Exclusive: „ლეო ესაკია უკვე მიცნობდა ფილმიდან „სად არის შენი ბედნიერება, მზია“, ამიტომ მიმიწვია მთავარ როლზე - ვინ იყო მაღალჩინოსანი, რომელმაც ფილმში „გლახის ნაამბობი“ მთავარი როლი შეასრულა

ოთარ ხატიაშვილი და ლეილა აბაშიძე - კადრი ფილმიდან „სად არის შენი ბედნიერება მზია“

„ორი წლის განმავლობაში, მოწყვეტილი ვიყავი ჩემს ძირითად სამსახურს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მადლიერი ვარ ბედისა. აქ შევხვდი უკვე სხვა სამყაროს, კულტურის ამ ოაზისს გავეცანი და დავუახლოვდი მწერლებს, პოეტებს, კომპოზიტორებს, დიდ მსახიობებს და საზოგადოების ბრწყინვალე წარმომადგენლებს – პიროვნებებს, რომელთა ცხოვრების ზომიერი წესი, ერის სიყვარული მისაბაძი იყო, ისინი იყვნენ ნამდვილი საპატიო მოქალაქეები...

იყო დრო, როდესაც ბევრი მათგანის შორიდან ცოცხლად დანახვას ვნატრობდი, არამც თუ მათ გაცნობას და ეკრანზე პარტნიორობის გაწევას. ეს მხოლოდ, ერთეულთა ხვედრია და ბედნიერი ვარ, რომ ამ ერთეულთა შორის, მეც აღმოვჩნდი...“- ოთარ ხატიაშვილის მემუარებიდან.

უშიშროების სამსახურის გენერალ-მაიორი ოთარ ხატიაშვილი მსახიობი არ ყოფილა, მაგრამ ქართულ კინოში მაყურებელს, ორი როლით დაამახსოვრა თავი:

„სად არის შენი ბედნიერება მზია?” (რეჟისორი კონსტანტინე პიპინაშვილი 1959 წ.), რომელიც გადაღებულია გრიგოლ ჩიქოვანის მოთხრობის – „სიყვარული“ მიხედვით, სადაც მთავარ როლებს ლეილა აბაშიძე (მზია), ოთარ ხატიაშვილი (ლადო), გოჩა აბაშიძე (ელგუჯა) ასრულებენ და „გლახის ნაამბობი” (1961), სადაც დათიკოს როლი შეასრულა.

ფილმი გადაღებულია ილია ჭავჭავაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით (რეჟისორი ლეო ესაკია), მთავარ როლებში – ოთარ ხატიაშვილი (დათიკო), გოჩა აბაშიძე (გაბრო), მედეა ჩახავა (თამრო), დათო დანელია (დათიკო ბავშვობაში), გრიგოლ კოსტავა (დიტო), რომელიც მედეა ჯაფარიძის ყოფილი მეუღლე იყო.

მსახიობი და მაღალჩინოსანი 1928 წლის 26 აპრილს დაიბადა და 2007 წლის მაისში, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. იყო – სახელმწიფო უშიშროების საპატიო თანამშრომელი, სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სამმართველოს უფროსი კამჩატკის ოლქში (1976-1979), აჭარის ასსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე (1979-1981), საქართველოს სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი (1991), დაჯილდოებულია 3 ორდენით და 12 მედლით.

„პრაიმტაიმი“ ბ-ნ ოთარის ვაჟს, გიორგი ხატიაშვილს სახლში ესტუმრა და მის პირად ცხოვრებაზე და კარიერაზე ექსკლუზიურად ესაუბრა:

დაიბადა სიღნაღში, 1928 წლის 26 აპრილს და აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. მამას მოგონებებიდან მახსოვს, რომ კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე, მისი კლასელი იყო.

ოთარი იხსენებდა, რომ ერთხელ მუსიკალური სასწავლებლიდან მათ კლასში შევიდნენ, რომლებიც ნიჭიერ ბავშვებს არჩევდნენ. ამბობდა, ბიძინა კვერნაძე დაიწუნეს და მე ამიყვანესო. იცინოდა, ასე მითხრეს, შენ კარგი სმენა გაქვს და ბიძინას, არაო. იმდენად უყვარდა მშობლიური მხარე, რომ სიღნაღს ლექსიც კი მიუძღვნა:

– „შენ ჩემო აკვნის ქალაქო, ჭაღარა ხარ და ლამაზი, ქაჯეთთა ციხის მსგავსი ხარ, მაგრამ ჩემთვის ხარ ალმასი, აღმოსავლეთის დედოფალი ხარ, პატარა, მაგრამ მაინც ქალაქი, ალაზნის ველის სიამაყე ხარ და მისი კუთხის დედქალაქი“…

სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა, თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (სპი) მანქანათმშენებლობის სპეციალობით განაგრძო.

უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ კი, კიროვის ქარხანაში მთავარ ინჟინრად მუშაობდა. ამის შემდეგ, გორში, საბჭოთა კავშირის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ გადაიყვანეს.

როგორ და სად დაიწყო ბატონი ოთარის კინოკარიერა?

პირველად, გორში მუშაობის დროს შესთავაზეს კინოში გადაღება - სწორედ, აქედან დაიწყო მამას კინოკარიერა. ოთარის პირველი ფილმი იყო - „სად არის შენი ბედნიერება მზია“, რომლის ფირი, 90-იანი წლების დასაწყისში, ძველი კინოსტუდიის ხანძრის დროს დაიწვა.

 ამის შესახებ, მამა ძალიან განიცდიდა. როგორც მახსოვს, 2000 წლის დასაწყისში, ბატონმა რეზო ჩხეიძემ, ფილმის ორიგინალი, რომელიც სამწუხაროდ რუსულ ენაზეა, მოსკოვის არქივში მოიძია და მამას საჩუქრად ჩამოუტანა, რომელიც აქამდე, ჩემს ოჯახში ინახებოდა.

მივიღე გადაწყვეტილება, რომ „პრაიმტაიმს“ გადმოგცეთ ეს დისკი (რუსულ ენაზე), რომელსაც სოციალურ ქსელში, თქვენი ლოგოთი გაავრცელებთ (ფილმი იხილეთ „პრაიმტაიმის“ youtube არხზე.)

მართალია, რომ ეს ფილმი, ბ-ნი ოთარის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ აკრძალეს?

ასე ამბობდნენ, თუმცა ასეთი რამ, არ მახსოვს. სამაგიეროდ, ზუსტად ვიცი, რომ ფილმი, კინოსტუდიაში მომხდარმა ხანძარმა გაანადგურა და მხოლოდ ეს იყო, ფილმის ეკრანებიდან გაქრობის რეალური მიზეზი.

მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს საკმაოდ პატარა ვიყავი, მახსოვს, ეთერში ხშირად არ უშვებდნენ ამ ფილმს. შემდეგ კი. დაიწვა და საბოლოოდ, კიდეც დაიკარგა. ფილმს „გლახის ნაამბობი“კი, უფრო ხშირად აჩვენებდნენ.

ამ ფილმების შემდეგ, სხვა ფილმებშიც ჰქონდა შეთავაზება?

ჰქონდა, მაგრამ ინჟინრობა არჩია და ამით ამოიწურა მისი კინოკარიერა.

უშიშროებაში როგორ მოხვდა?

ერთ-ერთი შვებულების დროს, დაახლოებით 1964-65 წლებში, გაგრაში, შემთხვევით გაიცნო იმ დროინდელი ცეკას მდივანი გიორგი(ჟორა) გეგეშიძე, რომელსაც ძალიან დაუახლოვდა. ერთხელ ნარდი ითამაშეს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მამამ კარგად არ იცოდა ნარდის თამაში, მაგრამ ოთარმა მოუგო, (იცინის).

სწორედ, აქედან დაიწყო მისი კარიერა. ის „ცეკა“-ში გადაიყვანეს ინსტრუქტორად, შემდეგ, „კგბ“-ს თანამშრომლობა შესთავაზეს.

მამა ამბობდა, მითხრეს, „კგბ“-ს წესიერი და კარგი თანამშრომლები სჭირდება და უარი არ გვითხრაო.

„ძალოვან სტრუქტურაში“ მუშაობაზე, არასდროს უფიქრია. არც იცოდა, სად იყო „კგბ“. მალე, ა. ინაურის მოადგილე გახდა.

1976 წელს კამჩატკაზე შესთავაზეს გადასვლა, რაზედაც მამა დათანხმდა და „კგბ“-ს უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

ამის გამო, რამდენიმე წლით, მთელი ოჯახი, საცხოვრებლად გადავედით, 1979 წელს კი, ისევ საქართველოში დავბრუნდით და რამდენიმე ხანში აჭარის „კგბ“-ს თავმჯდომარედ დაინიშნა. 1982 წელს თბილისში დაბრუნდა, კვლავ „კგბ!-ს უფროსის მოადგილედ.

