დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ერთი ხელი სრულიად საკმარისი იყო იმ გრანდების ჩამოსათვლელად, ვინც კი ბოლოს, ქართულ თეატრში გვყავდა შემორჩენილი. მათ შორის ერთ-ერთი - რიხიანი, პირდაპირი და გულიანი თამარ სხირტლაძე იყო. ასაკის მიუხედავად, შესაშური გონება, მეხსიერება და შრომისუნარიანობა ჰქონდა.
პანდემიისას ებრაელი ქალის როლს ძერწავდა, რომელსაც ბრალს ანტისემიტომაში სდებდნენ.
არ მახსოვს, დამერეკოს და თავიდან მოვეშორებინე, საუბარი დაზარებოდა ან რაიმე მიზეზით ეთქვა, არ მცალიაო. ყურადღებით, "სხვანაირი" თავმდაბლობით, იშვიათი შინაგანი კულტურით პასუხობდა კითხვებს, რომელთაც პანდემიის დროს, სატელეფონოდ ხშირად ვუსვამდი... ასე შემორჩა "პრაიმტაიმის" არქივს თამარ სხირტლაძის არაერთი ინტერვიუ.
თამარ სხირტლაძე: - რეპეტიციობდით, მიზანსცენებზე ვიყავით გადასული, მაგრამ კორონას გამო გამოგვყარეს თეატრიდან. ჩემთანაც დადიოდნენ ბიჭები და სახლში ვაგრძელებდით რეპეტიციას. მაგრამ საბოლოოდ მაინც კორონამ დაგვშორა ერთმანეთს. მე რისკფაქტორი ვარ ასაკობრივადაც, ფილტვებიც სუსტი მაქვს, მთელი ცხოვრებაა სიგარეტს ვეწევი. ამიტომ სიფრთხილეს ძალიან ვიჩენ.
თამარ სხირტლაძე: - ვუყურებ და ვუსმენ, რა ხდება ჩვენს თავს. პოზიცია და ოპოზიცია როდის დაწყნარდებიან, არ ვიცი. ჩემდა საუბედუროდ ჩართული ვარ პოლიტიკაში. სულ მეჩხუბებიან ჩემები, თავი დაანებე, ნუ უყურებო, რადგანაც ნერვებს ავყვები ხოლმე… როგორ შეიძლება არ მაინტერესებდეს?
რამდენ რამეს არ მოვსწრებივარ. სამი ომი გამოვიარე, მაგრამ ასეთ დროებაში, ახლა რომ გვიდგას, არასდროს მიცხოვრია. სამ კარგ რამეს რომ გავაკეთებ და ვთქვათ, მეოთხე შემეშალა, ხომ არ შეიძლება ამას გადამაყოლოთ? არაფერი არ მოგვწონდეს, ეს შეიძლება? როგორმე მიზეზს ვეძებთ, რომ მუდმივად ვიქილიკოთ.
მეორე სამამულო ომის მომსწრე ვარ. ვორონცოვის მოედანზე ვცხოვრობდით და მახსოვს, მშიერი გერმანელი რომ შემოვიდოდა ჩვენს ეზოში, დედას ეცოდებოდა და აჭმევდა. გაჭირვება კი იყო, მაგრამ ჩვენ არ გვიჭირდა.
ერთი ხშირად დადიოდა და საჭმელს სახლის კიბეზე აჭმევდა დედა. ამ ბიჭმა სურათები გვაჩვენა, თურმე პიანისტი ყოფილა. მშობლებიც ვიოლინოებით იყვნენ სურათებზე. არაჩვეულებრივი ოჯახის შვილი აღმოჩნდა და ომში გამოაგდეს… შიოდა, რა ექნა? რაღაცებს ანგრევინებდნენ და აკეთებინებდნენ…
ეს სურათები რომ ვნახე, შემრცხვა და დედას ვუთხარი, სახლში შევიყვანოთ და იქ ვასადილოთ-მეთქი. მე ათი წლის ვიყავი და უკვე მსახიობობა მინდოდა. ეს ბიჭი რომ პიანისტი აღმოჩნდა, უკვე მერიდებოდა გარეთ რომ ჭამდა საცოდავად. მაშინ იმდენი ვერ მოვიფიქრე, რომ ამ ბიჭის სახელი გვარი და მისამართი ჩამეწერა, რომ მერე მომეძებნა.
17 წლის რომ გავხდი და თეატრალურ სტუდიაში დავიწყე სიარული, ამ გერმანელ ჯარისკაცზე ხშირად ვფიქრობდი. მინდოდა მომეძებნა და მეთქვა, როგორ ვკვებავდით და შიმშილს გადავარჩინეთ ეს ლამაზი ბიჭი.
