"ქალბატონი, რომელმაც ბეთჰოვენი იხილა სიზმრად და "კონსერვატორიის სინდისს" ეძახდნენ..." - მევიოლინე როდამ ჯანდიერს თინათინ მღვდლიაშვილი იხსენებს

rodami

რამდენიმე დღის წინ 82 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და ნიჭიერთა ათწლედის პედაგოგი, პროფესორი,  ვირტუოზი მევიოლინე, მუსიკოსი, მრავალი წარმატებული შემსრულებლის აღმზრდელი - როდამ ჯანდიერი. ესტრადაზე ის ითვლებოდა ბეთჰოვენის ათივე სავიოლინო სონატის ერთადერთ ქართველ შემსრულებლად. 

2022 წლის 1 მაისს კონსერვატორიის საიუბილეო ღონისძიებაზე ქალბატონი როდამის 80 წლის დაბადების დღის აღსანიშნავად და უდიდესი ღვაწლის დაფასებისთვის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისგან მას სპეციალური ჯილდო გადაეცა.

ახლახან კი, სოციალურ ქსელში, ამ სამწუხარო ამბავს, ემოციური პოსტით ეხმიანება პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი. რატომ ებოდიშება ის მევიოლინეს და რისი რცხვენია, ამ პატარა წერილიდან შეიტყობთ.

"გარდაიცვალა დიდებული მუსიკოსი, მევიოლინე; ქალბატონი, რომელმაც ბეთჰოვენი იხილა სიზმრად. იყო მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას მეგობარი...

საოცარი, კეთილი, თავმდაბალი, სათნო და სანდო პიროვნება.
მას "კონსერვატორიის სინდისი" დაარქვეს მეტსახელად...

წლების წინ, სახლში ვესტუმრე და საკმაოდ დიდი მასალა ჩავიწერე, რომელიც დღემდე არ გამომიქვეყნებია.
ახლა კი, უბრალოდ, მრცხვენია...
უფალმა გაცხონოს, ქალბატონო როდამ. პირობას გაძლევთ, რომ თქვენი მასალა არ დაიკარგება.
ვწუხვარ! დიახ, ვწუხვარ და, მრცხვენია...
მომიტევე, კეთილო სულო...
მომიტევეთ თქვენ და დაობლებულმა ვიოლინომ...
თქვენი თინათინ მღვდლიაშვილი" - წერს პოეტი ფეისბუქზე.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

"კაცები იდეალს ხედავდნენ მასში. ვინ არის ჭეშმარიტი ვაჟკაცი? ვისაც შეუძლია თავდავიწყებით უყვარდეს ერთი ქალი. ასეთი იყო კახი" - საინტერესო ფაქტები კახიზე

რატომ არიან დები ფანდურებით საფლავის ქვაზე და რატომ ჰქვია იმ სოფელს სამღერეთი?" - ეთერ თათარაიძე საოცარი ისტორიით

"მთელი ცხოვრება ოცნებებში გავატარე. გული და სული არ ბერდება. რაც ხარ, ის ხარ ბოლომდე..." - მზია მაღლაკელიძე 88 წლის გახდა