ამას მოჰყვა, 1989 წლის 9 აპრილის ამბები, რასაც მისი თანამდებობა შეეწირა. 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, მოსკოვის გადაწყვეტილებით, დაახლოებით 2-3 კვირაში, თანამდებობიდან გაათავისუფლეს და პენსიაზე გაუშვეს.

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დროს, ისევ დააბრუნეს თანამდებობაზე, მაგრამ მალე, ზვიადმაც გაათავისუფლა, იმ მიზეზით, რომ საპენსიო ასაკის იყო. ზვიადს მოჰყვა შევარდნაძე, რომლის დროსაც, თავად არ მოინდომა კარიერის გაგრძელება.

2007 წელს, მამა სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა – 9 დღის შემდეგ, ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა დედაც – თამარ (გულიკო) ლორთქიფანიძე, პროფესიით (ექიმი). ჩემთვის, ეს პერიოდი, ძალიან ტრაგიკული იყო.

ყველაზე ხშირად, რომელ მსახიობს ახსენებდა?

გოჩა აბაშიძეზე ჰყვებოდა ხშირად – ფილმის „სად არის შენი ბედნიერება მზია“ გადაღებების დროს, ლავიწის ძვალი ჰქონდა მოტეხილი, გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა, მაგრამ არ იმჩნევდაო.

„გლახის ნაამბობიდან“ იხსენებდა - ერთ-ერთი კადრის დროს, როცა თამრო (მედეა ჩახავა) საბანში გახვეული წევს და ვუახლოვდები რომ მძინარეს ჩავეკონო, უცებ გოჩას ხმა მომესმა – „ოთარ, რას შვრები, არ გაუშვა მომენტი!“ (იცინის).

ფილმში, კადრი გაიპარა – მამას მაჯის საათი უკეთია, როგორც ჩანს, მოხსნა დაავიწყდა.

ინტერვიუს დასასრულს, ბ-ნმა გიორგიმ „პრაიმტაიმს“ გაუმხილა, რომ მამამ მისი მემუარები -„გზა სახელმწიფო უშიშროებისკენ“, საჩუქრად დაუტოვა. გიორგის სურვილი აქვს, რომ წიგნად გამოსცეს, თუმცა, ამ ეტაპზე თავს იკავებს.

„პრაიმტაიმს“ საშუალება ეძლევა, თავის მკითხველს, ამ მემუარების ერთი ნაწილი გააცნოს, რომელშიც ოთარ ხატიაშვილი, თავად აღწერს, როგორ აღმოჩნდა კინოში:

„გორში მუშაობის პერიოდში, მომიწია ორ ქართულ კინოფილმში მთავარი როლის შესრულება. ეს ასე მოხდა:

1959 წელს ჩვენი „დინამოს“ ფეხბურთელები, ხვდებოდნენ უცხოეთის ერთ-ერთი ქვეყნის ფეხბურთელებს. თამაშზე დასასწრებად, მეგობრები ჩამოვედით გორიდან და სტადიონისკენ მიმავალს, კინოსტუდიასთან შემომეგება ჩემი ძველი მეგობარი, ლეილა აბაშიძე და მითხრა, რომ კარგ ხანია მეძებს და ვერ მპოულობს.

საქართველოს ტელევიზია იღებს ფილმს – „სად არის შენი ბედნიერება მზია“ და მამაკაცის მთავარი როლის შემსრულებელს ეძებენო. ამ როლშიც ახალგაზრდა ინჟინერია გამოყვანილი.

კარგა ხნის საუბრის შემდეგ, მე მას მოვუყები, რომ ერთხელ უკვე სცადეს, ჩემი კინოში გადაღება - 1957 წელს, როცა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, მისაღები გამოცდის ჩასაბარებლად მივდიოდი, უშანგი ჩხეიძის ქუჩის კუთხეში, გამაჩერა კინორეჟისორის თანაშემწემ, გვარი ახლაც მახსოვს – გრძელიძემ და მთხოვა, წავყოლოდი კინოსტუდიაში.

რაღა თქმა უნდა, უარი ვუთხარი, იმ მოტივით, რომ ინჟინრობას ვაპირებდი და არა მსახიობობას. ამ ინციდენტის მოყოლის შემდეგ, ჩემმა ახლობლებმა, ვისთანაც ვიყავი ჩამოსული, მაიძულა, მივსულიყავი კინოსტუდიაში.

