დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ექვსი წლის წინ, 11 ოქტომბერს, ლიკა ქავჟარაძე სახლში გარდაცვლილი იპოვეს... შოკის მომგვრელი ინფორმაცია მალე გავრცელდა.
პირველი, ვინც ახლად გარდაცვლილი 57 წლის მსახიობის სახლში მივარდა, ზაზა კოლელიშვილი იყო. ის იმ დღეს ლიკასთან ისედაც მიდიოდა. მარიტას და შეთეს ახალ პროექტზე ჰქონდათ მუშაობა დაწყებული და დეტალები უნდა გაევლოთ... ზაზა ლიკამ სადილზე მიიპატიჟა, თუმცა...
დანარჩენს ზაზა კოლელიშვილი "პრაიმტაიმთან" თავად იხსენებს.
ზაზა კოლელიშვილი: მისი გარდაცვალება მოულოდნელი იყო. გეგმები ჰქონდა, ერთად უნდა გვემუშავა. წინა დღეს ვნახე, დენი დევიტოს "როუზების ოჯახის" თარგმნილი სცენარი ჰქონდა, უნდოდა ქართული ვერსია გადაგვეღო. ჩემ ცოლს თხოვა, წაიკითხე, სცენარი გადავაკეთოთ, იქნებ მე და ზაზამ ვითამაშოთ და ზაზამ გადაიღოსო.
მეორე დღეს მასთან სახლში უნდა მივსულიყავი. კარგ ბორშჩს ვაკეთებ, ერთად ვისადილოთ და თან ვილაპარაკოთო, მითხრა.
იმ დღეს, ოთხშაბათს, საკრებულოში მიღების დღე მქონდა და როცა საღამოს, მის სახლთან მივედი, მანქანაში მჯდომ ჩემს შვილს ვუთხარი, ლიკა მელოდება, უნდა ავიდე-მეთქი. ჩემმა გოგომ მითხრა: მამა, დამალვას აზრი აღარ აქვს, ვეღარ გელოდება, გარდაიცვალაო! გიჟივით ავვარდი! პოლიციის მისვლამდე შევედი სახლში. საჭმლის მომზადების დროს შეწოლილა საწოლში. ეტყობა, გულმა უმტყუნა. გასახდომ აბებს სვამდა. ალბათ, რაღაც დაერღვა ორგანიზმში. ისე საცოდავად იწვა საწოლში... უკანასკნელი კადრი გადავუღე, მაგრამ დავკარე ის ფოტო.
ლიკა რომ გავიცანი, 18 წლის ვიყავი. იმდენად სუფთა და ხალასი იყო, რომ მხოლოდ წრფელი სიყვარულით გვიყვარდა. დასამალი არ არის, რომ ბიჭები, "ნატვრის ხის" გადაღების დროს, ლიკაზე ვიყავით შეყვარებული. მასთან ფიზიკურ სიახლოვეს საკუთარ თავსაც ვერ ვკადრებდით. მისი გულისთვის კი, ერთმანეთისთვის ბიჭებს, თავ-ყბა დაგვილეწია.
ფილმში ჩემი და სოსო ჯაჭვლიანის ჩხუბიდან 58 წამი რომ შევიდა, გადაღებული იყო ათ წუთიანი ჩხუბის სცენა. წარმოიდგინეთ, რა დღე გაგვატარა თენგიზ აბულაძემ! ყურის უკან ჩაქცევები მქონდა! გადაღების დროს დადგმული ჩხუბი იყო, ვიცოდით აპაჩით (დადგმული დარტყმა) მუშაობა. მაგრამ როცა მართლა მოგხვდება, მწარდები. იყო მომენტები, მართლა ვარტყამდით ერთმანეთს.
ვირზე შესმული ლიკას კადრების გადაღების დროს, როცა ტალახისგან და წვიმისგან სველდებოდა, მისი ნებით, მხოლოდ მე ამყავდა ხელში და მანქანაში ვსვამდი, რომ სიღნაღის სასტუმროში წაგვეყვანა, სადაც ერთ ნომერში ცხელ აბაზანას იღებდა, რომ არ გაცივებულიყო. ხელში აყვანილი მანქანამდე დიდხანს რომ მეტარებინა, მძღოლს ვეუბნებოდი, მანქანა შორს დააყენე, თორემ საბურავებს დაგიჭრი-მეთქი.
მე მარიტას შინაგანად ვუთანაგრძნობდი, განსხვავებით ლეონიძის შეთესგან, რომელსაც აღწერს: მგლის იერის, ნაცრისფერი სახის ყომრალი კაციო... ზოგადად, მე ვცდილობდი ადამიანური თვისება უფრო წინ წამომეწია, ვიდრე ავტორს ჰქონდა ლიტერატურულ პერსონაჟში ჩადებული.
ერთი კადრია, რომელიც ძალიან მომწონს, მარიტას იდაყვი შეთეს უჭირავს, თან თანაუგრძნობს, თან - ვერ! სოფლის ნების წინააღმდეგ ისიც ვერ წავიდა. შეთე კაცი იქნებოდა, ციციკორეს წინააღმდეგ და სოფლის წინააღმდეგ რომ წასულიყო. მე შეთეს ადგილას, მარიტას ჩაქოლვას არ დავუშვებდი. მარიტას არ უღალატია ქმრისთვის, გააფრთხილა გედია, წადი, თორემ მოგკლავენო. სოფელმა გედიაც მოკლა და მარიტაც. დღესაც ერევა სოფელი და ხალხი სხვის პირად ამბებში. არაფერი იცვლება...
რამდენია გასახსენებელი... კიდევ რამდენი როლი დარჩა ლიკას უთამაშებელი.
ნათელი დაადგეს ლიკას სულს!
ასევე დაგაინტერესებთ:
უმშვენიერესი ლიკა ქავჟარაძე - გარდაცვალებამდე რვა დღით ადრე გადაღებული კადრები