„ხმა დავიბოხე და ვეცადე კაცურად მემღერა“ – 11 წლის ამომავალი ვარსკვლავი, რომელმაც საზოგადოება გააოცა

დათო არჩვაძე და ნიკოლოზ ხარატი

რამდენიმე ხნის წინ, 11 წლის უნიჭიერესი მომღერალი ნიკოლოზ ხარაზი,  საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.

მისმა შესრულებულმა სიმღერამ - „მარტოხელა ქალბატონო" რეკორდი დაამყარა - 4 ათასზე მეტი მოწონება და 2500 გაზიარება დაიმსახურა.

„პრაიმტაიმი“ ნიჭიერი მომღერლით დაინტერესდა და მასწავლებლის (კომპოზიტორი და მომღერალი დავით არჩვაძე) და მოსწავლის ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, სადაც 11 წლის ნიკოლოზი, ორი წლის წინ მომხდარ სასწაულზე საუბრობს:    

დათო მასწავლებელთან რომ მივედი, 3 წლის ვიყავი. სინჯებზე მისი ყველაზე რთული კომპოზიცია – „ღმერთი არის სიყვარული“ შევასრულე, რომელსაც როგორც ვიცი, დიდი ბიჭები ვერ ასრულებდნენ.

სევდიანი, მაგრამ ზოგჯერ მხიარული სიმღერაა. რომ ვუმღერე გადაირია და პირდაპირ დიდების ჯგუფში შემიყვანა, სადაც პროფესიონალურ სწავლებას გადიან.

პატარები ინდივიდუალურად მუშაობენ და მე, სამი წლის ბავშვი, პირდაპირ დიდების ჯგუფში მოვხვდი. 

როგორი პედაგოგია დათო?

ძალიან ტკბილი და თბილი, ძალიან მომთხოვნი და ამავე დროს მშრომელი ადამიანია.11 წლის ვარ, უკვე 8 წელია დათოსთან ვმღერი. მხოლოდ, ერთი წელი დაგვაცილა „კორონავირუსმა“, მაგრამ უკვე აღვიდგინე ძალები.

რომელ საბავშვო კონკურსში მონაწილეობდი?

სამწუხაროდ, ერთ-ერთ კონკურსზე, როცა ბავშვები ბაქოში წავიდნენ, ავად ვიყავი და ვერ შევძელი. კლიპიც გადაიღეს, მაგრამ ვერც იქ მოვხვდი. რამდენიმე ტელეარხმა მიმიწვია გადაცემაში, ძალიან მიხარია, რომ ახლა თქვენ ჩამწერთ.

როდის გახდი პირველად ცნობილი სახე?

ორი წლის წინ, დედამ, სოციალურ ქსელში ჩემი შესრულებული სიმღერა – „თეთრ კლავიშებს“ ატვირთა, სადაც ხმა დავიბოხე და ვეცადე კაცურად მემღერა.

ეს ყველაფერი იუმორი იყო, „ჩავიხრიწე“ ხმა და ისე შევასრულე. მოხდა სასწაული, ამ ჩემ იუმორით შესრულებულ სიმღერას, ისეთი დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სიხარულისგან ლამის ფეხები „გავფშიკე“.

რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?

ახალ სიმღერაზე ვმუშაობ, ერთ-ერთმა ტელეარხმა მე და დათო მასწავლებელს – „მარტოხელა მარტოსულო ქალბატონო“ შესრულება შემოგვთავაზა.

მომავალში სიმღერას აუცილებლად გავაგრძელებ, მაგრამ ერთი ბავშვური ოცნება მაქვს, ბიზნესმენი მინდა გამოვიდე.

ფორტეპიანოზე უკრავ?

დღე არ გავა, რომ ფორტეპიანოზე არ დავუკრა. ამავე დროს, ვსწავლობ ე. მიქელაძის სახელობის სკოლაში, ფორტეპიანოს სპეციალობით, სადაც ბ-ნი ალეკო ვასაძე მასწავლის, როცა დაკავებულია, მისი მამა ზურა მასწავლებელი ატარებს. იქ კლასიკას ვსწავლობ, ამიტომ ძალიან ხშირად, თავად ვაწყობ სიმღერებს.

დათო მასწავლებელს, ჩემი აწყობილი სიმღერა დავუკარი, ისეთი აკორდები ავიღე, რომ თვითონ დათოსაც არ დაუწერია.

რას ეტყოდი დათო მასწავლებელს?

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, თქვენც დიდი მადლობა, რომ შეწუხდით, დიდი მადლობა რომ მომისმინეთ!  

ელისო არაბიძე – ნიკოლოზის დედა;

ძალიან პატარა იყო, სიმღერა რომ დაიწყო. ბავშვობიდან სულ ღიღინებდა, ზოგჯერ, ისეთ რთულ აკორდს იღებდა, მიკვირდა. ამიტომ სამი წლის ასაკში, გადავწყვიტე სიმღერაზე მიმეყვანა და დათო არჩვაძესთან მივედით.

დათომ მითხრა, ასეთი პატარები არ მყავს ჯგუფში და ვერ მივიღებ, მაგრამ მაინც მოვუსმენო. ნიკოლოზმა, სინჯებზე დათოს ერთ-ერთი საკმაოდ რთული სიმღერა შეასრულა.

