1732262182
„შევხვდი ღირსი მამა გაბრიელის სულიერ შვილებს... შერჩეული მყავს მისი როლის შემსრულებელი“ - რა ეტაპზეა ფილმი, რომელსაც ნიკოლოზ ხომასურიძე უდიდეს წმინდანზე იღებს
26 აგვისტო ღირსი მამის, ბერი გაბრიელის დაბადების დღეა. ჩვენი დროის უდიდესი წმინდანის სახელს, ბევრი სასწაული და წინასწარმეტყველება უკავშირდება. მამა გაბრიელის სახელი და მისი რეალური პორტრეტი, მისმა სულიერმა შვილებმა შემოგვინახეს. საბედნიეროდ, ბევრი მათგანი ჩვენს შორისაა და ცხადლივ გვიყვებიან საოცარ ისტორიებს წმინდა მამაზე.
ნიკოლოზ ხომასურიძე მალე ჩვენი დროის დიდ წმინდანზე მხატვრული ფილმის გადაღებას დაიწყებს. ის "პრაიმტაიმის" მკითხველს ამ ისტორიულ-ბიოგრაფიული ფილმის დეტალებს აცნობს. მე კი გირჩევთ, შეხვიდეთ ფილმის ფეისბუქგვერდზე - ბერი გაბრიელი ფილმი, სადაც რეჟისორი ნაბიჯ-ნაბიჯ გვიყვება ამ მნიშვნელოვანი ფილმის ეტაპების შესახებ.
მან ორი თვის მანძილზე არაერთი ადამიანი ჩაწერა, ვისაც შეხება ჰქონია ღირს მამა გაბრიელთან. გაიარა გზები, რომელიც სხვადასხვა ასაკში განვლო წმინდა მამამ... ინტერვიუების ჩაწერა კვლავაც გრძელდება და ეტაპობრივად გამოქვეყნდება ფილმის ფეისბუქვერდზე.
ნიკოლოზ ხომასურიძე: - სცენარზე მუშაობა დავასრულეთ, ბოლო დეტალებს გავდივართ. სცენარზე მე და ირინა ხომასურიძემ ერთად ვიმუშავეთ. ფილმი ისტორიულ-ბიოგრაფიული და გამოგონილი ამბების ერთობლიობაა. სცენარზე მუშაობისთვის ორი თვე დაგვჭირდა.
ამ ხნის მანძილზე ბევრი წიგნი წავიკითხეთ მამა გაბრიელზე, მათ შორის - მისი სულიერი შვილის, მამა კირიონის, დედა პარასკევას, მალხაზ ჯინორიას, სამთავროს დედათა მონასტრის დედების წიგნები. შევხვდით და ინტერვიუები ჩავწერეთ ღირსი მამა გაბრიელის ბევრ სულიერ შვილსა და იმ სასულიერო პირებს, რომლებიც მის პერიოდში მოღვაწეობდნენ - მეუფე დანიელს, მამა რევაზ სიხარულიძეს, მამა არჩილ მინდიაშვილს, მამა დავით კონჯარიას, დედა პარასკევას, ოთარ ნიკოლაიშვილს, ლაშა ცაიშვილს, რუსუდან სურმავას, მანანა ხორბალაძეს, ქეთევან ბექაურს, ზვიად ონიანს, ქალბატონ ჯულიას. მათგან ვსწავლობთ ბევრ დეტალს, რომ მისი სახის გაცოცხლება ზუსტად შევძლოთ. კიდევ ბევრ სამოქალაქო და სასულიერო პირთან შეხვედრაა დაგეგმილი.
მინდა ქართული სულისკვეთების და მტკიცე სულიერების მატარებელი იყოს ფილმი, ისეთი, როგორც ბერ გაბრიელს გაუხარდებოდა.
გაბრიელის როლისთვის შერჩეული გვყავს კანდიდატი. თუმცა ჯერ მას ვერ დავასახელებ. ფილმში ბერის სამი ასაკი იქნება, ბავშვობიდან ბოლო პერიოდამდე. ახალგაზრდობის ასაკისთვის ჯერ მსახიობი არ შეგვირჩევია.
რეალურ სულიერ შვილებთან დაკავშირებით მაქვს იდეა, რომ ფილმში გავაცოცხლოთ მათი სახეები. ისინი ჩემთვის გამორჩეული ადამიანები არიან, რომლებმაც დღემდე მოიტანეს მამა გაბრიელის სახელი, სახე, ისტორიები... ბევრი იღვაწეს იმისთვის, რომ ჩვენთვის გაეცნოთ ღირსი მამა. მე მათი მადლიერი ვარ. ძალიან მეხმარებიან თავიანთი ისტორიების მოყოლით. მინდა ჩვენი მხრიდანაც მადლიერება დავუბრუნო მათ.
ეს იქნება ბიოგრაფიული ფილმი, რომელსაც ორ ნაწილად გავყოფ. პირველ ნაწილში იქნება მამა გაბრიელის ცხოვრება ბავშვობიდან სამთავროს მონასტრამდე.
ძალიან დიდი მასალაა. რეალური ისტორიის და გმირების გარდა, იქნებიან ჩვენი გამოგონილი გმირებიც, რაც აუცილებელია ფილმის სიუჟეტის სწორად განვითარებისთვის.
დიდი მადლიერება მინდა გამოვხატაო ყველა იმ მხარდამჭერის მიმართ, ვინც გვერდით დაგვიდგა, როგორც მორალური, ასევე ფინანსური კუთხით და სამომავლოდაც უამრავი ასეთი ადამიანი იქნება. ვისაც რისი სურვილი და შესაძლებლობა აქვს, ისე გვიდგას გვერდში. სექტემბრიდან ძირითად აქტივობებს დავიწყებთ, რომ ერთიანი ძალებით შევძლოთ ამ სურათის გადაღება.
ახლა უკვე სცენარს ჩვენს კონსულტანტებს (სასულიერო და ისტორიული მიმართულებით) წავაკითხებთ, რომლებიც თავიანთ შენიშვნებსა და მოსაზრებებს გაგვიზიარებენ.
ვისაც გსურთ ფილმის გადაღებაში მონაწილეობის მიღება
ნიკოლოზ ხომასურიძე: გაგვიხარდება თუ გახდებით ფილმის ქველმოქმედი და შემოქმედი. შეგვეწიოს ყველას მამა გაბრიელის მადლი და ძალა! ჩვენ დავიწყეთ ღირსი მამა გაბრიელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მხატვრული ფილმის გადაღების მზადება და ვისაც სურვილი გაქვთ, შემოგვიერთდით ამ უმნიშვნელოვანეს, კეთილ და ქართულ საქმეში! ღმერთი არის სიყვარული!
საბანკო ანგარიშები (კომპანია "ნიკოლოზფილმსი" / დანიშნულება - მამა გაბრიელის ფილმის მხარდაჭერა)
საქართველო:
#GE84BG0000000537400056
თიბისი:
#GE88TB7470536080100011
საერთაშორისო მხარდაჭერა საზღვარგარეთიდან:https://gofund.me/ff2b349c