საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1732302170
29 წელი გავიდა აფხაზეთის ომიდან, მაგრამ დღესაც თავს გვახსენებს აფხაზეთის კონფლიქტის ტრაგიკული შედეგები. ამ ადამიანებმა მოგვცეს ჩვენ მაგალითი სამშობლოს სიყვარულის და სამშობლოსთვის თავდადების.
ასეთი ადამიანების მხრებზე დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. მათ მოიტანეს დღემდე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი სამშობლოს ღირსება.
„პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აფხაზეთის (1992-93 წწ.) და უკრაინის (2014 წ.) ომის მონაწილე, გასამხედროებული ორგანიზაცია "მხედრიონის" ერთ-ერთი მეთაური დოდო გუგეშაშვილი აფხაზეთის ომის სისასტიკეზე და ქართველ გმირ ბიჭებზე გულახდილად საუბრობს:
ვცდილობ აქტიური ვიყო, როგორც ჩემ არასამთავრობო ორგანიზაციის საქმეში, ასევე მის გარეთ. ჯანმრთელად არ ვარ, მაგრამ არ ვაძლევ საკუთარ თავს უფლებას მოვდუნდე.
დღეს, 7 აპრილს ხარების დღესასწაულია და ამავე დროს, ჩვენი ერთ-ერთი მეგობრის, აფხაზეთის და უკრაინის ომის გმირის გიორგი ხვიჩიას დაბადების დღეა. ამ დღეს საფლავზე, ყოველთვის გავდივართ, ერთმანეთს არასდროს ვივიწყებთ.
- გიორგის შესახებ მოგვიყევით, როგორც ვიცი, აფხაზეთის შემდეგ, უკრაინაში იბრძოდა...
სხვათა შორის, გიორგი აფხაზეთის ომამდე, ჩრდილო კავკასიაში იბრძოდა. სულით მეომარი და მებრძოლი ადამიანი იყო. რომელიც როგორც აფხაზეთში, ასევე უკრაინაში გმირულად იბრძოდა.
ბრძოლის დროს თვალი დაკარგა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ახერხებდა ბრძოლას. ძალიან დიდი ხანი დასჭირდა რეაბილიტაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ არაფერი დავაკელით.
ეს ყმაწვილი, გარეგნობითაც გამორჩეული იყო, ძალიან უყვარდა ჩოხით სიარული. რომ გამოვიდოდა, წიგნიდან გადმოსულ ქართველ გმირს ჰგავდა.
2014 წლიდან, გიორგი, რუსების და ადგილობრივი სეპარატისტების მიერ, უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში უკრაინის სხვადასხვა ბატალიონებში იბრძოდა - "მემარჯვენე სექტორში" და „კარპატსკი სიჩში".
სამწუხაროდ, 2016 წლის 24 ივნისს დაიღუპა, ეს ის ავბედითი დღეა, როცა გიორგი დარჩა 45 წლის! კაცი, რომელსაც სამშობლო, ოჯახი, მეგობრები, შვილები, მოყვასი საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვარდა.
ადამიანი, რომელიც დღემდე უზომოდ გვიყვარს დღემდე და არასდროს დავივიწყებთ. ის თითოეული ჩვენგანის სიამაყეა. გმირული სიკვდილის შემდეგ, გიორგი უკრაინის რამდენიმე უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა.
საქართველოში მიღებული გორგასლის ორდენის გვერდით, უკრაინული რაინდის ჯვარიც ამშვენებდა, როცა ის საბურთალოს საძმო სასაფლაოზე, ბიჭებთან ახლოს დავკრძალეთ, 45 წლის მაღალი, მხრებში გაშლილი ქართული იერის და ქართული სულის ბიჭი.
უკრაინაში კი გმირთა მონუმენტზე გიორგი ხვიჩიას სახელის გვერდით "მხედრიონელის" მედალიონია ამოტვიფრული.
სამსონ ბრეგვაძე (გიორგის მეგობარი) - მე და გიორგი ხვიჩია 4 წლიდან ერთად ვიზრდებოდით. თითქმის ყველა ომი ერთად გავიარეთ.
სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე (1993 წლის 20 სექტემბერს), თბილისის აეროპორტში წავედით, აფხაზეთში უნდა გავფრენილიყავით.
