„ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით ჩვენ და „ბითლზი", გვათვალიერებდნენ, ყურადღებას ვიქცევდით..." - მანანა აბაზაძე „სუხიშვილების" გასტროლს იხსენებს

beatles

ქართული ნაციონალური ბალეტის გამორჩეულ სოლისტს, ნინო კირვალიძეს ხვალ დაკრძალავენ. 84 წლის მოცეკვავის გარდაცვალების მიზეზი პოსტ კოვიდური გართულება გახდა.

მეგობარსა და კოლეგას "პრაიმტაიმთან" მანანა აბაზაძე იხსენებს.

მანანა აბაზაძე: მე და ნინო მთელი ცხოვრება ვმეგობრობდით. ბოლო წლებში ხერხემალი აწუხებდა და პრაქტიკულად, სახლიდან არ გადიოდა. თანაც მასთან სტუმრად მისულებსაც ერიდებოდა. კოვიდის ეშინოდა. და მაინც ისე გამოვიდა, რომ კოვიდი გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.

იყო არაჩვეულებრივი პიროვნება. სასწაული იუმორის პატრონი იყო. კარგად წერდა. ბოლოს, ხელები რომ არ ემორჩილებოდა, შვილიშვილს კარნახობდა და ის უწერდა მოგონებებს. 

არაჩვეულებრივი მეხსიერების და სასწაული სილამაზის ქალბატონი იყო. საოცარი თვალები ჰქონდა, მომწვანო-მოცისფრო ფერის. უცხოეთში ხალხი დაჰყვებოდა. არ დამავიწყდება, საბერძნეთში გასტროლის დროს, ქუჩაში სიმპათიური, ახოვანი კაცი აგვეკიდა და ნინოს პირდაპირ უთხრა, ცოლად უნდა წამომყვეო. ნინომ უთხრა, ვინ ხართ, ქმარ-შვილი მყავს, თავი დამანებეთო. საღამოს ამ კაცმა კონცერტზე მოიყვანა დედა, და, მამა და მათ უთხრა, ეს ქალი მიყვარს ცოლად უნდა შევირთოო. ძლივს მოვიშორეთ.

იყო თბილი, კეთილი და გამცემი. გარშემო ყველას ასაჩუქრებდა, ყველასთვის ემეტებოდა საჩუქარი. ხელგაშლილი და არაჩვეულებრივი ბუნების ადამიანი იყო. კეთილშობილი ნინო... გამოთქმა, ლამაზ სხეულში ლამაზი სულია, ნამდვილად მასზე იყო ნათქვამი. 

"სამმაიას" ცეკვისას შუაში იდგა ისეთი ლამაზი იყო. "დავლურში" მართლა დედოფალი იყო, სასწაული სილამაზის...

ერთ ისტორიას გავიხსენებ, რომელიც ნინოსაც აქვს საჯაროდ მოყოლილი. 

1964 წელს "სუხიშვილები" გასტროლით პერუში ვიყავით. არაჩვეულებრივ სასტუმრო "ბოლივიაში" ვცხოვრობდით. ჩვენთან ერთად იყვნენ ლივერპულელი ბიჭები. ერთი სართულით ზევით ცხოვრობდნენ. "ბითლზი" იმ დროს იწყებდა პოპულარობის აკრეფას. შოკში ვიყავით, როდესაც სასტუმროში სადმე მათთან გადავიკვეთებოდით.

 ლიფტით ჩამოვდიოდით მე, ნანა კვაჭანტირაძე და ნინო კირვალიძე. უცებ გაჩერდა ლიფტი, შემოვიდნენ - ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი, ჯორჯ ჰარისონი, რინგო სტარი და ჩვენც გაოგნებულები ვიყავით მათი შემხედვარე და ისინიც.  ნინო ჰყვებოდა, ბიჭები მოგვაჩერდნენ და მათკენ ზურგით იმიტომ დავდექი, თავს ძლივს ვიკავებდი სიცილისგანო. ბიჭებს გრძელი თმა და "ჩოლკა" ჰქონდათ. 

ნომრიდან გასულებს ხან ერთი გვხვდებოდა, ხან - მეორე, ხან- მესამე... ჩვენს მსგავსად კონცერტები ჰქონდათ პერუში.

ერთხელ ნანა კვაჭანტირაძე შეუძლოდ გახდა, ყელი ატკივდა, ახველებდა. ნომრიდან რძის ამოსატანად გავედი. კიბეზე ჩამოდიოდა მაკარტნი და ისეთ შოკში ვიყავი, შევვარდი უკან, ნომერში და ვიყვირე: ნანა, მაკარტნი შემხვდა-მეთქი. აჟიტირებულები ვიყავით. ჩვენ და "ხოჭოები" თითქმის ტოლები ვიყავით. მათ ყურადღებასაც ვიქცევდით. ყველა ლამაზი, ყველა კარგი ჩაცმული გახლდით და "ბითლზის" ბიჭებიც გვათვალიერებდნენ.

ჩემი ქალიშვილი თინა და მისი მეგობარი, ეკა ინაური საშინელი ბითლომანები იყვნენ. დაბადების დღეებს ვუხდიდით ოთხეულს სახლში. "ბითლზით" ცხოვრობდნენ. ფირფიტები, ჩანაწერები, პრესა... ეკა მეუბნებოდა, არ იცით, როგორ მიყვარხართ, თქვენ თქვენი თვალით "ბითლზი" გყავთ ნანახიო. ამიტომ თქვენ ხართ განსაკუთრებული ადამიანი ჩემთვის, სულ "ბითლზი" მახსენდება თქვენზეო. რატომღაც ჰარისონი უყვარდათ. ასე რომ, "ბითლზის" დაბადების დღეებზე ჩვენს სახლში პურმარილები იშლებოდა.