ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის 2025 წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება
1732220591
26 ივნისს, ისტორიაში პირველად, რომის პაპის ფრანცისკეს მიწვევით, ვატიკანში, „სიქსტეს კაპელაში“ სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდმა, ქართული საგალობლები შეასრულა.
სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდმა, სვიმონ ჯანგულაშვილისა და გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით, „სიქსტეს კაპელაში“ ქართული საგალობლებისა და ფოლკლორის 20-მდე ნიმუში შეასრულეს, მათ შორის ,„ოროველა“, „შენ ხარ ვენახი“, „ჩაკრულო“, „ლილე” , „,ოდოია”, „წმინდაო ღმერთო” და სხვ.
ამ ისტორიულ მოვლენას საფუძველი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით ჩაეყარა.
სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდთან ერთად, კონცერტში მონაწილეობა მიიღეს სოლისტებმა - იანო ალიბეგაშვილმა, ქეთევან ქართველიშვილმა, ზვიად ბოლქვაძემ და გიორგი ცაგარელმა.
ახალგაზრდა მომღერალი ქეთევან ქართველიშვილი „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ სივრცეში, სადაც შეუსრულებია „კირიე ელეისონი", ყოველთვის განსაკუთრებით ემოციურად ასრულებდა, ცრემლებამდეც კი ხშირად მისულა:
- ქართულ საეკლესიო გალობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, ხელოვნების უნიკალური სახეობაა - რა განცდა გქონდათ, როცა ამ საოცარ გუნდთან ერთად მონაწილეობდით...
პირველ რიგში მადლობა, რომ დაინტერესდით ამ არაჩვეულებრივი მოვლენით, მართლაც უნიკალური სახეობაა ქართული საეკლესიო გალობა, ხელოვნების თვითმყოფადი და დიდი ისტორიის მქონე.
ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სამების საკათედრო გუნდი და ანსამბლი „ბასიანი“, დიდი ხანია დგანან ქართული გალობის და ქართული ფოლკლორული მუსიკის უმაღლესი ღირებულებების სადარაჯოზე და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ამ გუნდში მონაწილეობა.
თითოეული წევრი, არის უნიკალური თავისი დამოკიდებულებით და ინტელექტით, მუსიკალური აზროვნებით და ადამიანობით. ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ამ ადამიანებთან არა მარტო სცენაზე დგომა, არამედ ცხოვრებაში მეგობრობაც.
- რომის პაპი ფრანცისკეს ემოცია და კომენტარი, როცა ქართული საგალობლები გაჟღერდა...
რომის პაპმა ფრანცისკემ, არაჩვეულებრივი სითბო და სიყვარული გამოხატა ჩვენ მიმართ. აღნიშნა თავის პატივისცემა და დიდი სიყვარული ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს მიმართ.
აღნიშნა, რომ ძალიან უყვარს ქართული სიმღერა, ქართული ღვინო და საქართველო. მინდა თამამად განვაცხადო, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში, დადასტურდა და დამტკიცდა ჩვენი მეგობრობა.
ევროპამ თავისი გული, ქრისტიანული სამყაროს გულის კარი გაგვიღო და ამ საოცარ ადგილას, მოგვცა საშუალება, რომ ქართული მუსიკა გაგვეჟღერებინა და ჩვენი ქვეყანა წარმოგვეჩინა, ამიტომ მხოლოდ დადებითი და კარგი ემოციებით ვართ დატვირთული და ძალიან მადლიერები ვართ.
- ძალიან ემოციური იყო საქართველოს პატრიარქის „კირიე ელეისონ", რომელიც სამების საპატრიარქო გუნდთან ერთად შეასრულეთ, როგორც ამბობთ, სიმღერის დროს ხშირად ტირით...
დაგეთანხმებით, ეს გამოსვლა, მართლაც ემოციური იყო ძალიან ბევრი მიზეზის გამო. დიდი პატივით მიღების და ასეთ სივრცეში, ამ საოცარი შედევრის ხილვის ფონზე, ჩვენთვის მეტად საპასუხისმგებლო იყო, ყველა სავსე ვიყავით ემოციებით.
მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერ სივრცეში, სადაც შემისრულებია „კირიე ელეისონი", თუნდაც სამების საკათედრო ტაძარში, ან სხვა საკონცერტო დარბაზებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ყოველთვის განსაკუთრებით ემოციურად ვასრულებდი.
ძალიან ვნერვიულობ, რადგან რთული შესასრულებელია, როგორც ტექნიკურადაც, ასევე ემოციურად, საკმაოდ დახუნძლულია თავისი განვითარებით და კულმინაციით, ცრემლებამდეც ძალიან ხშირად მივსულვარ, ამ საგალობლის შესრულების დროს.