მაგრამ მფრინავები არ დაგვხვდნენ და ამიტომ გაფრენა ვერ მოვახერხეთ. ერთი დღე-ღამე ველოდით, რომ არ გამოჩნდა პილოტი, სახლში წავედით და ლონგი ჭელიძეს, რომელიც აეროპორტის კომენდანტი იყო, დავუბარეთ, რომ როცა პილოტები გამოჩნდებოდნენ, ჩვენთვის დაერეკა.
მე, გიორგი ხვიჩია და დათო დუმბაძე ჩემთან სახლში წამოვედით. მეორე დღეს ლონგიმ დაგვირეკა და მოგვიბოდიშა, დამავიწყდა თქვენთან დარეკვაო.
სასწაული მოხდა, ეს სწორედ ის „შეუსრულებელი რეისი“ აღმოჩნდა, რომელიც ბაბუშერას აეროპორტთან აფეთქდა. ამ საბედისწერო რეისს, ბევრი ჩემი მეგობარი შეეწირა.
იმ დროს, მობილური ტელეფონი არ არსებობდა, როგორც ჩანს წასვლის წინ, ვერ დაგვიკავშირდნენ, თორემ ჩვენც მათთან ერთად ვიქნებოდით.
23 სექტემბერს ისევ წავედით აეროპორტში. მახსოვს, რომ რეისს, ერთ-ერთი პილოტი ზურა ჭანკვეტაძე მართავდა, სწორედ მან მოახერხა ჩვენი აფხაზეთში ჩაყვანა.
რკინიგზის სადგურზე ვიმყოფებოდით, სოხუმში შეტაკება რომ მოხდა, მე ფეხში დავიჭერი, ამიტომ გიორგიმ და კიდევ რამდენიმე ბიჭმა გამომიყვანა და თვითონ უკან შებრუნდნენ.
ტანკით მიმიყვანეს სამედიცინო პუნქტში. ამის გამო გიორგისთან ერთად არ ვიყავი, მაგრამ მეორე დღეს გიორგი ფეხში დაიჭრა და თვალში ნამსხვრევი მოხვდა.
სერიოზული დაზიანება ჰქონდა თვალის და ჰოსპიტალში მოვათავსეთ. იყო საშიშროება, რომ მეორე თვალზე გადასვლოდა, ამიტომ თბილისში წამოსვლა გადავწყვიტეთ.
27 სექტემბერს დილით გამოვედით სოხუმიდან, თვითმფრინავები აღარ დაფრინავდნენ და ამიტომ ბარჟით (სატვირთო გემი) მოგვიწია წამოსვლა.
ფოთში ჩავაღწიეთ, იქიდან ბიჭებმა მანქანით სამტრედიამდე ჩაგვიყვანეს, ქუთაისის აეროპორტში ერთ-ერთი სპეც რეისი გამოუშვეს თბილისიდან და სწორედ ამ რეისმა გადაარჩინა გიორგის მეორე თვალი.
უკრაინაში წლების განმავლობაში იბრძოდა. დონეცკის აეროპორტის ბრძოლებშიც იღებდა მონაწილეობას. სწორედ ამ ბრძოლაში დაიჭრა და ფეხის თითი დაიზიანა. დიდხანს მკურნალობდნენ, შაქარი ჰქონდა და მძიმედ იყო, შვიდი ურთულესი ოპერაცია გადაიტანა.
ბოლოს საქართველოდან გაუგზავნა დოდო გუგეშაშვილმა ხალხური მალამო და ფეხის დაკარგვას გადაარჩინა. გიორგი ისევ ფრონტის ხაზზე დაბრუნდა და სიცოცხლის ბოლომდე, ისევ გავეშებულ რუსებს ებრძოდა უკრაინის მიწაზე.
უძლიერესი მებრძოლი იყო, ბოლომდე ერთად ვიბრძოდით, ომში ერთი რამ არის მთავარი, გვერდში მდგომი, რომელიც იცი, რომ არ მიგატოვებს!“ - იხსენებს გიორგის მეგობარი სამსონ ბრეგვაძე.
დოდო გუგეშაშვილი - ყველა უბედურების თავი და თავი, რაც შეიძლება სხვადასხვა ერის და სახელმწიფოს თავზე დატრიალდეს, ყველაფრის შემოქმედი რუსეთია.
რაც შეეხება აფხაზეთსა და ცხინვალს, საშინელი სისასტიკე ხდებოდა, როგორც რუსების, ასევე ჩრდილო კავკასიელების მხრიდანაც.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ 1993 წლის სექტემბრის ბოლოს, ხელჩართული ბრძოლები გვქონდა რიაზანის და ფსკოვის სპეც. რაზმელებთან, სანამ „ღიად“ გამოჩნდებოდნენ რუსის ჯარები.
ყამიშის ბრძოლების დროს, 1993 წლის ივლისში, ჩრდილო კავკასიელებთან და ადგილობრივ სეპარატისტებთან ერთად შემოვიდნენ დესანტის სახით ზღვიდან და ყამიში აიღეს.
მთელი სისასტიკით ჩახოცეს ბიჭები. ამ დროისათვის ყამიშის დამცველებს შორის, ძირითადად,„ავაზას“ და „დუშეთის“ ბატალიონის ბიჭები იყვნენ.
როდესაც ყამიში გავათავისუფლეთ, მთელმა გაერთიანებულმა ჯარებმა ერთად - მხედრიონმა, გვარდიამ შინაგანმა ჯარებმა და სხვადასხვა სამხედრო შენაერთებმა, მათ შორის ზვიადისტების, ძალიან მძიმე დანაშაულის ფაქტების მომსწრე გავხდით.
ერთი დიდი ორმო იყო გათხრილი და სამარხში ქალები, ჯვარზე თმებით იყვნენ მიბმული. ეს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.
გარდაცვლილებიდან, ყველა სამოქალაქო პირი იყო. სამხედრო პირებს კი, წამებით ხდიდნენ სულს და იქვე ტოვებდნენ.
„ერთმორწმუნეების“ ყველაზე საშინელი სისასტიკე იყო, როცა სამარხში ჯვარზე თმებით მიბმული ქალები ვნახეთ. ასეთივე სისასტიკით იქცეოდნენ უკრაინაში 2016-2018 წლებში ვიბრძოდი უკრაინაში, იქაც ანალოგიური ხდებოდა.
ძალიან მძიმეა, მაგრამ უნდა გავიხსენო, აფხაზეთის ომის დროს, როგორ თამაშობდნენ ფეხბურთს ადამიანების მოჭრილი თავებით, ქალებს, მკერდს ჭრიდნენ და წამებით კლავდნენ.
მე პირადად ნანახი მყავს, ორსული ქალი, რომელსაც მუცელი ჰქონდა გაფატრული, როგორ გაუჭყლიტეს მუცელში ჩვილი, რუსული ჩექმით - უამრავი საშინელების მომსწრე ვარ.
ალბათ გემახსოვრებათ დედა, რომელსაც საკუთარი შვილის თვალები გადააყლაპეს. საწყალი ჭკუიდან იყო შეშლილი, როგორც მახსოვს რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.
ყველა სისასტიკე, რაც შეიძლება არა მარტო ადამიანს არამედ ადამიანის მსგავს არსებას მოუვიდეს თავში, ყველაფერი ხდებოდა. მაშინ როდესაც რამდენიმე მამაო დახვრიტეს სოხუმში, მაგრამ მაინც ერთ მორწმუნე ერად არის ცნობილი.
სწორედ ეს ერი არის ყოველგვარი უბედურების დასაწყისი. პირველი ჩვენ დაგვარტყა, შემდეგ უკრაინას, მაგრამ თუ ერთ მორწმუნეა, რატომ ებრძვიან მართლმადიდებლურ ქვეყნებს.
მათ არ გააჩნიათ არანაირი სარწმუნოება და ადამიანური ფაქტორი. საერთაშორისო სამართლით არის აკრძალული ტყვეებისადმი სადისტურად მოქცევა, მაგრამ მათზე მხოლოდ „ველური კანონი“ მოქმედებს.
- უკრაინაში იბრძოდით, ის რაც დღეს ხდება, იმ დროსაც იყო ასეთი სისასტიკე და აგრესია რუსების მხრიდან?
