1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისჯვრის წმინდა გაბრიელ აღმსარებელი სალოსის სახელობის დედათა მონასტერში სასწაულის მომსწრენი გახდნენ. როგორც თვითმხილველი ამბობს, წუხელ, გვიან საღამოს, მონასტრის ეზოში მდებარე განათების შუქზე ღვთისმშობლის გამოსახულება აირეკლა. წმინდა მარიამის გამოსახულება, სპონტანურად, მონასტერში სტუმრად მყოფმა ახალგაზრდა ქალმა ტელეფონით გადაღებისას დააფიქსირა.
ნინო ხუნძაყიშვილი მონასტრის წინამძღვრის ნათესავია. მან მონასტერში ცხრა დღე დაჰყო. ნინო "პრაიმტაიმს" მის თვალწინ გამოცხადებულ სასწაულზე უყვება.
ნინო ხუნძაყიშვილი: მონასტერი უნდა დამეტოვებინა და ტაძარში ჩემი ნივთების ასაღებად რომ ავედი, ძალიან ლამაზად თოვდა... ღამე იყო. მარტო ვიყავი ტაძარში, ცოტა შიში დამეუფლა. ისე ლამაზად თოვდა, დავიწყე ვიდეოს გადაღება. თავიდან განათების შუქი მრგვლად ჩანდა, შემდეგ უკვე ფორმა მიიღო. ბოლოს დაპატარავდა და თითქოს დაიკარგა. თავდაპირველად მამა გაბრიელის სილუეტად აღვიქვი. მაგრამ შემდეგ გადაღებულს რომ დავაკვირდი, ღვთისმშობლის ხატება დავინახე...
გაგიმხელთ იმასაც, რომ როგორც წუხელ ვიყავი, ასეთი ემოციური არასდროს ვყოფილვარ. ტაძარში რომ შევედი, ტირილი ამივარდა. ის ცხრა დღე და ბოლოს ტაძარში, ღამით, ეს ერთგვარი, გამოსამშვიდობებელი შესვლა, ჩემთვის ძალზე ემოციური აღმოჩნდა. გადავიღე და თითქოს ჩემი იქ ყოფნის საპასუხოდ მივიღე ეს ხილვა...
მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი გაბრიელ ჯამბაზიშვილი "პრაიმტაიმთან" ამბობს, რომ ამ სასწაულის მიერ მონიჭებული სიხარულის სხვისთვის გაზიარება მოუნდა და ვიდეო სოციალურ ქსელში განათავსა.
"ნინომ რომ ეს ვიდეო მაჩვენა, სიხარული დამეუფლა... მომინდა, ხალხსაც მიეღო ნუგეში.
უფლის მადლი ყველგან არის. ანგელოზები და წმინდანები ადამიანებს ეცხადებიან. ჩვენ არავინ ვიცით, ვის რატომ ეცხადება, ან კონკრეტულ ჩვენ რატომ ვერ ვხდებით ამის მომსწრე, ეს უფალმა უწყის მხოლოდ.
მადლობა უფალს და დედა ღვთისმშობელს ამ სიხარულისთვის და ამ სასწაულისთვის," - ამბობს მამა გაბრიელი.
არქიმანდრიტმა გაბრიელმა (ერისკაცობაში იოსებ ჯამბაზიშვილი) ტაძარი მამა გაბრიელის სახელზე, 2012 წელს მიტროპოლიტ მეუფე სერაფიმეს ლოცვა-კურთხევით ააშენა. მალევე გაიხსნა მამა გაბრიელის საფლავიც. ის უკვე წმინდანად იყო შერაცხილი. ამდენად ეს არის ამ წმინდანის სახელზე აგებული პირველი ტაძარი.
ეს ტაძარი თავიდან მამათა მონასტერი იყო და როდესაც აქ აწყურის ღვთისმშობლის ხატი ამობრძანდა (და ეზოში მისი სახელობის ტაძარიც აიგო), მაშინ იკურთხა დედათა მონასტრად. აქ დედები დამკვიდრდნენ. რამდენიმე თვით, მონასტერში, დედა პარასკევაც მოღვაწეობდა... ახლა იქ მონაზონი ნატალიაა, მონასტრის წინამძღვრის დედა.
