1731928841
მარიამ ღვთისმშობელზე ახალი ფილმი ნეტფლიქსზე გამოვა - ნახეთ ტრეილერი
ნეტფლიქსზე სულ მალე ახალ ეპიკურ ბიბლიურ დრამას ვიხილავთ. მარიამი - ასე ჰქვია რეჟისორ დ. ჯ. კარუზოს მორიგ ნამუშევარს, რომელიც მარიამ ღვთისმშობლის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ფილმში ორგზის ოსკაროსანი ენტონი ჰოპკინსი მონაწილეობს, მთავარი როლის შემსრულებელი კი ნოა კოენია.
მარიამი ბიბლიურ სიუჟეტს მიჰყვება: ნაზარეთში მცხოვრები ახალგაზრდა ებრაელი ქალი ტაძარში მიჰყავთ იოსებზე დასაქორწინებლად. მოგვიანებით, მეფე ჰეროდეს სასტიკი განკარგულების გამო, ახალშექმნილ ოჯახს დამალვა მოუწევს და მარიამი და იოსები, ჩვილ იესო ქრისტესთან ერთად, ეგვიპტეში გაიქცევიან.
სანამ ფილმს ვიხილავთ, უკვე გვაქვს შესაძლებლობა, ორწუთიან ტრეილერს შევავლოთ თვალი.
მარიამის სცენარის ავტორი ტიმოთი მაიკლ ჰეისია, რომელმაც ფილმზე მუშაობის დაწყებამდე კონსულტაცია გაიარა ქრისტიან, ებრაელ და მუსლიმ რელიგიურ ლიდერებთან და მკვლევრებთან. როგორც ცნობილია, საბოლოო ვერსიის დაწერამდე ჰეისმა სცენარის 74 ვარიანტი შექმნა. ამასთან, შემოქმედებით პროცესში საეკლესიო პირებიც იყვნენ ჩართულები. ფილმის გადაღებები მეტწილად მაროკოში მიმდინარეობდა.
რაც შეეხება მთავარი როლის შემსრულებელს, ამ პოზიციაზე ნოა კოენის დამტკიცებამდე ქასთინგი 75-მდე ქალმა გაიარა. რეჟისორის თქმით, "ავთენტიკურობის დასაცავად", მნიშვნელოვანი იყო, რომ მარიამიც და ძირითადი პერსონაჟების უმრავლესობაც ისრაელელ მსახიობებს განესახიერებინათ. თუმცა, სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო, ფილმს ჯერ კიდევ პრემიერამდე მოჰყვა მწვავე კრიტიკა და ბოიკოტით მუქარები.
მარიამის პრემიერა კი ნეტფლიქსზე 6 დეკემბერს შედგება.