2014-16 წლებში, როცა აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლები მიმდინარეობდა, მეც ვიღებდი მონაწილეობას. დონეცკის აეროპორტის დაცვაზე, მაშინ ვიყავი მემარჯვენე სექტორში, სადაც იყვნენ ჩვენი უკრაინელი თანამებრძოლები,
აგრეთვე ვმონაწილეობდი მარიუპოლის დასაცავად. როდესაც ერთ-ერთი სოფელი გავათავისუფლეთ, ერთ-ერთ ბაზაზე დავბანაკდით. დილით ვნახეთ ეკლესიის ღობეზე მიჭედებული, წებოვანი ლენტით პირაკრული მშვიდობიანი მოქალაქის გვამი, რომელმაც ალბათ ვერ მოასწრო ქალაქიდან გაქცევა და წამებით მოკლეს.
ქალაქ ბუჩაში, რაც ახლა ხდება, მაშინაც არანაკლები და შეიძლება უფრო მეტი სისასტიკე ხდებოდა. აქ იყო მორგი, სადაც ჰყავდათ ლურსმნებით მიჭედებული უკრაინელი ადამიანი, რომელიც გაატყავეს და წამებით მოკლეს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსებს ძალიან ბევრი წმინდანი ჰყავთ, ისინი სრულიად მოცილებული არიან ყოველგვარ ადამიანურ ფაქტორს.
რაც ახლა ხდება უკრაინაში, მართლაც საშინელებაა. რუსის ჯარი სამხედრო დანაშაულს სჩადის, კაცობრიობის წინაშე.
- თქვენთვის გასაკვირი არ არის, რაც ახლა უკრაინაში ხდება...
რა თქმა უნდა, არაფერი მიკვირს მათგან. ჩვენ ვიყავით და ვართ ძალიან დიდი ტრადიციების და კულტურის ქვეყანა, მაგრამ პატარა, მცირერიცხოვანი ერით, ამიტომ არ ინტრესდებოდა მსოფლიო, საქართველოს ამბებით.
რუსეთის ხელწერა უცვლელია. სისასტიკე უცვლელია, მისი სურვილი იმისა, რომ ისევ საბჭოთა კავშირი აღადგინოს, და ყველას ბატონ პატრონი გახდეს.
მისი სურვილი უცვლელია. არ დაგავიწყდეთ, რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი და ჰყავს შეშლილი პუტინი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია.
რაც ახლა ხდება, რომ მოუწოდებენ საქართველოს მეორე ფრონტის გახსნის და აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნებისკენ, ჩვეულებრივი პროვოკაციაა.
3 მილიონიანი ქვეყანა უნდოდათ ჩაეთრია ომში, 48 მილიონიან უკრაინას და გაეხსნათ მეორე ფრონტი. უკრაინას ებრძვის რუსეთი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. საინტერესოა, სად სცალიათ საქართველოსთვის! უკრაინის ხელისუფლება აცდენილია ხალხის დამოკიდებულებას ქართველების მიმართ.
- ქართველი ქალი ბრძოლის ველზე...
ქართველი ქალი დედამიწის ზურგზე, სამშობლოს არც ერთ დამცველზე ნაკლები არ არის, თუ ქართველ ქალს თვითრეალიზების საშუალება მიეცა, მთელ დედამიწას დაუმტკიცებს, რომ ძალიან ძლიერია.
მიუხედავად იმისა, რომ 90-იანებში არ იყო ბევრი ქალი მებრძოლი, ისინი მაინც გამორჩეულები არიან შინაგანი სტრუქტურის და მეომარი სულით.
ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელსაც გვყავდა თამარ მეფე, მაია წყნეთელი და უამრავი სხვა გმირი ქალი.
მე ვთვლი, რომ განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ ვაკეთებდი იმას, რაც შემეძლო. ყოველ წუთს თვალწინ მქონდა ქართველი მებრძოლი ბიჭების მაგალითები.
კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, 13 თვე და 13 დღე გაუძლო აფხაზეთმა, დიდი ტრაგედია ვნახეთ საკუთარი თვალით და მე ვერ ვეთანხმები გამოთქმას, რომ ყველაზე მაგარი ერია უკრაინა.
მართალია, ძალიან მებრძოლი ხალხია, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქართველ ადამიანზე ძლიერი ერი, დედამიწის ზურგზე არ არსებობს. არა როგორც მეომარი, არამედ სულიერი სიძლიერის.
ძალიან ცუდია, რომ მსოფლიომ ვერ ასწავლა ჭკუა მთავარ ბოროტებას, რაც დღეს, მთელ ქვეყანას აწუხებს - ეს, პუტინი და მისი ჯარია!