"სხვათა შორის, ტაძრის ადგილი, ეს მიწა სასწაულებრივად გადმოგვეცა "- "პრაიმტაიმს" ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი გაბრიელ ჯამბაზიშვილი უყვება: " სულ მაოცებდა, ასე უცებ როგორ მოხდა ტაძრის აშენება. ყველაფერი თავისით მოდიოდა. ტაძარში მობრძანდა ერთი ბერძენი ქალი. მამა გაბრიელის ნახატი ნახა, დედაოს უთხრა, ეს კაცი აქ ნანახი მყავსო.
ამ ადგილას ადრე იყო ბავშვთა დასასვენებელი ბანაკი. ეს ქალი ჰყვება, მოვდიოდი და მაგ ადგილას კვერთხით ხელში იდგა ეს კაციო.
დედა პარასკევას ვკითხეთ, შესაძლო იყო თუ არა, მამა გაბრიელი ციხისჯვარში მოხვედრილიყო. მან გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც მამა გაბრიელი საგიჟეთიდან გამოუშვეს და თხუთმეტი წელი სასაფლაოებზე ცხოვრობდა. ლენინის სურათი რომ დაწვა, სახალხოდ აკრძალული ჰქონდა მსახურება. აი, იმ დროს მამა გაბრიელი დადიოდა მთა-მთა და მიტოვებულ ეკლესიებში წირავდა.
შეიძლება ეს ადგილი აკურთხა. წმინდანებს ეცხადებათ, სად უნდა აშენდეს ეკლესია.
და ტაძარი აშენდა ღვთის მადლით. მართლა სასწაულებრივად მოგვეცა ეს მიწა. ასე ადვილად ეკლესიის აშენება არ ხდება.
მრავალი ადამიანი მოდის და ნუგეშს იღებს აქ, ჩვენ კი ეს გვახარებს. უფალი მადლს უშურველად გვაძლევს. ის ჩვენს სურვილსაც კი იწირავს. უბრალოდ მასთან ყოფნა რომ გინდა, ამასაც ხედავს და გვიწირავს.
ასე რომ, უფლის ნებითა და მამა გაბრიელის სურვილით, ამ ადგილას ეს პატარა მონასტერია და თქვენ მისი მოლოცვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
რაც შეეხება მამა გაბრიელის ნივთებს და სიწმინდეებს. "პრაიმტაიმის" მკითხველმა იცის, რომ ამ ტაძარში ამ დიდი მამის სარტყელი ინახება. ის სასწაულებს ახდენს.
არქიმანდრიტი გაბრიელი: სარტყლის ისტორია ასეთია. საბერძნეთში რომ ვიყავი, იქ ვნახე, რომ წმინდა იოანე რუსის სარტყელს და სკუფიას (თავსაბურავი) იფარებდნენ და მასზე ლოცულობდნენ მომლოცველები.
სიწმინდესთან შეხებით ადამიანი მადლს იღებს. და მეუფეს ლოცვა-კურთხევით, ეს ტრადიცია, ჩვენთან გადმოვიტანე. აქამდე, საქართველოში, ასეთი ტრადიცია არ ყოფილა, რომ პირდაპირ ნივთებს მთხვეოდა ან გაეკეთებინა ისინი მრევლს.
ემა დეიდამ და დედა პარასკევამ მაჩუქეს მამა გაბრიელის სარტყელი და მას შემდეგ ის ჩვენს ტაძარშია.
ეზოშია ასევე აწყურის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მცირე ზომის ეკლესია, რომელიც 2016 წელს აიგო. ციხისჯვარში აწყურის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი 1546 წლიდან შვიდი წლის მანძილზე ინახებოდა. შემდეგ იმერეთის მეფე ბაგრატ მესამემ წაიღო გელათში. შემდეგ იქიდან მოხვდა სვეტიცხოველში და ახლა ეს ხატი სახელმწიფო მუზეუმში ინახება…
ასევე დაგაინტერესებთ: