„განსაკუთრებული გარეგნობა ჰქონდა, საოცარი ფერის თვალები... ძალიან ჰგავდა ელიზაბეტ ტეილორს“ - „სუხიშვილების“ გამორჩეულ მოცეკვავეს ნინო სუხიშვილი იხსენებს

nino

84 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული ნაციონალური ბალეტის - "სუხიშვილების" მოცეკვავე, ნინო კირვალიძე.

ნინოს თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული. "სუხიშვილების" წამყვანი მოცეკვავე კი 1958 წლიდან გახლდათ. მაღალი პროფესიონალური ოსტატობით ასრულებდა ცეკვებს: "სამაია", "ქართული", "წყაროსთან", "ხონგა", "სიმდი", "ხაბარდა", "სადარბაზო". საქართველოს სახალხო არტისტის წოდება კი მას 1972 წელს მიენიჭა. 1985 წლამდე ცეკვავდა. 

ინფორმაცია 24 იანვარს "სუხიშვილების" ოფიციალური გვერდიდან გავრცელდა.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, “სუხიშვილების” გამორჩეული მოცეკვავის, უმშვენიერესი ნინო კირვალიძის გარდაცვალების გამო. მის მიერ შესრულებული ცეკვები (“სამაია”, დავლური”...) კიდევ მრავალი წელი გვემახსოვრება და დარჩება ქართული ცეკვის ისტორიას.“

ანსამბლის დირექტორი ნინო სუხიშვილი "პრაიმტაიმთან" "სუხიშვილების" გამორჩეულ მოცეკვავეს იხსენებს.

ნინო სუხიშვილი: ძალიან ვწუხვარ ქალბატონი ნინო კირვალიძის გარდაცვალების გამო.

ნინო კირვალიძე ჩვენი ანსამბლის გამორჩეული მოცეკვავე იყო. მარტო მისი სილამაზე, ცალკე აღნიშვნის ღირსია. განსაკუთრებული გარეგნობა ჰქონდა, საოცარი ფერის თვალები... სხვათა შორის, ძალიან ჰგავდა ელიზაბეტ ტეილორს.

როგორც მოცეკვავე კი, იმ თაობის წარმომადგენელი იყო, რომელმაც დიდი კვალი დატოვა ჩვენი ანსამბლის ისტორიაში. ის ჩემი მშობლების თაობის მოცეკვავე და მათი მეგობარი გახლდათ. იყო პირადად ჩემი მეგობარიც. ბედნიერი ვარ, რომ მასთან ბოლო წლებში მქონდა ურთიერთობა. ნინო ყოველთვის იყო ჩვენი ანსამბლის და ჩემი და ილიკოს გულშემატკივარი. დიდ სიყვარულს გამოხატავდა, როგორც ჩვენს მიმართ ისე ჩვენი საქმისა და ანსამბლის მიმართ. 

სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები გვტოვებენ. ეს თაობა ნელ-ნელა მიდის. ეს არის ჩვენი ანსამბლის ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. 

მთელი ჩვენი დასის სახელით გამოვთქვამ სამძიმარს.