- რომელი უფრო რთულია, სოლო თუ ჯგუფურად შესრულება?
თავის სირთულე აქვს, როგორც სოლო, ასევე ჯგუფურ სიმღერას, ყველა ვარიანტში, ყოველთვის გჭირდება საყრდენი.
თუ ჯგუფში მღერი, აუცილებლად გჭირდება ჯგუფთან იდეალურად მიახლოებული ჰარმონია და კარგად შემღერება, რომ ბალანსი, იდეალურად იყოს დაცული და ყველაფერი ისე იყოს, როგორც დაგეგმილია.
ხოლო როცა სოლისტი ხარ, აუცილებლად გჭირდება თანხლების სახით, ძალიან ძლიერი და გამართული საყრდენი და ამ საყრდენს, მე ყოველთვის მაძლევს, ჩემი საყვარელი სამების საკათედრო გუნდი.
- მოგვიყევი როგორ მოხდა, ამ ისტორიულ მოვლენაში თქვენი მონაწილეობა, ვისი იდეა იყო?
მოხდა ისე, რომ რამდენიმე წელია, მაქვს პატივი, რომ ამ საოცარ გუნდთან ერთად შევასრულო საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც, არაერთ სცენაზე, მუსიკალური ნაწარმოებები.
ამისთვის მადლიერი ვარ ბ-ნ სვიმონ ჯანგულაშვილის, რომელმაც დაინახა და შეამჩნია ჩემი პოტენციალი და მომცა საშუალება, ამ არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად, გამოვსულიყავი არაერთ ძალიან მნიშვნელოვან კონცერტზე და ახლაც, მისი გადაწყვეტილებით, წარვდექი ამ მეტად საპასუხისმგებლო ღონისძიებაზე ამ გუნდთან ერთად.
მრავალჯერ გავაჟღერე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მადლიერი ვარ ბ-ნ სვიმონის, ძალიან ბევრჯერ დაიჯერა ჩემი შესაძლებლობების, მაშინაც კი, როცა მეც არ მჯეროდა და მომცა შესაძლებლობა, ამ არაჩვეულებრივ სივრცეში წარმომეჩინა ჩემი ქვეყანა.
- ყველაზე დასამახსოვრებელი და ემოციური მომენტები...
რა თქმა უნდა, ამ ექვსი დღის განმავლობაში, ყველაფერი ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო. თითოეულმა ჩვენგანმა, იმხელა ემოციური სიამოვნება მივიღეთ, მიჭირს კიდეც გამოვარჩიო, რომელი დღე იყო უფრო ემოციური.
რა თქმა უნდა, ეს პირველი შთაბეჭდილება იყო, როცა წმინდა პეტრეს ტაძარი, ვატიკანის მუზეუმი და ეს საოცარი შედევრი, მიკელანჯელოს „სიქსტეს კაპელა“ ვნახე.
როდესაც შევედით სარეპეტიციოდ და აკუსტიკის მოსასინჯად, ემოციებისგან და ბედნიერებისგან დავმუნჯდით. ალბათ ეს კონცერტი, თავისი დასაწყისით და კულმინაციით, ყველაზე ემოციური.
ძალიან ამაღელვებელი იყო, ჩვენი ბიჭების გალობა, წმინდა პეტრეს ტაძარში. ორივე ღონისძიებების დროს, ცრემლებს ვერ ვიკავებდი, ეს იყო ყველაფრის ერთად - სიამაყის, მუსიკის ფონზე გამოწვეული ბედნიერების.
ამ ორ მოვლენას, აუცილებლად გამოვარჩევდი, თუმცა, მთელი ვიზიტი ყველა ჩვენგანისთვის, წარუშლელი და უნიკალური იყო.
- რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქენთვის, ვატიკანში, „სიქსტეს კაპელაში“ მონაწილეობა...
როგორც კი, ამ ვიზიტის შესახებ გავიგეთ, ყველანი განსაკუთრებულად ვემზადებოდით, როგორც ემოციურად ისე ფიზიკურად.
რამდენიმე რეპეტიცია გვქონდა, ბევრს ვშრომობდით და ვემზადებოდით, რომ ჩვენი ქვეყანა. მაქსიმალურად კარგად წარმოგვეჩინა.
ამ საოცარ სივრცეში, იდეალურად გაგვეჟღერებინა ქართული მუსიკა, თუმცა იქ ჩასვლისას, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ამ საოცარმა სიხარულმა, ზღვა ემოციამ, დიდმა პასუხისმგებლობამ და სიამაყის განცდამ, ბევრი ჩვენგანი ცრემლებამდეც კი მიიყვანა.
