1732216283
„გარდაცვალებამდე ათი დღით ადრე ვნახე. ლაპარაკიც, თითქმის, უკვე აღარ შეეძლო... მძიმედ ვარ. ძალიან მიჭირს...“- მერაბ სეფაშვილი კაკული გურიელაშვილზე
"როცა მოვკვდე, ჩამაყოლეთ ჩემი შავი ნაბადია..." - მღეროდნენ მერაბ სეფაშვილი და კაკული გურიელაშვილი და მათი მეგობრობა წლებს ითვლიდა. და იყო ოცდაოთხ საათიანი და გაუთავებელი დღესასწაული; შეწყობილი ხმები და ნაბიჯები... გზები ისრაელსა და საქართველოს შორის და გულების ერთიანობა. თუ გვერდით მდგომი არ გიყვარს, ვერ იმღერებო. ჰოდა, ერთმანეთიც უყვარდათ და უერთმანეთობაც აძრწუნებდათ. ამბის გასაგებად, მერაბი ხუთ წუთში ერთხელ მირეკავსო, ისრაელში საომარი ვითარების დროს ამბობდა კაკული.
უკვე დეკემბერში, მერაბმა უკანასკნელად მოინახულა დამძიმებული ძმა და ეს ერთგვარი გამომშვიდობებაც გამოვიდა.
59 წლის კაკული გურიელაშვილმა იმიერში გადაინაცვლა და ამის შესახებ მისმა ვაჟმა სოციალური ქსელის მეშვეობით ამცნო ყველას...
5 იანვრის შემდეგ მერაბს ძალიან უჭირს. იცოდა, რომ ავ სენთან მებრძოლ ძმად ნაფიცს, ადრე თუ გვიან გამოეთხოვებოდა, მაგრამ ფაქტის წინაშე დამდგარს უმძიმს.
მეგობარზე წარსულში საუბარი არც ახლა შეუძლია. "პრაიმტაიმთან" მხოლოდ პატარა კომენტარს აკეთებს.
მერაბ სეფაშვილი: - ჩათვალეთ, რომ ოჯახის წევრი გარდამეცვალა. ძმებივით ვიყავით. გარდაცვალებამდე ათი დღით ადრე ვინახულე. უკვე ძალიან ცუდად იყო. თითქმის, ლაპარაკიც აღარ შეეძლო. აი, ასე...
მე მძიმედ ვარ, სხვას ახლა ვერაფერს ვიტყვი. ძმასავით მიყვარდა. დრო რომ გავა, მასზე შემოქმედებითი კუთხით, მერე ვისაუბრებ. ახლა ძალიან მიჭირს მასზე საუბარი.
მერაბ სეფაშვილის მუსიკალურმა პროდიუსერმა, გია გოგორიშვილმა პირველი კომენტარი "პრაიმტაიმთან" გააკეთა და მეგობრის გარდაცვალების დღეს თქვა, რომ კაკული მძიმე ტკივილებს უძლებდა და ავადმყოფობას შემართებით ებრძოდა.
"კაკულიმ იავადმყოფა. მძიმე სენს ებრძოდა, წონაში საგრძნობლად დაიკლო. თუმცა, იმედი გვქონდა მაინც, მაგრამ... ისე მედგრად იყო, ტკივილებს ებრძოდა ვაჟკაცურად. ტკივილებით კონცერტებზეც გამოდიოდა.
ბოლო წელიწად-ნახევარი განსაკუთრებით დიდ ბრძოლაში იყო სენთან და ტკივილებთან, მაგრამ გასტროლებზე დადიოდა.
მხიარული, სიცოცხლის მოყვარული კაცი იყო. არ იცით, ისრაელში ჩასულებს როგორ პატივს გვცემდა. რას არ იყიდდა. ხორცს თავისი ხელით გვიწვავდა, თვითონ გვიმზადებდა ყველაფერს. ძალიან უყვარდა სიცოცხლე.
ჩვენც რომ არ ვიყავით, შედიოდა ეკლესიაში და სანთლებს გვინთებდა. ასეთი მეგობრობა იცოდა. ენით აუწერელი, საოცარი კაცი იყო" - ჩვენთან საუბარში მეგობარს იხსენებს გოგორიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: