exclusive:„კულისებში გვივარდებოდნენ, ხელში ავყავდით და ჰაერში გვისროდნენ“... - თამაზ სეფერთელაძის უკანასკნელი ინტერვიუ „პრაიმტაიმთან“

თამაზ სეფერთელაძე - ანსამბლი „ცისფერი ტრიო“

74 წლის ასაკში, გარდაიცვალა ლეგენდარულ ანსამბლ „ცისფერი ტრიოს“ სოლისტი თამაზ სეფერთელაძე. ინფორმაციას, ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.

ყველასთვის საყვარელი და პოპულარული ვოკალური ანსამბლი „ცისფერი ტრიო“, რომელიც 1972 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბაზაზე ჩამოყალიბდა, ქართველი მსმენელის წინაშე, დიდი ხანია, აღარ გამოჩენილა.

ტრიოს წევრები, საქართველოს სახალხო არტისტები –  დავით აბესაძე, თამაზ სეფერთელაძე და მალხაზ თავართქილაძე არიან, რომლებიც 2002 წელს, ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ. მათი სიმღერების უმრავლესობას, ანსამბლი „ორერაც” ასრულებდა.

2009 წელს, ანსამბლს დაარსებიდან 35 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზის წინ „ცისფერ ტრიოს” ვარსკვლავი გაუხსნეს.

დიდი ხნის პაუზის შემდეგ, პანდემიის დასაწყისში, „პრაიმტაიმი“ ანსამბლ „ცისფერი ტრიოს“ წევრებს დაუკავშირდა და მათ ტრიუმფალურ გასტროლებზე, პრობლემებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. ეს იყო, ბ-ნი თამაზის ბოლო ინტერვიუ, რასაც უცვლელად გთავაზობთ:

თამაზ სეფერთელაძე (მეორე ტენორი)

1970-იან წლებში, ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩამოყალიბებული იყო ვაჟთა კაპელა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ძალიან საინტერესო და ნიჭიერი პიროვნება იუზა კუბლაშვილი.

ვაჟთა ანსამბლში, რომელსაც „სახალხო კაპელას“ წოდება მიენიჭა, ჩვენი ტრიოს ყველა მონაწილე ვმღეროდით და სწორედ, აქ გავიცანით ერთმანეთი.

როდის და როგორ დაიწყო ყველაფერი?

დათო და მალხაზი არქიტექტურაზე სწავლობდნენ, მე სხვა ფაკულტეტზე. ფაკულტეტებს შორის, ოლიმპიადები იმართებოდა და სწორედ, იმ დროს, 1972 წელს ჩამოვყალიბდით.

თბილისის საესტრადო სიმღერების კონკურსი ტარდებოდა, სადაც ჟიურის თავმჯდომარე იყო რევაზ ლაღიძე. კონკურსი სპორტის სასახლეში ჩატარდა, სადაც ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა და პირველი ადგილი დავიმსახურეთ. ეს იყო ჩვენი პირველი წარმატება.

პირველი გასტროლი და თქვენი ემოციები…

პირველი გასტროლი, 1973 წელს, დასავლეთ ბერლინში გვქონდა, სადაც ტარდებოდა საერთაშორისო ფესტივალი და ჩვენც ვიღებდით მონაწილეობას. თითქმის, მთელი მსოფლიო გვაქვს შემოვლილი.

- გასტროლი სუხიშვილებთან ერთად…

როცა უკვე, საკმაოდ პოპულარულები გავხდით, ერთ-ერთ საახალწლო კონცერტის გადაღების დროს, ქ-ნმა ნინო რამიშვილმა და ბ-ნმა ილიკო სუხიშვილმა სტუდიაში დაგვიძახეს და შემოგვთავაზეს, ანსამბლთან ერთად, საგასტროლო ტურნეებში მონაწილეობა.

რა თქმა უნდა, დავთანხმდით. ეს ჩვენთვის, დიდი პატივი იყო. სუხიშვილების გარდა, უამრავი სხვა შემოთავაზებებიც გვქონდა.

აშშ-ში, სადაც სუხიშვილების ცეცხლოვანი ცეკვების („მთიულური“, „ფარიკაობა“, „ყაზბეგური“) ფონზე, „ინგრეოდა“ დარბაზი, ამ დროს, ჩვენი მინორული სიმღერებით, იგივე ეფექტს ვახდენდით მაყურებელზე.

წარმოიდგინეთ, ეს საოცარი „ცეცხლოვანი“ ცეკვა მთავრდება და ამის შემდეგ, სამი კაცი გადიხარ გიტარით და მინორში მღერი. მაყურებელი, ამ დროს არის შემფასებელი.

იგივე ხდებოდა იაპონიაშიც. იაპონია საერთოდ ძალიან მუსიკალური ქვეყანაა, ძალიან უყვართ სიმღერა. იცით, როგორ გამოხატავდნენ მოწონებას? - კულისებში გვივარდებოდნენ, ხელში ავყავდით და ჰაერში „გვისროდნენ – ასეთი სახით გამოხატავენ მოწონებას სტუმრების მიმართ.

15 წლიანი პაუზა…

90-იანი წლების ბოლოდან, კონცერტები აღარ გვქონია. იმ პერიოდი, კულტურის სამინისტროში, მინისტრის მოადგილის თანამდებობას ვიკავებდი, რაც ჩემთვის, ხელშემშლელი ფაქტორი იყო.

დაახლოებით, 1998 წლიდან, ისევ განვაახლეთ კონცერტები. 2009 წელს კი, ვარსკვლავი გაგვიხსნეს. დიდ ღონისძიებებზე და გალა კონცერტებზეც ვიღებდით მონაწილეობას.

ისე დაემთხვა, რომ რეპერტუარიც აღარ გვაქვს, ჩვენი პროგრამა ცოტა რთულია და ახალი სიმღერები აღარ იწერება, ჩვენი სიმღერების რეპერტუარი, ოჯახებიდანაა მოპოვებული, ზოგჯერ, ავტორიც კი არ ვიცოდით, ისე ვმღეროდით, მერე ვიგებდით, ვისი სიმღერა იყო.

ავტორი თავად გვიკავშირდებოდა. ძირითადად, ნუნუ დუღაშვილის, რევაზ ლაღიძის, ეთერ ჭელიძის რეპერტუარს ვასრულებდით.

რომელ სიმღერას გამოარჩევდით?

ჩემთვის, ჩვენი რეპერტუარის ყველა სიმღერა საყვარელია, მაგრამ პოპურის შემდეგ, „ლურჯი აპრილი“ მაინც ყველაზე გამორჩეული რეტროა, ძირითადად, ამ სიმღერით დავიწყეთ ჩვენი შემოქმედება, რასაც მოჰყვა – „ზამთარია სიცივეა“.

თქვენი ოჯახი…

მყავს მეუღლე, ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი. არც ერთი არ არის პროფესიონალი მომღერალი, თუმცა, მღერიან. მართალია ჩემი მეუღლე, რუსუდან ვადაჭკორია (ენდოკრინოლოგი) პროფესიით ექიმია, მაგრამ ისიც კარგად მღერის.

სამომავლო გეგმები…

ახლა ცოტა რთული პერიოდი გვაქვს. ჩვენი ტრიოს ერთ-ერთ წევრ დათო აბესაძეს, ჯანმრთელობის პრობლემები შექმნა, ოთხი თვე გერმანიაში იყო სამკურნალოდ, ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა.

ახალი ჩამოსულია და რეაბილიტაცია სჭირდება. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ჩვენი არსებობის 50 წლისთავი აღვნიშნოთ. თუ მშვიდობა იქნება და პანდემია არ შეგვიშლის ხელს, 2020 წელს აუცილებლად გავაკეთებთ. ახალ პროგრამასაც ვგეგმავთ, მაგრამ დათოს ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ვერ ვახერხებთ.

მალხაზ თავართქილაძე (ბარიტონი, გიტარა)

ჩვენი განვლილი წლებიდან, ბევრის გახსენება შეიძლება. სპეციალობით, არქიტექტორი ვარ. მყავს მეუღლე – მარინა ჩიჯავაძე და ორი შვილი, რომლებიც ასევე, არქიტექტორები არიან.

მე და დათო აბესაძე ერთ ფაკულტეტზე ვსწავლობდით და იქ გავიცანით ერთმანეთი. იმ პერიოდში, უმაღლესი სასწავლებლების ყველა ფაკულტეტს, თავისი ანსამბლი ჰყავდა.

