1747030490
ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება - დეტალები

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღესთან დაკავშირებით ღონისძიებების განრიგს ავრცელებს.
„ყველას გილოცავთ 12 მაისს, - ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს.
ტრადიციისამებრ, წელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა 11 მაისს ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით.
დღის მეორე ნახევარში ხატები მიბრძანდება გონიოში, მატათა მოციქულის საფლავთან და შემდეგ ბათუმის საკათედრო ტაძარში.
12 მაისს - დიდ აჭარაში, ხულოში წირვაზე. იმავე დღეს, საღამოს კი - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში.
13 მაისს აწყურის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, შემდგომ - ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში.
14 მაისს მსვლელობის მონაწილენი ხატებს მიაბრძანებენ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში.
15 მაისს, დილით, - ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, შუადღეს პარაკლისი შესრულდება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, ხოლო საღამოს გორში.
16 მაისს გორიდან ხატები გადაბრძანდება სამთავისისა და კასპის ეპარქიაში, საღამოს კი - მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.
17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ჩატარდება წირვა სვეტიცხოველში, 13:00 საათზე ხატები შემობრძანდება თბილისში და ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაგეგმილ საერთო-სახალხო მსვლელობას წარუძღვება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ.
ყველას, ვისთვისაც ოჯახის სიწმინდე ღირებულია და ვისაც სურს, პატივი მიაგოს უფალს, წმინდა ანდრია პირველწოდებულსა და აწყურის ღვთისმშობლის ხატს, გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ამ მსვლელობას.
ღმერთი სიყვარულისა იყოს ჩვენ შორის. ამინ!
12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს, სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.
ღვთისმსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე.“, - აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული აღინიშნება.