დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ქართველი მომღერალი, გოგი დოლიძე დღეს 68 წლის გახდებოდა, ლეგენდარული შემსრულებელი 1954 წლის 5 სექტემბერს დაიბადა.
ყველასაგან გამორჩეული მომღერალი 24 წლის წინ, 42 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ეს კი ყველასთვის შოკისმომგვრელი და დაუჯერებელი ამბავი იყო.
გარდაცვლილი მომღერალი „პრაიმტაიმთან“ კომპოზიტორმა მაცაცო სებისკვერაძემ გაიხსენა.
რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძე: – ერთხელ რომ მოვასმენინებდი, მაშინვე ხვდებოდა, რა მინდოდა, ზუსტად გრძნობდა, როგორ უნდა შეესრულებინა. ძალიან მგრძნობიარე იყო, თითოეულ სიტყვას გრძნობდა. ამას ვერ ისწავლი, თუ ეს ნიჭი შინაგანად არ გაქვს. ნასწავლი მომღერლობა და კომპოზიტორობა არ არსებობს.
სიმღერაში რაინდი იყო. დუეტის შესრულებისას წინ ქალბატონს აყენებდა. და თითქოს ჩუმად ეპარებოდა მეორე ხმით.
ახალს რომ დავწერდი და დავუძახებდი, მოვარდებოდა მაშინვე. მახსოვს, ვაჟა-ფშაველას ლექსზე დავწერე სიმღერა – „მთელი ხმელეთის სწორი ხარ“. იმ წუთში გაჩნდა. ვამღერე და წავიდა. მეორე დღეს შეთანხმების გარეშე მოვიდა.
ვაჟას ლექსია მაინც და კიდე მამეცადინე, მამღერეო. საღამოს ისევ კარზე ზარი გაისმებოდა. იცი, რა სულ თავში მიტრიალებდა ეს სიმღერა და მაინტერესებს, ახლა როგორ ვიმღერებო. რატომ ღელავ ასე-მეთქი, ვეკითხებოდი. ვაჟას ლექსია და როგორ არ ვიღელვოო.ვაიმე, რანაირად საყვარელი ბიჭი იყო… კაცს რეპეტიციის გარეშე შეეძლო სცენაზე ნებისმიერი სიმღერა ემღერა, მაგრამ ასეთი უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა.
ძმაკაცები ვიყავით. შემოვარდებოდა სამზარეულოში, რა გაქვსო? ოჰოჰოჰო, რა კარგია, რა გემრიელიაო. იქაც უნდოდა ესიამოვნებინა და სიყვარულს გამოხატავდა, ჩემს ნახელავს გემრიელად მიირთმევდა.
გოგის ფენომენზე საუბრისას უნდა აღვნიშნო, რომ მისი მშობლები მღეროდნენ არაჩვეულებრივად. დედამისის ნამღერი მომასმენინა, რის შემდეგაც აფხაზეთის ომზე სიმღერა დავწერე. დაც მღეროდა. მე ჩემმა დამ მასწავლა სიმღერაო, გოგი ამბობდა. მთელი ოჯახი ისე მღეროდა, ყველას მოსაწონად.
ახლა ნელ-ნელა მივეჩვიე, რომ გოგის ნამღერი სიმღერა სხვას დავთანხმდე სამღერლად. აქამდე ვერავისთვის ვიმეტებდი.
გოგი სიმღერისთვის იყო დაბადებული. იმას, რასაც ახლა გეტყვით, ხშირად არ ვამბობ. დღემდე, სიმღერას რომ ვწერ, გოგი როგორ იმღერებდა, იმ ყაიდაზე ვწერ. რამდენი წელი გავიდა და ისევ მისი ხმის შთაგონებით ვწერ…