ასეთი ტრადიცია იყო, იმართებოდა ფაკულტეტებს შორის შეჯიბრება. ჩვენი ურთიერთობები, მრავალ წელს ითვლის, მაგრამ ძირითადად, სიმღერამ დაგვაკავშირა.

ასევე, ინსტიტუტის ანსამბლებიც ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. თავიდან, მე და დათო ვმეგობრობდით, მერე შევხვდით თამაზს. 1972 წელს შევქმენით ტრიო და ერთად ვმღეროდით, თან ვერთობოდით. პროფესიონალ მომღერლად, არასდროს ჩამითვლია თავი, არც ახლა ვთვლი.

არაპროფესიონალი მომღერალი ვარ და ვიქნები. მუსიკასთან, მანამდე, მოყვარული დამოკიდებულება მქონდა, ელექტროგიტარა მიყვარდა და ვუკრავდი. სკოლის პერიოდში, ჩემი ხელით გაკეთებული ელექტროგიტარა მქონდა. გამოფენაზე მქონდა წაღებული და სიგელიც კი დავიმსახურე.

მუსიკალური განათლება, ანსამბლის არცერთ წევრს არ გაქვთ?

სამწუხაროდ არა. მუსიკალური ნოტებიც კი არ ვიცით (იცინის). როცა სიმღერებს ვაკეთებ ზოგჯერ „საშინელება“ მემართება, კარგ აკორდს ვიჭერ და იმის გამო, რომ ვერ ვწერ, ზოგჯერ მავიწყდება. სიმღერების დამუშავება, სერიოზული თემაა და ყოველთვის დიდი დრო გვჭირდებოდა, სანამ ხმებში გავშლიდით.

პირველი სიმღერა…

პოლიტექნიკური ინსტიტუტის რეპერტუარიდან, ძალიან საინტერესო იყო ოთარ რამიშვილის სიმღერები, რომელიც ჩვენ შემოვიტანეთ.

ოთართან ვმეგობრობდით და ხშირად, სამსახურიდან მასთან სახლში მივდიოდით. მაშინ „საქქალაქმშენპროექტში“ (არქიტექტურულ სახელოსნოში) ვმუშაობდი, რომელიც ტერიტორიულად, ახლოს იყო ოთარის სახლთან.

ოთარს უყვარდა სუფრების გაშლა და მასპინძლობა. მისი მეუღლე – ნაზი, საოცარი ქალბატონი, კარგი დიასახლისია, რომელიც ყოველთვის სიამოვნებით გვიმასპინძლდებოდა. ოთარის სიმღერებიდან, ძალიან ძნელი და რთული წარმოსადგენი იყო, ტრიოს რეპერტუარში მისი მღერა.

თავად ოთარი, სულ სხვა ემოციით მღეროდა. ჩავიწერეთ მისი სიმღერები და 6-7 თვის განმავლობაში ვუსმენდით, რთული იყო სამ ხმაში მისი დამუშავება, მაგრამ დიდი ხნის მოსმენის შემდეგ, ინტონაციები თავისით დალაგდა.

პირველი სიმღერა რომელიც შევქმენით, ეს იყო „ფოთოლი ტირის“. ზედმეტად თავის ქებად არ ჩამითვალოთ, მაგრამ ბევრი ვიშრომე და ვიბრძოლე ამ სიმღერაზე, რომ ჩვენს რეპერტუარში შეგვეტანა.

სხვათა შორის, ამის შემდეგ, ოთარი ცნობილი პიროვნება გახდა. ოთარი ყოფილი პატიმარი იყო და ამის გამო, სცენაზე გასვლის უფლება არ ჰქონდა, მისი სიმღერები, დაბლოკილი იყო.

ოთარის პირველი გამოსვლა, ერთ-ერთი კონცერტი – „პაემანი ვერაზე“ იყო, რომლის რეჟისორი ბ-ნი გიზო ნიშნიანიძე იყო. ოთარი, სცენის კიბეზე ჩამოჯდა გიტარით და თავის უჩვეულო ხმით ააგრიალა დარბაზი. ეს, მისი პირველი გამოსვლა იყო.