- სავარაუდოდ, ძალიან საპასუხისმგებლო იყო უცხოელი აუდიტორიის წინაშე. ქართული გალობა...
რაც შეეხება აუდიტორიას და მის წინაშე ქართული გალობის გაჟღერებას, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ კონცერტი, საკმაოდ დახუნძლული იყო სხვადასხვა ჟანრის მუსიკით.
ეს იყო, რა თქმა უნდა, ქართული საგალობლების, ქართული ფოლკლორის განყოფილება და ჩვენ, მათ წინაშე წარვდექით, ქართული პროფესიული მუსიკის ნიმუშებითაც.
ძალიან მრავალფეროვანი იყო, შევეცადეთ ქართული მუსიკის სხვადასხვა მიმართულებები გაგვეჟღერებინა აუდიტორიის წინაშე. ძალიან კარგად მიიღეს და ამ გამოსვლას, დიდი გამოხმაურება და აპლოდისმენტები მოჰყვა.
- ალბათ, პირველი არ ვარ, ვინც გეტყვით, რომ გამორჩეული ხმის ტემბრი გაქვთ...
მადლობას მოგახსენებთ კომპლიმენტისთვის! რაც შეეხება ჩემ ხმას, სულ ვამბობ, რომ ძალიან იღბლიანი ვარ, მადლიერი ვარ, რომ ყოველთვის საოცარ მუსიკასთან მიწევს შეხება.
ყოველთვის მიმართლებს, რომ ისეთ მელოდიებს ვმღერი და ისეთ კომპოზიტორებთან მიწევს თანამშრომლობა და ისეთ მუსიკასთან მიწევს შეხება, რომ სხვანაირად და სხვა ტემბრით, შეუძლებელია ამ მუსიკის მღერა.
თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს გამორჩეული და უნიკალური ტემბრი აქვს და ყველა ადამიანის ინტერპრეტაცია, რა თქმა უნდა, საინტერესოა.
სამყაროში ორი ერთნაირი, არაფერი არსებობს. მიხარია, თუ ჩემი ინტერპრეტაცია, ვინმეს სიამოვნებას ანიჭებს, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა.
- რა ასაკიდან მღერით... რამ ან ვინ შთაგაგონათ, მომღერალი გამხდარიყავით?
როგორც ყველა ქართველი, მეც არ ვიქნები გამონაკლისი და ვიტყვი, რომ ბავშვობიდან ვმღერი. ალბათ, რაც ლაპარაკი დავიწყე, იმ ასაკიდან.
დავიბადე ქ. მცხეთაში 1994 წელს. დაახლოებით 5 წლიდან იწყება ჩემი გადაკვეთა მუსიკასთან, როცა დედამ ვიოლინოზე მიმიყვანა, ჯერ მცხეთაში, ხოლო შემდეგ თბილისში, ნიჭიერთა ათწლედში.
ისე აეწყო, რომ დედას მიერ გადადგმული, ბევრი სწორი ნაბიჯის შედეგად ვარ ის, რაც დღეს ვარ. ამიტომ ყოველთვის მადლიერი ვარ მისი, რომ ჩემში ყველანაირი რესურსი ჩადო, რომ ჩემი ნიჭისთვის გზა გაეხსნა.
თუმცა, რასაც ჰქვია პროფესიის დაუფლება, ეს ყველაფერი ე. მიქელაძის სახელობის მუსიკალურ ათწლედში დაიწყო, როდესაც აკადემიური გუნდის დირიჟორობის ფაკულტეტზე მივედი და დავიწყე სიმღერა გუნდში.
სწორედ, საგუნდო მუსიკის წიაღში, ვიპოვე ჩემი თავი და მიმართულება, აქედან დაიწყო ჩემი, როგორც მომღერლის განვითარება.
თუმცა, ამის შემდეგ, როგორც ვოკალისტს, სწავლა კონსერვატორიაში არ გამიგრძელებია, მაგრამ როგორც აკადემიური გუნდის დირიჟორმა, ისე დავამთავრე კონსერვატორია.
აკადემიური გუნდის დირიჟორობა, პირდაპირ კავშირშია საგუნდო ვოკალთან, სიმღერასთან და ეს ორი პროფესია, მჭიდროდ გადაიკვეთა ჩემთვის, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩემ ცხოვრებაში.
- თითქმის ყველა ადამიანს აქვს ოცნება, რა იყო თქვენი?