მამას ისე უყვარდა თეატრი, გიჟდებოდა, მაგრამ გოგო და მსახიობი, იმ დროს, როცა ხალხის წარმოდგენით, ყველა მსახიობი “ბოზი” იყო, მისთვის წარმოუდგენელი იყო. ამიტომ ვერაფრით წარმოედგინა, რომ მისი ქალიშვილი მსახიობი გახდებოდა. და ერთხელაც, იმ სპექტაკლზე, რომელშიც ვთამაშობდი, ბიძაჩემმა მოიყვანა ისე, რომ არ უთხრა, მე რომ ვმონაწილეობდი. უი, როგორ ჰგავს ჩემს თამრიკოს ეს გოგო, რომ თამაშობსო, ჩემზე უთქვამს. ბიძაჩემს ბოლოს უთქვამს, ხმა არ ამოიღო, შენი თამრიკოა. რაოო?! და დირექციაში გავარდნილა. ახლავე მოხსენით თეატრიდანო. ახლავე თუ სპექტაკლი რომ დამთავრდება, მერეო, ადმინისტრატორი გახუმრებია. ეგ ისეთი პერსპექტიული მსახიობიაო და ჩემი ისეთი ქება მოუსმენია მამაჩემს, რომ უკან დაუხევია…
რას აღარ მოვესწარი. 9 მაისი, 1978 წელს ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებისთვის გამართული მიტინგები. 9 აპრილი… აფხაზეთის ომი…
უნდა გითხრათ, აფხაზეთში ჩასულები, აფხაზებისგან კეთილგანწყობას ვერ ვგრნობდით, ცივად გვხდებოდნენ. ახლაც არ ეტყობათ, რომ ჩვენთან უნდათ. არ ვუნდივართ…
აფხაზეთში თითქმის ყოველ ზაფხულს ჩავდიოდით. სოხუმში ვიყავით გასტროლით და მე და ჩემი მეგობარი, ავთო შევედით მაღაზიაში. ჩემმა მეგობარმა გამყიდველ ქალს რაღაცაზე ჰკითხა, ეს რა ღირსო? ის არ პასუხობს, არ აქცევს ყურადღებას. მერე მე რუსულად ვკითხე, რატომ არ პასუხობთ-მეთქი? არ მესმის ქართულიო, ეს აფხაზი ქალი გვპასუხობს. მაშინ ავთომ ქართულად შეაგინა და მყისიერად შემოუტრიალდა. ეს გაიგეო? ჰკითხა ავთომ.
სოხუმის ყველაფერი მენატრება, ძალიან საყვარელი ქალაქია. პლაჟიც, მსახიობთა სახლიც, თავისი დიდი ბაღით და არაჩვეულებრივი მომსახურებით. ვის არ ნახავდით კომპოზიტორების სახლშიც…
სოხუმის თეატრის მთავარი რეჟისორი, იური კაკულია ბრეხტის „დედა კურაჟს“ დგამდა. მთავარ როლში დამაკავა. დიმა ჯაიანი ჩემს შვილს თამაშობდა. რეპეტიციებია გახურებული, დილიდან ვრეპეტიციობდით და ერთხელაც, დიმამ და იურიმ, წამოდი, ვისადილოთო მითხრეს.
მე ქვიშაზე მოდუღებულ ყავას დავლევ, სანამ თქვენ ისადილებთ-მეთქი, ვუთხარი. სანაპიროს კაფეში, როგორც ყოველთვის, ბევრი ხალხი იყო. დავჯექი მარტო, ვსვამ ყავას და სიგარეტს ვეწევი… ქერა ქალი ვიყავი, თან მაცვია უცნაურად, რეპეტიციის ფორმაში ვარ…
მოვიდა ორი ქართველი გოგო, ეძებენ ადგილს. მომიახლოვდნენ, დავსხდეთ აქ, მაგრამ ჩემი მტერი დაჯდა ამასთანო, ამრეზით ამათვალირეს. რუსი ვგონივარ. ჩათვალეს, ბ…ზი ვარ რაა, “მეძავი”, მარტო ვზივარ, კაცს ველოდები, ვაბოლებ. (მე რომ სახელი მქონდა ცხოვრების მანძილზე, ნეტა, ეგ სახელი ჰქონოდათ იმათ. ჩემთვის პატიოსნება ყველაფერს ნიშნავდა.)
მთელი იქ ჯდომის დროს მლანძღეს, ენა არ გაუჩერებიათ. ყველაფერი განიხილეს, თმა საით მქონდა გადავარცხნილი, როგორ მეცვა, გადამიარ-გადმომიარეს. ისიც თქვეს, ამისთვის დიდი პატივია ჩვენს გვერდით ჯდომაო. მე ისეთი სახე მაქვს, თითქოს ვერაფერს ვერ ვიგებ.