ყველაზე დიდი ტრიუმფი…

სუხიშვილის ანსამბლის გარდა, სხვადასხვა ანსამბლთან ერთად ვმოგზაურობდით, მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ანსამბლ „გორდასთან“, ასევე, სუხიშვილებთან ერთად, ბევრ გასტროლზე ვიყავით. იმ პერიოდში, არენაზე, ძალიან ცოტა ანსამბლი იყო.

ცეკვის ანსამბლთან ერთად, ჩვენი გამოსვლა, ძალიან დიდი კონტრასტი იყო. „ცეცხლოვანი“ ცეკვების შემდეგ, ჩვენი „ღიღინი“, ძალიან დიდ ეფექტს ქმნიდა.

მათთან ერთად ყოფნა, ჩვენთვის უდიდესი პატივი იყო. კულისებიდან ვუყურებდი მათ გამოსვლებს, რომელიც ნამდვილ „დიდგორის ბრძოლას“ ჰგავდა.

ყველაზე კარგი მსმენელი, ყველაზე განვითარებული ქვეყნების ხალხია. დასავლეთ გერმანია, ავსტრია, სადაც გვთხოვდნენ მუსიკალურ სკოლებში ჩაგვეტარებინა კონცერტები.

ყველაზე რთული იყო ჩვენი მოგზაურობა აფრიკის და აზიის ქვეყნებში. სადაც მონოკულტურა ნაკლებად არის განვითარებული. თან განსხვავებული ტრადიციები აქვთ.

რაზე გწყდებათ გული?

სამწუხაროდ, დიდი ხანია სცენაზე აღარ ვჩანვართ, მიზეზი, დათოს ჯანმრთელობის პრობლემაა. ცოტა ხნის წინ, ქ-ნი ნუნუ დუღაშვილის საღამო გაიმართა, სადაც ჩვენ ვერ მივიღეთ მონაწილეობა, ისე არც არავის დავუპატიჟებივართ.

მართალია, დათოს არ შეუძლია სიარული, მაგრამ ძალიან გამიკვირდა, რომ არც არავინ გვახსენა. ჩვენი რეპერტუარი, ძირითადად, ქ-ნ ნუნუს სიმღერებისგან შედგება, ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე. ვუთხარი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას მეთქი, მაგრამ არავინ შემოგვხმიანებია.

მინდა გითხრათ, რომ ქ-ნი ნუნუს ერთ-ერთი სიმღერის – „ქართულო მიწავ“ ტექსტი, ჩემს მეგობარ, პოეტ მიხეილ ქვლივიძეს ეკუთვნის.

პოეტმა, მის ერთ-ერთ იუბილეზე მთხოვა, რომ მისი რომელიმე ლექსი გამოგვეყენებინა და ქ-ნ ნუნუს ვთხოვე, რომ მის ლექსზე „ქართულო მიწავ“, მუსიკა დაეწერა.

ასე შეიქმნა, ეს სიმღერა. ვუსმენდი გადაცემას და გულდასაწყვეტია, რომ არავინ ახსენა, ამ სიმღერის შექმნის ისტორია, არც ქ-ნ ნუნუს გახსენებია.

ამისთვის ჯილდოს არც არავინ გადმოგვცემდა, მაგრამ სიმართლე უნდა ეთქვათ, ნამდვილად გული მწყდება. რომელი ერთი გავიხსენო – „იმერეთის ნიავო“, „ქუთაისო“, ბათუმი რად ღირს მარტო“, „გადამრიე, გადამრიე“ – ეს სიმღერები, პირველად, ჩვენ შევასრულეთ და ძირითადად, ჩვენგან გახმაურდა.

- დათო აბესაძე (პირველი ტენორი, გიტარა)

ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს. ოპერაცია გავიკეთე, სისხლძარღვების პრობლემა მქონდა. ოთხი თვე გერმანიაში ვიყავი. რაც ჩამოვედი ვწევარ – ეს, ერთ-ერთი მიზეზია, ჩვენი დაკარგვის.
თავი „მოვისაწყლო“ და ვთქვა, რომ „დავბერდით“, ცოტა სიმართლეს კი შეესაბამება.

