"მუდამ სხვებზე ფიქრობდა და ოჯახებს ეხმარებოდა. იყო დიდი, მორცხვი ბავშვი" - "დოჩანას" მოძღვარი იხსენებს

dochana

დღეს გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების დღეა. სამი წლის წინ, თავის დაბადების დღეზე, 26 მარტს, უკვე კლინიკაში იყო. თავს შეუძლოდ გრძნობდა... ერთ-ერთი ბოლო სატელეფონო საუბარი უწმინდესთან ჰქონია... 2021 წლის 3 აპრილს აღესრულა და კეთილი ღიმილით მარადისობაში, ვაჟთან წავიდა...

კლასიკოსმა პანდემიის პერიოდი აგარაკზე, მუხაწყაროში გაატარა... კვირაობით მასთან მოძღვარი, არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი მიდიოდა, აღსარებას იბარებდა და აზიარებდა. როგორც სასულიერო პირი "პრაიმტაიმთან" ამბობს, ძალზე ჰუმანური მწერალი, თავის მოძღვარს სახლში მეზობლებს ახვედრებდა, რომ მათაც მისცემოდათ ზიარების საშუალება... რა საოცარი და მისაბაძი საქციელია... ცხონება ჩვენ "დოჩანას"...

არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი: ძალიან ძვირფასი იყო ბატონ გურამთან ერთად გავლილი პერიოდი. დაახლოებით ცხრა-ათი წელი, როდესაც ის სამების ლავრაში ცხოვრობდა. საოცარი დრო იყო. წარმოიდგინეთ, ორი გვერდიგვერდ ოთახი, სადაც ერთში - რეზო ჩხეიძე ცხოვრობს, მეორეში - გურამ დოჩანაშვილი. ამ ადამიანებთან ყოველდღიური ურთიერთობა და მეზობლობა მართლა საოცრება იყო. 

იქ კი გავიცანი, მაგრამ მერე ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობა გავაგრძელეთ. ჯერ ხომ ამ მასშტაბის ადამიანი იყო და შემდეგ, ოჯახის წევრად და პაპად მიმაჩნდა. შინაურულად ვგრძნობდი მასთან თავს. დიდი სიყვარული მაკავშირებდა.

ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა მისგან. რა ჩარჩა ჩემში და... ძალიან დიდი სიკეთე. მუდამ სხვებზე ფიქრობდა. როგორც მწერალიც, როგორ მიიღებდა მის ნაწარმოებს მკითხველი და შემდეგ, ფიქრი მოყვასზე. ყოველთვიურად ჰონორარის 90 პროცენტს და ზოგჯერ, ასსაც გაჭირვებულ ადამიანებს ურიგებდა. ჰყავდა გამორჩეული ოჯახები, მეგობრის თუ გარდაცვლილი მეგობრის ოჯახები და ცდილობდა ყოველთვიურად დახმარებოდა. განიცდიდა, დახმარებას თუ ვერ ახერხებდა. 

ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო. დილის ექვსი საათიდან იწყებდა ლოცვას. იხსენიებდა ყველას, ცოცხლებს და მიცვალებულებს. 

დიდი ბავშვი იყო, მორიდებული და მორცხვი. სიყვარულს რომ გამოხატავდნენ ადამიანები, იბადრებოდა, მორიდებული და მორცხვი ხდებოდა. იყო გულწრფელი. თავის დამსახურებად არ მიიჩნევდა თავის ნაწარმოებებს. ამბობდა კიდეც, თუკი რაიმე მოგწონთ ჩემს ნაწარმოებში, ღმერთის დაწერილია, და თუკი რამე არ მოგწონთ, მე დავწერეო. ყველაფერს ღმერთთან აკავშირებდა. 

პანდემია რომ დაიწყო, ტაძარში ვერ მოდიოდა, აგარაკზე მუხაწყაროში გადავიდა მეუღლესთან ერთად. ცხოვრობდა ძალიან უბრალო სახლში. კვირა არ გავიდოდა, რომ მათთან არ ავსულიყავი, აღსარება არ ეთქვა და არ ზიარებულიყო. 

