1728312638
"ერთად ვთევზაობდით, მაგრამ უცნაურობაც ახლდა ამ ამბავს - მოხარშავდა თევზს და..." - ელდარ შენგელაია მეგობარს იხსენებს
დიდი ხნის მეგობრის პანაშვიდზე მისვლა, ალბათ, ყველაზე სევდიანი მომენტია... მით უფრო, თუ ნათელ-მირონობაც არის მათ შორის. სევდას "ასაკში" ყოფნაც ამძაფრებს. მთლიანი რაკურსი და გასწორებული ფოკუსი რომ იქითკენ გაქვს - მარადისობისკენ.
ელდარ შენგელაია, ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდზე, მეუღლესთან ერთად ქაშვეთის ტაძარში რომ შემოვიდა, მისმა დანახვამ, იქ მყოფთ გული აუჩუყა. ორიოდ დღეში მაესტრო 90 წლის ხდება. ის კი უკანასკნელ გზაზე აცილებს დიდ მეგობარს. აცილებს ჩვეული სიმშვიდით და პატივით.
რეჟისორმა "პრაიმტაიმთან" ბუბა გაიხსენა...
ელდარ შენგელაია: ბუბა არაჩვეულებრივი მსახიობი და მომღერალი იყო. საბჭოთა კავშირის დროს, ყველგან, სადაც ჩადიოდა, აღტაცებას იწვევდა. მეგობრობაში კი ბუბა იყო სიყვარულით სავსე. მასთან ურთიერთობით შენშიც სიყვარული და მეგობრობა იბადებოდა.
იყო პერიოდი, კახეთში მივდიოდით, მე საჭესთან ვიჯექი, ის ოჯახით მოდიოდა და ტბაში ერთად ვთევზაობდით. მაგრამ უცნაურობაც ახლდა ამ ამბავს - მოხარშავდა თევზს, ჩვენ მივირთმევდით, თვითონ კი არ ჭამდა. თევზაობა უფრო უყვარდა, ვიდრე თევზი.
ერთხელ გახლდით ესპანეთში. იქ ბუბა გამოვიდა კონცერტზე, იმღერა და ესპანელები პირდაპირ აღტაცებულები დარჩნენ მისი სიმღერებით. დიდი ტაში და ოვაციები იყო, მახსოვს.
შარშან მეუღლე რომ გარდაეცვალა, მივედი მასთან სახლში და მაშინ ვისაუბრეთ. მას შემდეგ ასე სალაპარაკოდ აღარ მინახავს.
ქართულმა კულტურამ და მთლიანად ქვეყანამ გენიალური ადამიანი დაკარგა.