იქ მელოდებოდნენ და ძალიან კარგად შემხვდნენ, გადამიღეს ბევრი სინჯი, სურათები კინოფილმისთვის „ბედნიერი შეხვედრა“ - მთავარ როლში, მაგრამ ეს როლი, პროფესიონალმა მსახიობმა თემო ხელაშვილმა შეასრულა.

ასე რომ ჩემგან მსახიობი ვერ გამოვა-მეთქი. ლეილა მაინც არ მომეშვა, იქვე გამაცნო ფილმის რეჟისორი კონსტანტინე პიპინაშვილი და მისი თანაშემწე.

მეორე დღეს, მაინც მივედი კინოსტუდიაში და დაიწყო მრავალი სინჯების გადაღება, დავამთავრე ეს და გავემგზავრე გორში, ჩემ ინსტიტუტში.

გავიდა ორი თუ სამი თვე, მე დავიწყებული მქონდა ეს ამბავი, როცა ოფიციალური შეტყობინება მივიღე, როლზე დამტკიცების შესახებ.

ამ დროს, უკვე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვიყავი და თავისუფალი დრო, არც თუ ისე ბევრი მქონდა, რის გამოც, უარი შევუთვალე, მაგრამ კინოსტუდიის დირექციამ, პარტიულ ორგანოებს მიმართა და გამონახეს თავისუფალი დრო.

ასე და ამგვარად დაიწყო ჩემი მოღვაწეობა კინოსტუდიაში, რომელიც გაგრძელდა თითქმის ერთი წელი. ამ ხნის განმავლობაში, თვეში 10-12 დღე ვიყავი გადაღებებზე, დანარჩენი კი, ჩემს სამსახურში.

ამას მოჰყვა, მეორე კინოსურათში გადაღება და თითქმის, იგივე პროცედურა განმეორდა, ჩემი სამსახურიდან დროებით გათავისუფლებისთვის, რაც პირველი სურათის დროს.

კინოფილმის „გლახის ნაამბობი“ რეჟისორი ბ-ნი ლეო ესაკია, პირველი ფილმიდან, უკვე მიცნობდა და ამიტომ მიმიწვია თავადი დათიკოს როლის შემსრულებლად, 1960-61 წლებში.

ასე და ამგვარად, თითქმის ორი წლის განმავლობაში, მოწყვეტილი ვიყავი ჩემს ძირითად სამსახურს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მადლიერი ვარ ბედისა.

აქ შევხვდი უკვე სხვა სამყაროს, კულტურის ამ ოაზისს გავეცანი და დავუახლოვდი მწერლებს, პოეტებს, კომპოზიტორებს, დიდ მსახიობებს და საზოგადოების ბრწყინვალე წარმომადგენლებს – პიროვნებებს, რომელთა ცხოვრების ზომიერი წესი, ერის სიყვარული მისაბაძი იყო, ისინი იყვნენ ნამდვილი საპატიო მოქალაქეები:

აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ჟორა შავგულიძე, კაკო კვანტალიანი, შაშო გომელაური, ალე ომიაძე, ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე, გრიგოლ კოსტავა, ლეილა აბაშიძე, დავით ძიგუა, დუდუხანა წეროძე, მედეა ჩახავა, მედეა ანჯაფარიძე, ჩემი საყვარელი გოჩა აბაშიძე და სხვანი.

იყო დრო, როდესაც ბევრი მათგანის შორიდან ცოცხლად დანახვას ვნატრობდი, არამც თუ მათ გაცნობას და ეკრანზე პარტნიორობის გაწევას. ეს მხოლოდ, ერთეულთა ხვედრია და ბედნიერი ვარ, რომ ამ ერთეულთა შორის, მეც აღმოვჩნდი.

შემდგომ, მათი ცხოვრებისეული წესი, ადათი და ჩვეულებები მუდამ თან დამყვება. ამის შემდეგ, იყო კიდევ შემოთავაზება, სხვა სურათებში გადაღებებზე და საერთოდ კინოსტუდიაში დარჩენის შესახებ, მაგრამ ჩემს სპეციალობას ვერ ვუღალატე და დავბრუნდი გორში, სადაც დავყავი 6 წელიწადი,“ – წერს, საკუთარ მემუარებში გენერალი ოთარ ხატიაშვილი.