კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
პატრიარქის ჩოხოსანი და საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, პოეტი გიორგი რამაზაშვილი, რომელიც თუშურ დიალექტზე დაწერილი უნიკალური ლექსებით, ბრწყინვალედ გადმოგვცემს მთის ცხოვრებას, ნიკოლოზ წულუკიძეს ნუგეშისმცემელი ლექსით ეხმიანება.
ახმეტაში დაბადებული, უცხო ქვეყანაში გადახვეწილი თუში პოეტი, „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში, არა მარტო ნიკას, არამედ მთელი საქართველოს ტკივილს იზიარებას და ემოციურ, ტკივილით და იმედით სავსე ლექსს უძღვნის:
რთული თავმოსაყრელია სიტყვები, ასე არასოდეს გამჭირვებია ადამიანის ნუგეში, როგორც ახლა „ვიბორძიკე“, ისიც ვიცით, რომ ჭირი და ლხინი ძმები არიან, მაგრამ დიდი უსამართლობაა მოსწყვიტო სამზეოს სიცოცხლე, რომელსაც ჯერ არც კი ჰქონდა გაცნობიერებული, თუ რას ნიშნავდა სააქაო, მოუნელებელი საწუხარია შვილის გარდაცვალება და თანაც ისეთის, როგორსაც მხოლოდ, დედისა და მამის შეცნობა შეუძლია.
თუმცა, თავს მივცემ უფლებას და შევბედავ ნუგეშის სიტყვებს ნიკოლოზს, შენ მთელ საქართველოს უყვარხარ და არ გაქვს უფლება თვალისა და მუხლის მოდრეკისა, გვიგულე შენს გულსა გონში, თითოეული ჩვენგანი.
სამძიმარი რთული სათქმელია, მხოლოდ გეტყვი, რომ შენთან ერთად, ლექსით გავიზიარე შენი სატკივარი. იდექი უტეხად და არ ჩააქრო თვალებში ის სიყვარულით სავსე სხივი, რომელსაც მთელი საქართველო შეხარის.
ნუღარა სდარდობ არ გეტყვი...
_____________________________________
იძმავე შეიერთგულე,
გულში მთის ტოლა ჯავრები,
კლდის დრად დაუხვდი განსაცდელს,
არწივის ტოლა თვალებით..
როგორა გთხოვო ნუ სდარდობ,
თქმაიც ხო უნდა სიტყვასა,
სანუგეშო და სალაღო,
რა რიგად უნდა ითქვასა
არ გასტყდე ამას გიბარებ,
მამა ანგელოზ შვილისა,
თვალი მზის დარით გაივსე,
თორე გული სუ სტირისა.
კიდევა გყვანან სამზეოს,
საზრუნავ საფიქრალები,
მუხლს ნუ მოჰკეცავ იცოდე,
არ დაიწუხო თვალები.
ნუღარა სდარდობ არ გეტყვი,
დარდი დაგრჩება ჩვევადა,
სხივს ნუ ჩაიქრობ სამყოფლის,
ისეთს როგორიც გებადა.
შვილისთვის უნდა იცოცხლო,
ცას ანგელოზად წასულის,
მომავლის ლეგა დღეები,
შეალამაზე წარსულით.
ტკივილს ვერ შეგიმსუბუქებ,
ჩემი ფიქრით და სიტყვებით,
მაგრამ შენ სავალ სატკივარს,
მეც შენთან ერთად მივყვები.
ღმერთს ანგელოზი აჩუქე,
მიწას ფესვი და ყვავილი,
საწუთრო დაგრჩა ხსომაში,
ცრემლებით გადანამილი.
მუხლს ნუ მაიჭრი არ გასტყდე,
ოჯახს სჭირდები ფარადა,
უფალს უნდიხარ მსახურად,
სამშობლოს დასაცავადა.
გ რამაზაშვილი. /30/06/2022/
ძმობით სიყვარულით და ქართველ კაცობით, ლექსი ეძღვნება ნიკოლოზ წულუკიძეს.
ვუსურვებ მხნეობას სულის სიმრთელეს ოჯახისა და სამშობლოს უტეხად სადარაჯოზე დგომასა და უფლის სიყვარულს! - წერს რამაზაშვილი.