რას ამბობს ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - შეეცვლება თუ არა ბრალდება დაკავებულს
1732276871
79 წლის ხათუნა იოსელიანი ჩვიდმეტი წელია ამერიკაში ცხოვრობს. თავიდან ბრაიტონზე ჰქონდა ნაქირავები ბინა, მაგრამ უნდოდა, რომ მანჰეტენზე ეცხოვრა. ნამდვილი ნიუ-იორკი იქ არისო, ამბობს. და როგორც ხდება, ძლიერი სურვილი კოსმოსში ტრიალებს და განხორციელებული ბრუნდება - მსახიობს მანჰეტენზე ბინა მისცეს! თუ როგორ კარგავდა ბინას ენის არ ცოდნის გამო, პრაიმტაიმისთვის მიცემული ამ ინტერვიუდან შეიტყობთ.
დღეს უკვე მანჰეტენზე, იოსელიანის სამეზობლომ, ქართული ჩურჩხელის და გოზინაყის გემო კარგად იცის.
უხარია, რომ იქ, ოკეანის გადაღმა, მისიით ცხოვრობს. ქართველ ბავშვებს მსახიობის ოსტატობასა და მეტყველებას ასწავლის და ამით ბედნიერია.
იმედოვნებს, რომ 80 წლის იუბილეს თბილისში გადაიხდის.
ხათუნა იოსელიანი: ამერიკაში 2006 წელს ჩამოვედი და მწვანე ბარათი ძალიან მალევე მივიღე. როგორც ქვეყნისთვის საჭირო ადამიანს, თითქმის 6 თვეში საბუთები უკვე მქონდა. ამიტომაც თბილისში ჩამოსვლა მალე შევძელი.
მონატრება ყოველთვის არის და იყო, მაგრამ არა ისეთი სიმძაფრით და დრამატიზმით, რასაც სხვა ემიგრანტები განიცდიან. მე მონატრებისთანავე ბილეთს ვიღებ და სახლში მოვფრინავ.
ძალიან გამიმართლა, აქ ჩემი საქმე მაქვს. ქართული კულტურის ცენტრში"დენსინგ ქრეინში", რომელიც ვიქტორ და ლია სირელსონებს ეკუთვნით, მუშაობა დავიწყე როგორც მსახიობმა, საკვირაო სკოლის ხელმძღვანელმა და ბოლოს, როგორც რეჟისორმა. ქართველ ბავშვებს მსახიობის ოსტატობას და მეტყველებას ვასწავლი. ვდგამ სპექტაკლებს.
როცა შენს საქმეს აკეთებ და სულიერად ივსები, ეს დიდ ბედნიერებას განიჭებს. მე და ცუცა კაპანაძე ერთად ჩამოვედით და ამ საქმიანობასაც ერთად ვეწევით.
იცით, ამერიკა ნამდვილად არის ოცნებების ამსრულებელი ქვეყანა... ყველას თავისი ამერიკა აქვს. მე ჩემი ამერიკა მაბედნიერებს, მახარებს და ჩემზე ზრუნავს. ამერიკის მოქალაქე ვარ და შესაბამისად, ვიცი, რომ ჩემი ქვეყანა მეიმედება, რადგან ამ 17 წლის მანძილზე, არც ერთხელ მარტო არ დავუტოვებივარ ჩემს პრობლემებთან. ამიტომ ძალიან მიყვარს ამერიკა.
თავიდან ბრაიტონზე ვცხოვრობდი, მაგრამ მანჰეტენისკენ მომიწევდა გული და აქეთ ცხოვრებაზე ვოცნებობდი, რადგან ნამდვილი ამერიკა ეს არის. მირჩიეს, რაღაც საბუთების შევსება, ბინის მოთხოვნით. შევავსე, მაგრამ არც კი მჯეროდა, რომ ეს რეალობა იქნებოდა. ორ თვეში სტაბილურად მირეკავდა "ვიღაც" და მე ვუთიშავდი ტელეფონს. რეკავდა, ვუთიშავდი. ჩემი შვილიშვილი აქ სწავლობდა კოლეჯში და იმ დროს ჩამოსული იყო ამერიკაში. კიდევ კარგი, ერთხელაც, როცა მორიგი ზარი გაისმა ამ "ვიღაცისგან", საშკა სახლში იყო და მივაჩეჩე ყურმილი: მე არ მესმის რა უნდა, რას მირეკავს და შენ დაელაპარაკე-მეთქი. თურმე ბინა მომცეს მანჰეტენზე!
და საშკა რომ არ ყოფილიყო, ამას ვერც გავიგებდი. ენის უცოდინარობის გამო, კინაღამ ბინა დავკარგე. 62 წლის ვიყავი აქ რომ ჩამოვედი. ინგლისურად, რა თქმა უნდა, ელემენტარული ვიცი, მაგრამ ძნელი აღმოჩნდა ამ ასაკში ენის ათვისება.
ამგვარად, 2014 წლიდან გადმოვბარგდით მანჰეტენზე. სანამ ცოცხალი ვიქნები, ეს ბინა ჩემი იქნება.
მანჰეტენი ჩემი მეორე სახლია და აქ თითქმის ისეთივე შეგრძნებით ვარ, როგორც თბილისში, რუსთაველზე. საოცარია, მაგრამ აი, მართლა ისეთივე შეგრძნება მეუფლება, როგორც მანდ, რუსთაველზე ცხოვრებისას და გარეთ გამოსვლის დროს მქონდა. მთელი სამეზობლო მიცნობს აქაც. ჩემი გაკეთებული ჩურჩხელა და გოზინაყიც კი აქვთ გასინჯული. მთელი მიკროუბანი, ჩვენი კარგი ეზო და ეს ქალაქი მაცოცხლებს.
აი, ჩემი თბილისი კი ყოველთვის მენატრება. ოღონდ, "ჩემი თბილისი" და არა ის, როგორიც ახლაა. ჩემს ქვეყანას არაფერი შეედრება, სულით ხორცამდე ქართველი, თბილისელი ვარ, მაგრამ დაცარიელდა ჩემი ქალაქი.
იმედია, 80 წლის იუბილეს მანდ აღვნიშნავ.