ძალიან გაკვირვებული დარჩა, სმენაც და ხმაც ისე მოეწონა, იმ დღესვე აიყვანა. მას მერე, ამ ჯგუფის წევრია. ძალიან თბილი, არაჩვეულებრივი მასწავლებელია. არა მარტო ჩვენ, ყველას ძალიან მოსწონს.

ნიკოლოზის გარდა, ოჯახის რომელი წევრი მღერის?

მამა – ვახტანგ არაბიძე, ანსამბლ „ერისიონის“ მომღერალი იყო, მამამთილი თემურ ხარატი და მისი მამა – ალექსანდრე, არაჩვეულებრივად მღეროდნენ, ჩემი ქალიშვილებიც მღერიან

მუსიკალური ოჯახი ვართ. ჩვენი სახლიდან, ყოველთვის ისმის ქართული სიმღერა. პირველად, ორი წლის წინ ავტვირთე ვიდეო, სადაც ნიკოლოზი „კაცურად“ მღერის.

მართალია, ეს იუმორი იყო, ხმა დაიბოხა და ისე შეასრულა კომპოზიტორ ნ. გელაშვილის „თეთრ კლავიშებს“, რასაც სასწაული გამოხმაურება მოჰყვა. დილით, ჩემმა გოგოებმა გამაღვიძეს, ნიკოლოზის ვიდეომ, სოციალური ქსელი ააფეთქაო.

ამის შემდეგ, ერთ-ერთმა ტელევიზიამ პატარა სიუჟეტიც გააშუქა. ამ სიმღერას, ისეთი გამოხმაურებას მოჰყვა, გადავწყვიტე, ე. მიქელაძის სასწავლებელში შემეყვანა – უკვე, მეორე კლასშია.

ასევე გალობს 100 000 მოწამის სახელობის ტაძარში (ი. პეტრიწის ქ. ), დიდ დიღომში ვცხოვრობთ და სახლთან ახლოს არის. მოძღვარიც ჰყავს – მამა ლუკა.

რამდენიმე დღის წინ ფეხი მოიტეხა და დღეს ვერ წავედით ტაძარში, დილიდან მეხვეწება წამიყვანეო. მიუხედავად ამისა, კასტილებით მაინც ახერხებს სიმღერაზე და ფორტეპიანოზე სიარულს, არ ჩერდება, ვერ დავსვი სახლში.

ჩვენ ოჯახში ძაღლიც კი მღერის, კანე კორსოს ჯიშია – ნიკოლოზთან ერთად „მეცადინეობს“(იცინის), სრული საგიჟეთია.

კომპოზიტორი და მომღერალი დავით არჩვაძე:

ძალიან ვაჟკაცური ბიჭია, ისე მეტყველებს და ტიკტიკებს, გირჩევთ თავად ჩაწეროთ, ძალიან საინტერესო რესპონდენტი იქნება.

სამი წლის იყო, დედამ რომ მოიყვანა ჩვენთან. როგორი ვაჟკაცურიც დღეს არის, ზუსტად ისეთივე იყო. ეს ბავშვი, ნამდვილ ვაჟკაცად არის დაბადებული. ჩემი პირველი გაოცება, სიმღერის არჩევანი იყო.

რას იმღერებ შვილო-მეთქი, რომ ვკითხე, ჩემი ერთ-ერთი სიმღერა დაიწყო, რომლის შესრულებაც, ზოგჯერ, დიდებს გვიჭირს, გავოგნდი.

როგორც ავტორს,  ასმაგად გამიხარდა, მაგრამ გამიკვირდა, რომ ამ პატარა ბავშვმა, ასეთი რთული სიმღერა აირჩია.

ისე შეასრულა, გაოგნებული დავრჩი. იმ დღესვე დავდე სოციალურ ქსელში - ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა!

სასწაული ბავშვია, იმდენად ალალია თავის ყველა ემოციით, საუბრით და ქართული სიმღერის სიყვარულით, ამიტომაც შეაღწია ხალხის გულებში.

მას შემდეგ, თითქმის, რვა წელი გავიდა. მიზანდასახული და ინტერესიანი ბავშვია, 24 საათი ქართულ ტრადიციულ სიმღერებს უსმენს, ფანატიკურად უყვარს, არც ერთ რეპეტიციას არ აცდენს.

რეპეტიციას რომ ვამთავრებ, ძლივს ვაგდებ სახლში. პიანინოს მიუჯდება და თავის აწყობილ სიმღერებს უკრავს.

უნიკალური პიროვნებაა – სულ ასე მაოცებს და მაოცებს! მე კიდევ, ხალხს ვაოცებამ ბავშვის მორიგი გამოსვლით და სიმღერებით!

ზაურ ბოლქვაძის ხნოვნისთვის შექმნილი ჩემი სიმღერა ჩავწერეთ, რომელიც ალბათ, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა იყო.

ნიკოლოზს, იმდენად ფანატიკურად უყვარს ზაური, რომ ამ სიმღერის – „ქართული სიმღერის საგალობელი“ (ზაურ ბოლქვაძის ხსოვნას. სიმღერის ავტ. დავით არჩვაძე) შესრულება, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. 

ამ სიმღერას, ორი თაობა „ქართული ხმები“ ვმღერით, ყველა დიდ მომღერალს აქვს შესრულებული. ამ ასაკის ბავშვმა კი, პირველად შეასრულა და საზოგადოების გაოცებაც გამოიწვია.

იხ ვიდეო: – ნიკოლოზ ხარატი – „თეთრ კლავიშებს“ (მუსიკის და ტექსტის ავტორი ნ. გელაშვილი)