საოცარი რა იყო იცით, მის ირგვლივ მცხოვრებ მეზობლებსაც ეძახდა, ვინც ავად იყო, რაღაც პრობლემა ჰქონდათ, მამაო მოდის, აღსარება თქვით და ეზიარეთო... ზოგს სახლიც ვუკურთხე. მასთან მხვდებოდნენ მისი მეზობლებიც, ვიბარებდი აღსარებას და ვაზიარებდი. ერთგვარი მისიონერიც იყო.

ერთი მისი მეზობელი, ირაკლი ქართველიშვილიც ხშირად ეზიარებოდა და სხვათა შორის, ორი კვირის შუალედით, ერთ პერიოდში გარდაიცვალნენ ბატონი გურამი და ბატონი ირაკლი. 

ბოლო წიგნი, თავისი ტრილოგია, მუხაწყაროში დაასრულა... წმინდა მამებზე რაიმე თუ აინტერესებდა, სახარებისეული ტერმინები და განმარტებები თუ სჭირდებოდა, მთხოვდა, აბა, შენს ჯადოსნურ ტელეფონში ნახეო. 

ხვდებოდა მკითხველს, ახალგაზრდობას ეცნობოდა - სამეგრელოში, აჭარაში, კახეთში. ყველას უხაროდა ბატონ გურამთან შეხვედრა. მე მძღოლი ვიყავი (იცინის). ერთად დავდიოდით.

რაც მახსოვს ამ შეხვედრებიდან არის ის, რომ ბავშვები იყვნენ თვალცრემლიანნი რომ ხედავდნენ საყვარელ მწერალს, წიგნიდან გადმოსულს...

როდესაც ეკითხებოდნენ, რომელი წიგნი იყო მისთვის გამორჩეული, ყველას პასუხობდა, ნომერ პირველი წიგნი ბიბლიაა და ახალი აღთქმა და ყველას მის წაკითხვას ურჩევდა. 

ერთხელ ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზეც წამიყვანა. 

თავის ტრაგედიაზე არ საუბრობდა. აგვისტოში, როდესაც მისი შვილის გარდაცვალების პერიოდი მოახლოვდებოდა, იკეტებოდა და თავის დარდში იყო, ნაკლებად კონტაქტობდა. "სამოსელი პირველი" სახარებისეულია, ღვთისგან შორს არც არის, თუმცა ეკლესიურობა და მაზიარებლობა განსაცდელის შემდეგ დაიწყო.

ქალბატონი ნათელა და ბატონი გურამი განუყრელი მეგობრები იყვნენ. ქორწინების 50 წლის იუბილეზე, ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში მამა ელისემ დაწერათ. 

ჰქონდა განსაკუთრებული იუმორი, ყველაფერზე ხუმრობდა. 

ბოლოს, კლინიკაში ჭამაც შეწყვიტა. ტელეფონზე ვასაუბრე უწმინდესთან. იქნებ დაუჯეროს და რამე მიიღოს-მეთქი. გაამხნევა უწმინდესმა. რამდენიმე დღეში გულის უკმარისობით გარდაიცვალა კიდეც...

ეპოქალური ადამიანი იყო.

მართლა ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა მისგან. ღმერთმა ქნას, ცოტა რამ ამეთვისებინა მისგან.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

„წერას ვერ ვაგრძელებდი, რადგან ღვთისმშობელს ვერაფერს ვადარებდი. დღეს დილით კი იდეა მომივიდა... გვითხრა და შავი ღვინის ბოთლი გახსნა...“ - გურამ დოჩანაშვილი 85 წლის გახდებოდა

მერაბ კოკოჩაშვილი 89 წლის გახდა - „ასაკს ვერ ვგრძნობ. ბედნიერი ვარ, რომ ახალი ფილმის გადაღება მოვახერხე"

„გივი, გივი, ჩვენ ვართ!“ - სინამდვილეში ვინ ყოფილა უჩინარი გივის რეალური პროტოტიპი