„ჩემს ხელებში რამდენიმე ადამიანმა ჩიტივით დალია სული“ - გურამ ოდიშარიას "დევნილთა უღელტეხილზე" გიორგი ოვაშვილი ფილმს გადაიღებს

guram odisharia

გიორგი ოვაშვილი გურამ ოდიშარიას ნაწარმოების - "დევნილთა უღელტეხილის" გადაღებას გეგმავს. მწერალს ნაწარმოებში აღწერილი აქვს, 1992 წელსს, ომის დროს, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ფეხით გადმოსვლა საკენ-ჭუბერის უღელტეხილზე, მთელი თავისი დრამატიზმით. ნაწარმოები უკვე სამი წელია სასწავლო პროგრამაშია შეტანილი და მას სკოლაში, მეშვიდე კლასელები სწავლობენ.

მოგეხსენებათ, გურამ ოდიშარია სოხუმელია და მან, ხელჯოხით, თავად გადმოიარა ეს გოლგოთას გზა. 

აი, როგორ იწყებს ის "დევნილთა უღელტეხილის" თხრობას.

"...უღელტეხილი ბევრად ადრე დაიწყო, უფალო, ვიდრე მასზე შევდგი ფეხი... და ეს მერამდენე საუკუნეა, რაც მე და შვილი ჩემი, მშობელი ჩემი, ახლობლები, ძვირფასი ადამიანები, ცოცხლებიცა და გარდაცვლილებიც, ისინიც კი, რომლებიც აწი უნდა დაიბადონ, ყველანი ერთად, მივაბიჯებთ ამ უღელტეხილზე, მივაბიჯებთ უხმოდ. თოვს და ყინავს... როგორ დაიღალა სხეული და როგორ მოიქანცა სული, გულისცემაც გაქრა თითქოს სადღაც, არადა მივაბიჯებთ და მივაბიჯებთ ჯიუტად და ერთგულად, გზას კი არ უჩანს ბოლო... შენ უშველე ყველა დევნილს, შენ დაიფარე ყველა გაჭირვებული, მამავ ჩვენო, ნათელო დიადო, რწმენავ... – დაახლოებით ასე ვესაუბრებოდი ღმერთს ორი ოქტომბრის, ალბათ ყველაზე საშინელ ღამეს საკენ-ჭუბერის უღელტეხილის უმაღლეს მონაკვეთში, სწორედ იმ ღამეს, როდესაც ჩემს თვალწინ და ჩემს ხელებში რამდენიმე ადამიანმა ჩიტივით დალია სული." 

სცენარის პირველი ვერსია, რა ხანია მზად აქვთ.

ოვაშვილმა სცენარზე ავტორთან და ავღანელ რეჟისორთან, სიდიკ ბარმაკისთან ერთად იმუშავა.

გიორგი ოვაშვილი: სიდიკიც დევნილია, ავღანეთის ომის დროს წავიდა სამშობლოდან... ამდენად, ფართო მასშტაბით, ხედვითა და გამოცდილებით, ის გამიზნულად ჩავრთეთ პროექტში.

სცენარზე მუშაობა ხანგრძლივი პროცესი იყო. 

აღწერილი გვაქვს ჭუბერის უღელტეხილის მთელი ტრაგიზმი. ფილმს ისტორია და დრამა სჭირდება. ამიტომ ჩვენ შემოვიყვანეთ ორი ძირითადი პერსონაჟი. ახალგაზრდა, გამოუცდელი ქართველი მებრძოლი, რომელსაც ტყვედ მოჰყავს გამოცდილი აფხაზი ტყვე. მას სურს ეს ტყვე გაცვალოს მამამისში, რომელიც აფხაზებს ჰყავთ დატყვევებული.

სცენარის პირველი ვერსია გვაქვს. თუმცა მე არ ვჩერდები და ზოგჯერ მერვე ვერსიამდე ავდივარ.

დავიწყეთ დაფინანსების მოძიებაზე მუშაობა. მაღალბიუჯეტიანი პროექტია. ამიტომ აუცილებლად უნდა იყოს კო-პროდუქცია. მხოლოდ ქართული ფინანსებით, ამ ფილმს ვერ შევეჭიდებით. 

აფხაზეთის თემა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი თემაა. მით უფრო, დღეს. ამასთანავე ომის დროს დევნილი მოსახლეობა არ არის ლოკალური თემა, უნივერსალურია. თითქოს, ეს გადმოსვლა, თავისი არსით, მოსეს გზის სიბრტყეში გადის.

ამჟამად ბატონი გურამ ოდიშარიაა ჩართულია საქმეში, რომ ვინმე დააინტერესოს, ან სახელმწიფო უწყება ან კერძო ინვესტორი, რომ დაფინანსება მოვიპოვოთ. 

კო-პროდუქციისთვის ვმუშაობთ საფრანგეთთან, გერმანიასთან, ვისთანაც თხუთმეტი წელია ვთანამშრომლობ და გაკვალული გზებია ჩემთვის.

რეჟისორი არ ფიქრობს, რომ მოქმედების ადგილის ზუსტი გეოგრაფიული იდენტურობა უნდა მოახდინოს. ავტორთან ერთად მოინახულა აბასთუმნის საირმესთან დამაკავშირებელი ზეკარის უღელტეხილი.

გიორგი: საინტერესო გარემო და ბუნებაა. ბატონმა გურამმა თავად მიამსგავსა და ჭუბერის უღელტეხილის იდენტიფიცირება მოახდინა. ლოჯისტიკის თვალსაზრისითაც, ეს ადგილი, სამუშაოდ ადვილი იქნება.