„როდესაც მეუღლე გარდაეცვალა, გამოგვიცხადა, რომ თავის კარიერას ასრულებს...“ - ლიანა ისაკაძის ძმისშვილი, მამიდაზე

liana

ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები" წელს 40 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ფესტივალის საკონცერტო საღამოები ტრადიციულად ბათუმსა და თბილისში გაიმართება: 25 და 26 აგვისტოს – ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე, ხოლო 17 და 18  სექტემბერს – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში.

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე, ჩვენი საამაყო ლიანა ისაკაძე კარიერას ჩამოშორდა, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის სტატუსი მისმა ძმისშვილმა, გიორგი ისაკაძემ გადაიბარა. და აგერ უკვე ხუთი წელია "ღამის სერენადების" სამხატვრო ხელმძღვანელია და ყოველდღიურად ჩართულია ფესტივალის მზადების პროცესში.

სამ ათეულ წელზე მეტია გიორგი ისაკაძე ბავარიაში, ქალაქ ინგოლშტადტში ცხოვრობს, სადაც დააარსა მუსიკისა და კლასიკური ბალეტის სასწავლებლები.

მუსიკოსი გიორგი ისაკაძე "პრაიმტაიმის" მკითხველს თავის შესახებ უყვება.

გიორგი ისაკაძე: - იცით, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ლიანა ისაკაძემ თავისი, მსოფლიო მნიშვნელობის კარიერა დაასრულა, თუმცა ის დიდი ტრადიცია, რაც მის მიერ დაარსებულ ფესტივალს გულისხმობს, მისივე სურვილით, უნდა გაგრძელდეს.

"ღამის სერენადები" 1982 წელს აფხაზეთში, შესანიშნავ პიცუნდაში დაარსდა. მე მაშინ 15 წლის ვიყავი და მახსოვს, ის დიდი მუსიკალური ზეიმი და იქაური შთაბეჭდილებები.

მე ლიანას ძმის, ვიოლონჩელისტის, პროფესორისა და სახალხო არტისტის - ელდარ ისაკაძის შვილი გახლავართ. მამამ, კერძოდ გერმანიაში, მსოფლიოში ცნობილი სოლისტები  გაზარდა.

90-იან წლებში, ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ, ფესტივალი გაჩერდა. მაშინ ეს წყვეტა მტკივნეულად განვიცადეთ ყველამ. თუმცა, უკვე წლებია, მოხარული ვარ, რომ ფესტივალი ასევე არაჩვეულებრივ ბათუმში გაგრძელდა. ეს ქალაქი ძალიან მიყვარს. მიყვარს ბათუმის პუბლიკა, უაღრესად თბილი საზოგადოება, აქ დახვეწილი მუსიკალური მსმენელია. ბათუმი საქართველოს ერთ-ერთი კულტურული ცენტრია. ჩვენთვის აქ გამოსვლა დიდი პატივია.

მოგეხსენებათ, ლიანამ თავისი ორკესტრი ინგოლშტადტში ჩაიყვანა და როგორც დირიჟორი, დიდ მოღვაწეობას ეწეოდა. ის მსოფლიოს ყველა დიდ, ცნობილ დარბაზში დირიჟორობდა და უკრავდა. მოგვიანებით ის საფრანგეთში გადავიდა. მე დავრჩი ინგოლშტადტში. და ჯერ დავაარსე ჩემი მუსიკალური სკოლა, შემდეგ კი კლასიკური ბალეტის და მუსიკის აკადემიები. პედაგოგიური მოღვაწეობა ავირჩიე. დიდ წარმატებებს მიაღწიეს ჩემი სკოლის კურსდამთავრებულებმა, როგორც ბალეტში, ასევე მუსიკაში. საერთაშორისო კონკურსებზე პრემიები მოვიგეთ.

საქართველოში პერიოდულად ჩამოვდივარ. ახლა ფესტივალისთვის ვიმყოფები აქ და სექტემბრის შუა რიცხვებში უკვე ბავარიაში ვიქნები. ბავარია გერმანიის უძველესი მხარეა, საოცარი არქიტექტურითა და ღირსშესანიშნაობებით.

გერმანული კულტურა თავისი დახვეწილობით და ინტელექტით, ძალიან აღმაფრთოვანებს. ძალიან რაციონალური, დახვეწილი, ტაქტით აღსავსე ერია. ბავშვობიდან ჩემთვის გერმანული, კერძოდ ბახის მუსიკა, მშობლიური ჰანგებივით იყო. მამა ბახის სუიტებს უკრავდა და სახლში მთელი დღე უმაღლესი მუსიკა გვესმოდა, და ამის შემდეგ, როცა მე ბახის სამშობლოში ჩავედი და გერმანულ ენასა და კულტურას ვეზიარე, ეს იყო ყველაზე დიდი განცდა და შთაბეჭდილება ჩემთვის. დღესაც მსოფლიოში გერმანული მუსიკა წამყვანად ითვლება.

რაც შეეხება "ღამის სერენადებს", ძალიან საინტერესოდ ჩატარდა ბოლო წლების ფესტივალები თავისი საინტერესო მუსიკოსებით.

წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ: ანდრეს გაბეტა (ვიოლინო, საფრანგეთი) გლორია კამპანერი (ფორტეპიანო, იტალია), ალესანდრო კარბონარე (კლარნეტი, იტალია), მარიო სტეფანო პიეტროდარკი (ბანდონეონი, იტალია), საბინე გროფმაიერი (კლარნეტი, გერმანია), ქეითი მაჰანი (ფორტეპიანო, აშშ) და ფესტივალის საბაზო ორკესტრი “საქართველოს ვირტუოზები”.

ყველა გამორჩეული მაღალი კლასის მუსიკოსია. პრაქტიკულად ყველა პროფესორია და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევიან. მრავალფეროვანი სოლისტები გვყავს. მათ შორის, საინტერესო და გამორჩეული ჩასაბერი ინსტრუმენტალისტები, შესანიშნავი უნიჭიერესი პიანისტები...

საბედნიეროდ, ფესტივალში მონაწილეობაზე მაშინვე მთანხმდებიან.

ველოდები, რომ 25-26 აგვისტოს პუბლიკა ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში დიდ სიამოვნებას მიიღებს იმ მრავალფეროვანი მუსიკისგან, სოლისტებისგან, საბაზო ორკესტრისგან, მუსიკალური ზეიმისგან, რასაც ვთავაზობთ.

- დაბოლოს გკითხავთ, როგორაა ქალბატონი ლიანა?

- იმ ფესტივალის შემდეგ, როდესაც მისი მეუღლე გარდაიცვალა, მან გამოგვიცხადა, რომ ასრულებს თავის  დიდ, მსოფლიო მნიშვნელობის საშემსრულებლო კარიერას და ასეც მოხდა.

"ღამის სერენადები" 

წლევანდელი ფესტივალის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს - „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ისაკაძემ, ფესტივალის დირექტორმა ნინა ცაგარელმა, ქალაქ ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა - მერაბ ქიძინიძემ, აჭარის განათლების კულტურის და სპორტის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა თამარ გუდავამ.

ფესტივალ „ღამის სერენადების“ ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“. ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ მხარდამჭერები არიან: ქალაქ თბილისის მერია , ქალაქ ბათუმის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, იტალიის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის საელჩოსთან არსებული ფრანგული ინსტიტუტი . ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია კომპანია „არდი“. ფესტივალის მასპინძელია სასტუმრო ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.

პარტნიორები: ხარისხისა და დიზაინის საუკეთესო გარანტი ავეჯის სახლი „ნიტა“, კომპანია „ფუდალიანსი“, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, პარფიუმერიის ბუტიკი „არომატეკა“, კომპანია “სარაჯიშვილი“, „ხომლის მარანი“, მეღვინეობა “თიესვი“, ფარმაცევტული კომპანია „პსპ“.

საინფორმაციო მხარდამჭერი: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, პირველის არხის ონლაინ-პლატფორმა „სცენა“. ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოსტ ტვ“, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, „არტარეა“- პირველი არხი კულტურაზე, „ტვ25“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპ არტი“, ამბები.ჯი საინფორმაციო სააგენტო „პრაიმტაიმი“, „ჯორჯიან პრესი“ ინგლისურენოვანი გაზეთ“Georgia Today“, ყოველდღიური ინგლისურენოვანი გაზეთუ „Messenger“, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, რადიო „ფორტუნა“ და ვებ-საიტი ფორტუნა.ჯი.