70 წელს მიტანებული კაცი, რომ ისე ვერ იმღერებს, როგორც 25 წლის ბიჭი, არ უნდა ამას დიდი მტკიცება! სახლიდან ვერ გავდივარ. რომც გვქონოდა შემოთავაზება, მაინც ვერ წავიდოდით. ძალიან გული დამწყდებოდა, მაგრამ მაინც ვერ მივიდოდი.

თქვენი ოჯახი…

მყავს მეუღლე, ორი ვაჟი და სამი შვილიშვილი. ჩემი მეუღლე ნინო აბესაძე, მუსიკის პედაგოგია. უფროსი ვაჟი ნოდარი, ამ ეტაპზე მარაბდა-კარწახის რკინიგზის პროექტზე მუშაობს, ჰყავს ორი შვილი. უმცროსი ვაჟი გიგა, არ ღალატობს მამის პროფესიას.

2 წლის წინ კონსერვატორია დაამთავრა და ამ ეტაპზე, კლასიკაში უნდა რომ მოსინჯოს თავის ბედი და შესაძლებლობა.

როგორ ეწყობოდით ერთმანეთს, ანსამბლის წევრები?

ვინმეს რომ ენახა, როგორ ვკამათობდით და ვჩხუბობდით თითო ფრაზაზე, აუცილებლად გაუკვირდებოდა, ესენი ერთად როგორ მღერიანო? (იცინის), მაგრამ ჩვენმა „ჩხუბმა“ შედეგი გამოიღო.

ჩვენი არაპროფესიონალური ცოდნა, ცოტა კი გვიშლიდა ხელს, მაგრამ თვითონ კომპოზიტორების წყალობით ვახერხებდით, გვისწორებდნენ შეცდომებს.

არც ერთმა, არ ვიცოდით ნოტები. მუსიკას, მესამე კლასამდე ვსწავლობდი, რა ნოტები უნდა მცოდნოდა! (იცინის).

 

არ მინდა, თავის ქება გამომივიდეს, მაგრამ სიმღერებზე მუშაობას ძალიან დიდი დროს და ენერგიას ვუთმობდით. თითოეულ ფრაზას, თითოეულ ლექსსაც კი, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით. არც ერთს წევრს, პროფესიული მუსიკალური განათლება არ გვაქვს.

ძირითადად, ვაჟთა კაპელაში ჩამოვყალიბდით, რამდენიმე ხანში, გამოვეყავით კაპელას და ტრიო შევქმენით. გადავწყვიტეთ მოგვესინჯა მონატრებული ჟანრი და სიმღერები. საბედნიეროდ, ჩვენმა დიდმა შრომამ, გარკვეული შედეგიც გამოიღო.

ყველაზე მნიშვნელოვანი გასტროლი…

სანამ ევროპის გარშემო წავიდოდით კრუიზში, დაუვიწყარი კონცერტები გვქონდა სოხუმში, გაგრაში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ოზურგეთში, ქუთაისში.

პირველი გასტროლი, დასავლეთ ბერლინში, მართლაც სასწაული იყო, პირველად ვიყავით უცხოეთში და უცებ „დაგვეჯახა“ ამხელა კულტურა, თან მე და მალხაზი ხომ არქიტექტორები ვართ!

მშენებლობის დონე, ხარისხი ჩემთვის სასწაული იყო. მალხაზს, ერთხელ ისიც ვუთხარი, შეხედე რა სწორი კედლები აქვს შენობებს მეთქი? (იცინის).

ჩილეში ერთ-ერთი კონცერტის დროს, როცა „მოგონებანი გარდასულ დღეთა“ (1982 წ. ტექსტი - პეტრე (გრუზინსკი) ბაგრატიონი, მუსიკა - ჯანსუღ კახიძე). ვმღეროდით, შუა სიმღერის დროს, როცა ვამბობთ – „რად მოდიოდი პატარავ ჩემთან“, აპლოდისმენტები გაისმა. ეს მართლაც სასწაული იყო.

გული მწყდება, რომ მეტი კონცერტების გატანა შეიძლებოდა საზღვარგარეთ, არა მარტო ჩვენი, არამედ სხვა ანსამბლების. შენზე უკეთესი დესპანი შენი ქვეყნის, არ მგონია ვინმე იყოს!