დიმა ჯაიანი პოპულარული იყო, იური კაკულია სოხუმის თეატრის მთავარი რეჟისორი გახლდათ, მასაც იცნობდნენ. მოკლედ, მომიახლოვდნენ ნასადილები დიმა და იური.
დიმა მანძილიდან მეუბნება, რატომ არ წამოხვედით, ქალბატონო თამარ, ისეთი შებოლილი ქათამი იყოო (იქ მართლა გემრიელი ქათამი ჰქონდათ ხოლმე)… მე ამ ქალებს გადავხედე.
გამშრალი ისხდნენ და მიყურებდნენ. წავედით გავაგრძელეთ რეპეტიციაო, მითხრეს. მეც ავდექი, ამათ გადავხედე და ვუთხარი, დიდი მადლობა თქვენს გვერდით ჯდომის ღირსი რომ გავხდი-მეთქი. ფერი არ ედოთ სახეზე, ენა ჩაუვარდათ…
მინდოდა, ისე არ მოვმკვდარიყავი, რომ ეს დარდი - ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დარდი არ წამეღო. რა გაკავეთო, როგორ გავიგრძელო სიცოცხლე?
რა გითხრათ, დედიკო. თუ დიდი განცდა გაქვს, უნდა მოკვდე, თუ არ კვდები და რჩები, მაშინ კეთილი ინებე და ცხოვრებას ფეხდაფეხ აჰყევი. სხვანაირად არ გამოდის.
ერთადერთი შვილი დავკარგე და თვეც არ იყო გასული, რომ სცენაზე გავედი. რა ნორმალურია ეს? თითქოს არ არის ნორმალური. მაგრამ საჭმელს ხომ ჭამ, ბანაობ, უსმენ… მაშინ კეთილი ინებე და შენს დარდს მე ნუ მომახვევ თავს. ყველამ თვითონ მოინელოს თავისი დარდი.
როცა ჩემი შვილი გარდაიცვალა, თეატრს შევუთვალე, მე ვეღარ მოვალ-მეთქი. მაგრამ ერთ თვეში “მაიძულეს”, რომ სცენას დავბრუნებოდი.
თაზო სულ ჩემმა ქმარმა გაზარდა. მე სულ დაკავებული ვიყავი. ამიტომ მამა-შვილს სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი. ჩემს მეუღლეს არც უნდოდა მეორე შვილი, თაზოს რომ ყურადღება არ მოჰკლებოდა. ახლოს იყვნენ და მეგობრობდნენ.
მას არ ვუთხარი, რომ თაზოს სიმსივნე ჰქონდა, გვიან გაიგო, თაზოს სიკვდილის წინა დღეს და ცუდად გახდა. მე მანამდე, ორი თვე ვგლოვობდი. ორი თვის მეტი არც უავადმყოფია ჩემს შვილს. ჩვენს გვარში ირგვლივ არავის ჰქონია ეს დაავადება. ავარიაში მოჰყვა, მკერდი დაარტყა და სიმსივნე ტრავმიდან განუვითარდა. როცა დაავადებამ თავი გამოამჟღავნა, უკვე გვიანი იყო, მეოთხე სტადია ჰქონდა.
მოკლედ, თეატრიდან რომ დამირეკეს, თამაშის გაგრძელებაზე უარი ვუთხარი. მეუღლე ჩამეკითხა, რაზე უთხარი უარიო. მომაყოლა, თემურ ჩხეიძე “სამეფო უბნის თეატრში” დგამს სპექტაკლს “აქ, ამ სავანეში” და მე და მედიკო ჩახავა მიგვიწვია და უარი ვუთხარი-მეთქი. თუ გინდა, გადავრჩე და ამოვისუნთქო, რეპეტიციაზე წადიო, მითხრა. იცოდა, რომ თეატრი ჩემთვის ყველაფერი იყო.
გამიჭირდა, მაგრამ წავედი, სცენაზე ცეკვაც მომიწია და სიმღერაც. მერე სახლში ვტიროდი. სახლში მოსულს მეუღლე მეკითხებოდა, როგორ ჩაიარა რეპეტიციამო და მე მთელ სცენას გავუთამაშებდი. ზეპირად იცოდა უკვე პიესა.
სპექტაკლს წარმატება მოჰყვა. იმდენი ჯილდო აიღო, იმდენი მაყურებელი ჰყავდა ამ სპექტაკლს.
კახი რომ კითხულობს, "ნეტავი, იქ თეატრი არისო?" ყველა მსახიობს აქვს ეს შეკითხვა, რომ მივდივართ, სად მივდივართ?!..