"პენსიაზე გავდივარ და საქართველოში ჩამოვდივარ... ყველაზე სასიხარულო სიახლე ჩემს ცხოვრებაში არის ის, რომ..." - რას გვიმხელს რეზო ჩხიკვიშვილი

rezo

9 მარტს რეზო ჩხიკვიშვილი 66 წლის გახდა. სამი ათეული წელია გერმანიის ქალაქ ესენის თეატრალური დასის წევრია. თუმცა უკვე პენსიაზე გასული თეატრს ემშვიდობება და სამშობლოს უბრუნდება. 

როგორც მსახიობი "პრაიმტაიმთან" ამბობს, ორი ქართული პროექტი ელოდება.

ხათუნა ვაშაძე ახალი ფილმის გადაღებას იწყებს. "ტყვიის" ძალზე წარმატებული საფესტივალო მოგზაურობის შემდეგ ახალ მხატვრულ ფილმში საინტერესო სამსახიობო ანსამბლს უყრის თავს. მათ შორისაა რეზო ჩხიკვიშვილი.

რაც შეეხება მეორე პროექტს, ეს ლაშა კანკავას რომანტიკული კომედია "მეგრული Day Off"-ებია. საქართველოში რეზო ჩხიკვიშვილის ბოლო ნამუშევრები სერიალ "სეანსში" განსახიერებული თერაპევტის როლი და მხატვრულ ფილმ "ექვთიმე ღვთისკაცში" ამ დიდი მამულიშვილის როლია.

რეზო ჩხიკვიშვილი: 30 წლის მოღვაწეობის შემდეგ, 17 ივნისიდან, ჩემს თეატრს ვემშვიდობები. პენსიაზე გავდივარ და საქართველოში ჩამოვდივარ. ერთდროულად ორ ქართულ მხატვრულ ფილმში ვითამაშებ.

26 მაისს გერმანიაში დიდი გამოსათხოვარი გალა კონცერტი მექნება,  8 ივნისს ესენის "გრილოს" სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენასაც დავემშვიდობები.

თუმცა ყველაზე კარგი და სასიხარულო ჩემს ცხოვრებაში არის ის, რომ მაისში პირველად ვხდები ბაბუა.