რას ურჩევდით ახალგაზრდა თაობას?

მინდა ვუთხრა ახალგაზრდებს, რომ სიმღერა უნდა იყოს ნამდვილი, პროფესიონალური და არა „მიფუჩეჩებული“. ბოდიშს ვიხდი, არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ძალიან მაწუხებს ეს პრობლემა.

ბევრი საუკეთესო ანსამბლია „შავნაბადა“, სიონის საკათედრო ტაძრის ანსამბლი და უამრავი სხვა, რომლებიც შესანიშნავად მღერიან. გული მწყდება, რომ დროებითმა პანდემიამ შეაჩერა ეს ყველაფერი. ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერი აღდგება, ხალხმა გამოცდილება მიიღო.

მოვსპეთ ყველაფერი, ჰაერი, წყალი, ტყე, ურთიერთობები, რაც აქ ხდება არასწორია, ამდენი შეურაცხყოფა ამდენი ლანძღვა. ეს ყველაფერი უკვალოდ არ ქრება. თუ ადამიანს სიყვარული შეუძლია, სუფთა გრძნობა აქვს, ეს სხვა ურთიერთობებშიც უნდა ჩანდეს.

არ შეიძლება, სისულელეებზე წერო სიმღერები. შეუძლებელია, რომ 12 წლის ბავშვმა თქვას, „ჩემს მეთორმეტე ალბომს ვუშვებო“. ჯერ უნდა ისწავლო და მერე უნდა თქვა შენი სიტყვა. მაგალითად, როცა ზაურ ბოლქვაძე მღეროდა, სულის ნაწილს ატანდა.

არის ისეთი ანსამბლები, რომლებიც ყველაფერ ამას, თავს ართმევს. სუხიშვილების ანსამბლს რომ ვუყურებ, მიხარია, სადამდე მივიდნენ უკვე, ეს არის, დიდი შრომის და სიყვარულის შედეგი.

როცა შენი საქმე გიყვარს, ყველაზე კარგია. პირველ რიგში უყვარდეთ ის საქმე, რასაც ემსახურებიან. აუცილებელია, შენი ქვეყანა გიყვარდეს. ერთხელ ჩემმა მეგობარმა თემურ ჭკუასელმა მითხრა, – სამშობლოს სიყვარული ჩუმად არ შეიძლება, მაინცდამაინც უნდა ვიკივლოო? სამშობლოს სიყვარული, გულში უნდა გედოს და მთელი გულით უნდა ემსახურებოდე.

რა გზასაც აირჩევ, ბოლომდე იმ გზით უნდა იარო. არ მესმის, როგორ შეიძლება აირჩიო სამშობლო, მშობლები, დედმამიშვილი. რაც მეტ სიკეთეს გააკეთებ, მეტს მოიმკი.მადლიერების გრძნობა არ დაკარგონ. როცა ადამიანი სიკეთეს გიკეთებს, უნდა დაინახო.

ახალგაზრდებს ვურჩევდი, თუ ესტრადისკენ მიუწევს გული, „ბიტლზებს“ მოუსმინონ!

ახალ სიმღერას რომ მოვისმენდით, სამივეს თუ ერთნაირი რეაქცია გვქონდა, ეს იმის ნიშანი იყო, რომ ეს სიმღერა უნდა გვემღერა. მუშაობის დროს, ზოგჯერ ისე ვჩხუბობდით, „ცოცხლად ვჭამდით“ ერთმანეთს, ხშირად ვკამათობდით.

ამის გარეშე არაფერი გამოგვივიდოდა. რომ არ ვთქვა არ შემიძლია, როგორ შეიძლება ადამიანი იუმორის გარეშე.

აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ თუ რამეს მივაღწიეთ, იუმორი რომ არ ყოფილო, ვერ „გავქაჩავდით“. გჭირდება ეს გრძნობა. ამდენი ნეგატივი თრგუნავს ადამიანს! ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია, სიმშვიდე იყოს ქვეყანაში.

სამომავლოდ, დაწყებული გვაქვს ახალი რეპერტუარი, ოთარ რამიშვილის სიმღერებიდან. ღმერთი მოწყალეა, თუ შევძელით, აუცილებლად გავაკეთებთ!