელი სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ფოლკლორულ ანსამბლ „თბილისის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ბალეტმაისტერი ვიყავი.
ბევრ ფილმში ვარ ნათამაშები, მთავარ როლში. გარდა ამისა, ვარ პროზაიკოსი, 32 წიგნის ავტორი, რომლებიც მსოფლიოს 10 ენაზეა ნათარგმნი.
პირველი პრემია აშშ-ში ავიღე და მას შემდეგ, ბევრ წარმატებას მივაღწიე. პრემია ავიღე, არა ინგლისური თარგმანით, არამედ რუსულ ენოვანი. ინგლისური, იმდენად ცუდი ნათარგმნი იყო, მითხრეს, ვერ გავიგეთ, რა ენაზეა ნათარგმნიო.
რუსულმა თარგმანმა, მთელი მსოფლიო დამაპყრობინა. რუსულიდან გადათარგმნეს მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე. ჩემი წიგნის მთარგმნელი, ერთ-ერთი უნიჭიერესი, ულამაზესი ქ-ნი დინა ჭელიძე იყო.
სამწუხაროდ გარდაიცვალა, უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო ამ შესანიშნავი ქალბატონის მიმართ, რადგან სწორედ, მისმა ნათარგმნმა წიგნმა, უდიდესი შემოსავალი და წარმატება მომიტანა.
ორი რომანის - „კუდა მელია“ და „იამური“ ავტორი ვარ, დანარჩენი წიგნები, რაც გამოვუშვი, პროზა და პოეზიაა.
- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ...
მომავალი წლის 26 იანვარს, საჯარო ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში, ჩემი ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება. 29 თებერვალს, ახალი წიგნის - „საქართველო ძმობის და მეგობრობის აკვანი“, რომელსაც აწერია - „ ებრაული სიბრძნით და ქართული სტუმართმოყვარეობით გაბრწყინებული ქართველ ებრაელთა სახეები“, რომელიც ებრაელ ერს მივუძღვენი.
28 თებერვალს 80 წლის იუბილე მაქვს. მინდა, იქამდე ვიცხოვრო, სანამ შემიძლია ქალების სიყვარული! ჭადრაკს რომ ვითამაშებ ეზოში და „დამკას“, არ მინდა ეგეთი ცხოვრება. ქალებზე რომ უარს ვიტყვი, ჩათვალეთ, რომ უკვე გარდავიცვალე. თუ კაცს აღარ შეგიძლია, უნდა ჩაძაღლდე, მოკვდე!