აბა, სცადეთ და გამოიცანით, რით არის ეს ნამუშევრები შესრულებული?!

mirianashvili

მხატვარმა ნინო მირიანაშვილმა საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "ღამის სერენადებისთვის" ძალიან საინტერესო გამოფენა მოამზადა.

მუსიკალურ თემატიკაზე შექმნილმა კოლაჟებმა ბათუმის დრამატული თეატრის ფოიეში საოცარი გარემო შექმნეს. 

ნამუშევრები, სანამ ახლოდან ნახავთ, ცალსახად ფერწერული ტილოები გეგონებათ. ეჭვსაც არ შეიტანთ, რომ ნახატი არ არის. 

მხატვარ-დიზაინერი გვიყვება, რომ ამ შთამბეჭდავ კოლაჟებს, ფერადი პრიალა ჟურნალების ამონაჭერებისგან, ფაზლის პრინციპით აკეთებს.

ნინო მირიანაშვილი: - ფანქრით მინიმალურ მონახაზს ვაკეთებ და შემდეგ უკვე პრიალა ჟურნალებში ვეძებ ჩემთვის საჭირო ფერებს, ვჭრი და ვაწებებ ფაზლებივით. ფაქტობრივად, ფურცლებით ვძერწავ. 

მხატვარ-დიზაინერი ვარ და კოლაჟის კეთებას ჩემს მოსწავლეებსაც ვასწავლი. 

ჩემს კოლექციაში მუსიკალურ თემაზე ნამუშევრები იყო, თუმცა "ღამის სერენადებისთვის" პატარა გამოფენის გაკეთება ქალბატონმა ნინა ცაგარეიშვილმა შემომთავაზა. მეც მუსიკის თემატიკაზე ნამუშევრები დავამატე. 

ქალბატონი ლიანა ისაკაძის შემოქმედება ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იყო. მუსიკალური ოჯახიდან ვარ. მამა ედიშერ მირიანაშვილი ოპერის მომღერალი იყო. ბიძა, სანდრო მირიანაშვილი, კომპოზიტორი იყო.

ამდენად ყოველთვის მომწონდა და ვუსმენდი ქალბატონ ლიანას. ამ პორტრეტში შევეცადე მისი ხასიათი გადმომეცა. 

საერთოდ, როცა კოლაჟებზე ვმუშაობ, მიხარია. სიამოვნებას ვიღებ. 

ამ კოლექციიდან ჯერ ნამუშევარი არ გამიყიდია, თუმცა კოლაჟებს, ბუნებრივია, ვყიდი...