1734692829
,,მივიღეთ წერილი, რომელიც, ვფიქრობთ, საყურადღებო იქნება..." - გიორგი კალანდია ეროვნულ გალერეაში მომხდარ ინციდენტზე
საქართველოს მუზეუმთა ალიანსის თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში 4 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ გალერეაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით წერს.
,,მიმდინარე წლის 4 თებერვალს საქართველოს ეროვნულ გალერეაში მომხდარ ცნობილ ინციდენტთან დაკავშირებით საზოგადოებაში ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები გამოიკვეთა.
საკითხში მეტი სიცხადის შეტანისთვის საინტერესო იქნებოდა პროფესიული ორგანიზაციების მოსაზრების მოსმენა, თუმცა სამწუხაროდ ამ დარგში ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის მუზეუმების საერთაშორისო საბჭო (ICOM) ის ადგილობრივმა ეროვნულმა წარმომადგენლობამ დუმილი არჩია.
აქედან გამომდინარე, მე, როგორც ამ ორგანიზაციის ერთ-ერთმა პირველმა წევრმა და ამასთანავე საქართველოს მუზეუმთა ალიანსის თავმჯდომარემ 13 თებერვალს წერილობით რჩევისათვის მივმართე მუზეუმების საერთაშორისო საბჭო (ICOM)-ს იმ სამდივნოსა და საინფორმაციო ცენტრს რომელიც იუნესკოს შენობაშია განთავსებული.
შეგახსენებთ რომ მუზეუმების საერთაშორისო საბჭო აერთიანებს 30 ათასზე მეტ ინდივიდუალერ და კოლექტიურ წევრს მსოფლიოს 165 ქვეყნიდან. მათ შორის მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მუზეუმებს, გალერეებსა და საგამოფენო სივრცეებს.
აღნიშნული ორგანიზაციის მესვეურებს ჩვენ დეტალურად აღუწერეთ 4 თებერვალს საქართველოს ეროვნულ გალერეაში მომხდარ ცნობილი ფაქტი, გავუგზავნეთ ფოტო მასალა და ვუთარგმნეთ კედელზე შესრულებული წარწერის შინაარსი, ამასთანავე ვთხოვეთ პროფესიული რჩევები და რეკომენდაციები.
მიმდინარე წლის 17 თებერვალს მუზეუმების საერთაშორისო საბჭო (ICOM) ის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საერთაშორისო კომიტეტის მდივნის ანასტასია ბელესიოტისაგან მივიღეთ წერილი, რომელიც ვფიქრობთ ამ საკითხით დაინტერესებული ადამიანებისათვის იქნება საყურადღებო.
ვაქვეყნებთ ციტატას: „ეს მართლაც დელიკატური საკითხია, რომელიც შეიძლება ძირითადად დამოკიდებული იყოს თქვენი ქვეყნის კონკრეტულ კანონებზე... ამავდროულად, შემიძლია მაგალითისათვის მოგიყვანოთ იტალია - სადაც ამჟამად მე ვსაქმიანობ. აქ დიდი ალბათობით, ეს შეიძლება ჩაითვალოს ვანდალურ ქმედებად, რადგან აღნიშნული აქტივობა არ იყო შეთანხმებული და განხორციელდა სხვის ქონებაზე. ზოგჯერ მსგავსი მეორდება „ქუჩის ხელოვნებასთან დაკავშირებითაც. ასევე, თუ ნამუშევარი ესთეტიკურად ლამაზია ან მხატვრის თვითგამოხატვის თავისუფალი ფორმაა, თუ არ არსებობს ნებართვა, ეს შეიძლება ჩაითვალოს არაკეთილსინდისიერ ქმედებად, რომელიც აზიანებს მუზეუმის ქონებას“... ციტატის დასასრული..
ქალბატონმა ანასტასია ბელესიოტმა აღნიშნულ საკითხზე რჩევისათვის მიმართა მუზეუმების საერთაშორისო საბჭო (ICOM)-ს სხვა წარმომადგენლებსაც, ამდენად მათ პროფესიულ მოსაზრებებს საქართველოს მუზეუმთა ალიანსი ეტაპობრივად გაგიზიარებთ", - წერს გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში გამოფენაზე მხატვარმა, სანდრო სულაბერიძემ კედლიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით დაწერა ფრაზა – „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.