1731875631
თბილისში, 80 წლის მუსიკის მასწავლებელი 7 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
კიდევ ერთი საზარელი დანაშაული - 7 წლის ბავშვზე კერძო რეპეტიტორმა სექსუალურად იძალადა. უმძიმეს ბრალდებაში მხილებული 80 წლის მამაკაცია.
თანამშრომლები ამბობენ, რომ, ბოლო რამდენიმე დღეა, მასწავლებელი სამსახურში აღარ გამოჩენილა. ჰყვებიან, რომ მუსიკის დამსახურებულ პედაგოგს 7 წლის ბავშვი მშობლებმა რამდენიმე თვის წინ მიაბარეს, მოგვიანებით კი აღმოაჩინეს, რომ ხანდაზმული მუსიკოსი მცირეწლოვანზე სექსუალურად ძალადობდა.
80 წლის მასწავლებელი სამსახურიდან ოფიციალურად მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ის პოლიციამ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავა. ბრალდებულის სახელი სასწავლო განრიგში კვლავ შეტანილია, თუმცა ის ახლა უკვე პენიტენციურ დაწესებულებაში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. სასწავლებლის ადმინისტრაციას გაუთქმელობის პირობა აქვს დადებული, თუმცა "კურიერი P.S.-თან" ანონიმურად ჰყვებიან, რომ მომხდარის შესახებ მშობლებს თავად 7 წლის გოგონამ აცნობა.
აღიარებს თუ არა 80 წლის ბრალდებული დანაშაულს, რომელსაც მუსიკალურ სფეროში 60-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს? "კურიერი P.S.-ი" ხანდაზმული ბრალდებულის ადვოკატს დაუკავშირდა, თუმცა არც უფლებადამცველი და არც ოჯახი მომხდარის შესახებ არ საუბრობს. საქმის მთავარი მტკიცებულება ბავშვის ჩვენებაა, რომელიც გამოძიებამ ფსიქოლოგის თანდასწრებით დაკითხა.
ფსიქოლოგი მაია ცირამუა, წლებია, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების საქმეებს სწავლობს. ამბობს, რომ ასაკის მიუხედავად, მშობლებმა და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოუსმინონ ბავშვს.
7 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ 80 წლის პედაგოგს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში, სავარაუდოდ, დეკემბერში დაიწყება.