ჩემი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ძალიან ბევრი მიმართულება ვცადე. როგორც აღვნიშნე, პროფესიით დირიჟორი ვარ, მანამდე ნიჭიერთა ათწლედში, მევიოლინე ვიყავი. მქონდა მცდელობა, ფორტეპიანოსთან შეხებისაც.
ამ ყველაფერმა ჩემზე, როგორც მუსიკოსზე, თავის კვალი დატოვა, მაგრამ ცხოვრების რაღაც ეტაპზე, მივხვდი, რომ სიმღერა იყო ერთადერთი რამ, რომლის კეთების დროსაც, ვიყავი ნამდვილი მე.
არ ვღელავდი, ნერვიულობა ხელს არ მიშლიდა იმაში, რომ საკუთარი თავი მაქსიმალურად გამომეხატა. ჩემი ხმა, აღმოჩნდა ყველაზე მარტივი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ადამიანებისთვის ჩემი ემოციები გადმომეცა.
- პირველი წარმატება...
პირველი ჩემი მასშტაბური წარმატება, კონსერვატორიას უკავშირდება. უმაღლესში ჩაბარების პირველივე დღეს გავიცანი მომღერალი ბიჭები, რომელთან ერთად დღემდე ვმღერი.
ანსამბლს ჰქვია „The Georgian Six“ , უკვე 10 წელია ვარსებობთ. ჩემი პირველი წარმატება, უკავშირდება ამ ჯგუფთან ერთად, ჩვენ პირველ გამოსვლას თბილისში, რომელიც საოცრად ემოციური იყო ჩვენთვის, რასაც მაყურებლის მხრიდან, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
საოცარი ენერგია და უამრავი აპლოდისმენტი მივიღეთ კონცერტზე, მას შემდეგ მოვდივართ ხალხის სიყვარულით. ფაქტობრივად, ამ კონცერტით იწყება, ჩვენი გზა წარმატებისკენ!
- ყველაზე დიდი გამოცდილება, რაც კი ოდესმე მიგიღიათ...
ნებისმიერ სივრცეში, აბსოლუტურად ყველა გამოსვლა, პერფორმანსი, ჩემთვის არის მორიგი გამოცდილება და თითოეული გამოსვლის, კონცერტის შემდეგ, მიმაჩნია, რომ პროფესიულად, გარკვეული საფეხურით წინ მივიწევ.
ამიტომ ვერ გამოვარჩევ რომელიმეს. ვთვლი, რომ თითოეული ჩემი გამოსვლა, ჩემთვის მუსიკალურად გარდამტეხია და ყველა მომდევნო გამოსვლას, უფრო პასუხისმგებლობით ვეკიდები და საკუთარ თავში, უფრო თავდაჯერებული ვარ.
- თქვენზე მოგვიყევით, მშობლებზე, ოჯახზე,,,
მყავს დედა და ორი ძმა, არაჩვეულებრივი ოჯახი მაქვს. ჩემი ერთ-ერთი ძმა - დაჩი, სამების გუნდის მგალობელია, რომშიც ერთად ვიყავით.
- რას ეტყოდით ქართველ თაყვანისმცემლებს...
ჩვენ გულშემატკივრებს ვეტყოდი ძალიან დიდ მადლობას, იმ საოცარი სიტყვებისთვის, რომელსაც განუწყვეტლივ გვწერენ უცხო ადამიანები, დადებითი შეფასების, მადლიერების და იმ სიამაყისთვის, რასაც ჩვენი მოსმენისას განიცდიან.
ჩვენთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, ქართველი მსმენელის ასეთი გახარება. მადლობა მათ, ამ ყველაფრისთვის!
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მომღერალი ქეთევან ქართველიშვილი, ჯგუფ „The Georgian Six”-ის სოპრანოა, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ქართულ მუსიკას, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. თავად ჯგუფი შეიქმნა 2013 წელს, ხოლო ამ შემადგენლობით 2016 წელს დაკომპლექტდა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჯგუფის ექვსივე წევრი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულია, აკადემიური გუნდის დირიჟორობის სპეციალობით და მაგისტრის ხარისხით. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბევრ ჯილდოსთან ერთად მათ მიღებული აქვთ რუმინეთში გამართულ საერთაშორისო ჯაზფესტივალზე „საუკეთესო ვოკალის" წოდება.
ასევე ავსტრიაში, ქალაქ გრაცში, საერთაშორისო ფესტივალზე ჯგუფმა საპრიზო ადგილი დაიკავა და გაიმარჯვა ნომინაციაში - დარბაზის რჩეული. ჯგუფს გამართული აქვს რამდენიმე სოლო კონცერტი, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.