1728312638
"მილიონი ქალი რომ გვყავს უცხოეთში ემიგრანტად, ყველა მათგანი კოლხი მედეაა" - ზვიად ბოლქვაძის "მედეას ვნებანის" პრემიერა ბათუმში
ზვიად ბოლქვაძე 29 აგვისტოს 41 წლის გახდა. ჩვენი დროის გამორჩეული კომპოზიტორი და ავტორ-შემსრულებელი ამბობს, რომ ყველა დღე საჩუქარია და ბუნებრივია, რომ საკუთარი დაბადების დღე უყვარს.
ზვიადის მუსიკას მაშინვე გამოიცნობ, რადგან მას თავისი ხელწერა, დრამატიზმი, ძარღვი და სუნთქვის სიხშირე აქვს.
შესაძლოა, არ იცოდეთ, რომ უამრავი მუსიკალური პროექტისა და სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებების ავტორი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორეს საგალობლების საგუნდო და საორკესტრო არანჟირებების ავტორია (CD 2008, 2009, 2010 წწ). ის მუშაობს სამების საკათედრო ტაძრის გუნდთან.
დაბადების დღემდე სამი დღით ადრე კი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ამ ნიჭიერი შემოქმედის მუსიკალური მონოდრამის პრემიერა შედგა. სპექტაკლს მისი მიწვევით დავესწარი და დიდი სიამოვნებაც მივიღე.
"მედეას ვნებანი" რეჟისორმა ზაზა სიხარულიძემ ოთარ ჭილაძის "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა"-ს მიხედვით დადგა. ინსცენირების ავტორიც თვითონ არის.
"გადაამუშავა და ძალიან საინტერესოდ დაინახა ჭილაძის ეს ნაწარმოები. ზაზას მოუვიდა ის საინტერესო იდეაც, რომ ეს მონოდრამა მუსიკით ყოფილიყო დატვირთული. ამიტომ გამოვიდა მუსიკალური მონოსპექტაკლი. მუსიკა და მსახიობის ყოველი სიტყვა ძალიან ორგანულად ერწყმის ერთმანეთს", - ამბობს "პრაიმტაიმთან" ზვიად ბოლქვაძე.
ნამდვილად ემოციური მონოსპექტაკლია, რომელიც ჩვენი კოლხი მედეას განცდებზეა. ჭილაძისეული მედეას ვნებები ემოციურად მოაქვს მსახიობ თათია თათარაშვილს, ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობს. ბოლქვაძის დრამატიზმით აღსავსე მუსიკა კი, მუდამ თავს გადგას, რომ წამით არ მოდუნდე და მედეა თავის დრამასთან არ მიატოვო. თათიასთან ერთად მთავარ როლშია ზვიადის მუსიკა, შეიძლება ითქვას, რომ მსახიობის პარტნიორია და თანაც - წამყვანი პარტნიორი...
როგორც კომპოზიტორი გვეუბნება, სპექტაკლზე არაჩვეულებრივმა გუნდმა იმუშავა.
"მონოდრამაზე გადასარევი მხატვარი, ბესო ბესელია მუშაობდა, ფანტასტიკური გამნათებელი კახა გიგინეიშვილი, ხმის რეჟისორი ვერა ქებულაძე და ძალიან ბუნებრივი და არაჩვეულებრივი მსახიობი თათია თათარაშვილი.
ეს არის ბათუმის მუსიკალური ცენტრის პროექტი და მისი თანადგომით განხორციელდა.
ჩემთვის მასზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო. ეს არ იყო სპექტაკლის მუსიკალურად გაფორმება. ეს არის მუსიკალური ნაწარმოები. შეიძლება მისი საკონცერტო შესრულებაც" - ამბობს ზვიადი.
ნაწარმოებზე მან თავის მეუღლესთან, ორგანისტ ლია ბაიდოშვილთან პირველად ითანამშრომლა. ეს შემოქმედებითი ტანდემი ორივესთვის სასიამოვნო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
ზვიად ბოლქვაძე: - ამ მონოდრამის მუსიკის მთავარი ინსტრუმენტი ორგანია, რომელზედაც ჩემი მეუღლე უკრავს. ასევე ორკესტრისთვის და გუნდისთვის. ორკესტრისთვის თბილისში შემოვიკრიბე ახალგაზრდები, გუნდი კი - აფხაზეთის კაპელაა. მუსიკა კონსერვატორიის დიდ დარბაზში დავით ხოსიტაშვილმა ჩაწერა.
მონოდრამის სიუჟეტიდან გამომდინარე ორგანის ხმა გავიგონე, რომელსაც ჟღერადობის მთავარი ფუნქციები აქვს.
უზარმაზარი დრამა რეჟისორს საინტერესოდ აქვს დანახული, საშინლად ტრაგიკული ქალის სულიერი მდგომარეობა საინტერესოდ აქვს გადმოცემული. მთლიანად მედეას განცდებზეა მონოდრამა. მუსიკაც განცდებითა და ემოციებით არის სავსე.
მსახიობისთვის ეს იყო უზარმაზარი გამოწვევა. მარტოს უნდა შეექმნა მთლიანი სურათი. ძალიან რთულია. ჩემზე მისმა თამაშმა იმოქმედა. მე ჩემს მუსიკასაც არ ვისმენ ისე, როგორც საკუთარს. ზოგადად ვცდილობ, როგორც მსმენელმა ისე, უცხო ყურით მოვისმინო. დაწერილი მუსიკა უკვე შენ აღარ გეკუთვნის.
ამგვარი ტიპის ნაწარმოებზე არ მიმუშავია. თუნდაც იმ კუთხითაც, რომ მე და ჩემმა მეუღლემაც პირველად ვითანამშრომლეთ.
ჩვენი შემოქმედებითი ტანდემი საინტერესო აღმოჩნდა. ძალიან კარგი გოგოა ლია. მისი დამსახურებაა ჟღერადობის შექმნა. ამ ნაწარმოებში მისი ჩართულობა დიდი იყო. ბევრი ფერი შემომთავაზა. მე ლიას აზრს სულ ვითვალისწინებ.
თბილისშიც იგეგმება სპექტაკლის თამაში.
ტანდემით კმაყოფილია ლიაც.
ლია ბაიდოშვილი: ერთად ვიმუშავეთ ძნელადაც და იოლადაც. მოკლე დრო გვქონდა. ერთ კვირაში დაწერა მუსიკა. ამ დროს ჩვენც ვერიდებთ ზვიადს, ისიც გვერიდება. თანაცხოვრებისას ნაცადი ამბავია. ფიქრს უფრო დიდი დრო სჭირდება, ვიდრე მერე მუსიკის წერასო, ამბობს.
გადაჭარბების გარეშე ვამბობ, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო მუშაობის პროცესი. ძალიან მეშინოდა, რადგან სამუშაო პროცესში ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო. კი მინახავს მისი მუშაობა, მაგრამ მე ჩემი მხრივ არ მინდოდა რამე გამერთულებინა ორგანზე ჩემი დაკვრით. მის რიტმს უნდა ავყოლოდი. ვაღიარებ, რომ კომფორტული აღმოჩნდა ჩემთვის ზვიადთან მუშაობა, მთელი ძალით ვაქებ.
როგორც კი სადირიჟორი პულტთან დადგა, ძალიან დიდი კომფორტი გახდა მასთან მუშაობა. ამას გაიგებს მუსიკოსი, ვინც ორკესტრში უკრავს. აბსოლუტურად მოიხსნა დაძაბულობა და იყო ბოლომდე მუზიცირება. კიდევ მინდა (იცინის).
ეს სინთეზური ხელოვნებაა. მთელი სპექტაკლი მუსიკა უწყვეტია. ძალიან მომწონს მსახიობი, თათია თათარაშვილი, სასწაული მსახიობია. მომნუსხა.
რეჟისორს მთელი აქცენტი ოთარ ჭილაძეზე აქვს, რადგან ეს მისი ნაწარმოების მიხედვით დადგა. თუმცა მისეული ხედვითაა მონოდრამა.
პრემიერას ლევან ბერძენიშვილი ესწრებოდა. მან "პრაიმტაიმის" მკითხველს თავისი შთაბეჭდილება გაუზიარა.
ლევან ბერძენიშვილი: - ძალიან საინტერესო მუსიკაა სპექტაკლში. ზვიადი ძალიან ნიჭიერი კაცია.
კარგადაა გაკეთებული მონოსპექტაკლი. საერთოდ, რთულია მონოსპექტაკლები თავისი არსით. ამხელა დარბაზი ერთმა მსახიობმა უნდა დაიჭიროს.
სპექტაკლს ეხმარება ის, რომ ბრწყინვალე ტექსტი ოთარ ჭილაძის რომანიდან არის ამოღებული. კარგად იყო ინსცენირებული. ძალიან კარგია მსახიობი.
- რა პარალელს ავლებთ მედეასა და დღევანდელობას შორის?
- მედეა დღევანდელობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი სახეა. ქართველების მთავარი არქეტიპია თავისი ყველაფრით - სისასტიკითა თუ სხვა. საინტერესოა, რომ ამდენი დანაშაულის შემდეგ არასოდეს დასჯილა.
მე ჭილაძის რომანებიდან ეს რომანი ყველას მირჩევნია. ვფიქრობ, მას "გზაზე ერთი კაცი მიდიდოდა"-ზე უკეთესი აღარ დაუწერია.
მე მაინც მგონია, რომ ვალში ვართ მედეასთან. ამოდენა სახეა, მსოფლიოში ათასობით რომანია მასზე დაწერილი და ჩვენ, ქართველებმა ის ბოლომდე ვერ გავხსენით. ვერც ოთარ ჭილაძემ გახსნა.
მარია კალასი აღქმული იყო როგორც ემიგრანტი, იტალიაში მღეროდა "ვიღაცა" ამერიკაში დაბადებული ბერძენი "ქაჯი" მათი წარმოდგენით. მედეაც ზუსტად ასეთი სახეა. მედეას ბერძნები ცივილიზაციას ამადლიდნენ.
კორინთო, სადაც მედეა ცხოვრობდა, ბათუმის ბენზესხელა ადგილია. კოლხეთი კი, იმ დროს, მთელი საბერძნეთისხელა უზარმაზარი ადგილი იყო. ამ ქალს ამადლიდნენ ცივილიზაციას, როცა თვითონ ნაქსოვი რა იყო ის არ იცოდნენ და ბადეები ეცვათ ტანზე. მედეამ კი თავისი კაბით გააოგნა და განაცვიფრა საბერძნეთში ყველა. ამდენად, ეს სახე ჩვენ ბოლომდე არ გვაქვს გახსნილი.
დღეს თითქმის ერთი მილიონი ქალი რომ გვყავს უცხოეთში ემიგრანტებად, ყველა მათგანი მედეაა. ამიტომ რაღაცნაირად, კოლხი მედეა ჩვენი არქეტიპია. ამგვარი სპექტაკლით კი რაღაცნაირად შეიძლება ამ სახესთან მიახლოება. მიხარია, რომ ჩვენ ამაზე ვმუშაობთ...