,,დღეს ჩემს ცხოვრებაში უდიდესი რამ მოხდა..." - პიანისტი, სანდრო გეგეჭკორი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

sandro

21 წლის პიანისტი, სანდრო გეგეჭკორი სოციალური ქსელით, გულშემატკივრებს სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს:

"მეგობრებო! დღეს ჩემს ცხოვრებაში უდიდესი რამ მოხდა. გავხდი ესპანური ძალიან მნიშვნელოვანი და პრესტიჟული საკონცერტო მენეჯმენტ-სააგენტოს არტისტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მეყოლება პირადი აგენტი, რომელიც დაგეგმავს ჩემს კონცერტებს მსოფლიოს მასშტაბით. დიდი მადლობა", - წერს ახალგაზრდა პიანისტი ფეისბუქზე. 

სანდრო "პრაიმტაიმის" მკითხველს ემოციებს უზიარებს.

სანდრო გეგეჭკორი: - პირველად ამ ქალბატონმა მადრიდში მომისმინა, აღფრთოვანდა და მაშინ მოლაპარაკება დავიწყეთ. შემდეგ ბილბაოში რომ ვიყავი, მიმიწვია სააგენტოში და ბიოგრაფიის გაგზავნა მთხოვა. დღეს მომწერეს, რომ მიმიღეს სააგენტოში. ორ წლიანი კონტრაქტია. შეზღუდვა არ მაქვს, სხვა კონცერტებზეც დავუკრავ. ძალიან გამიხარდა. თუმცა შარშან მარია კანალსის კონკურსში მონაწილეობა იმხელა მოვლენა იყო ჩემთვის, არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, ეს რომ გადაფაროს. ჯერჯერობით ასეა, შემდეგ ვნახოთ. ივნისში კოსტა ბრავაზე სიდი უნდა ჩავწერო. მანამდე კონცერტებია გაწერილი - თებერვალში ბარსელონაში, შემდეგ კანარის კუნძულები... ვნახოთ, ეს სააგენტო რა კონცერტებს დამიგეგმავს. თბილისშიც მინდა ერთი კონცერტის გაკეთება. 

მოკლედ, როცა იღბალი გიღიმის, შენც უნდა გაუღიმო. თორემ ერთხელ თუ შეაქციე ზურგი, აღარასოდეს აღარ გაგიღიმებს. უნდა დააფასო... 

მარინა ბერიძე სანდროს ამ წარმატებას დიდი სიხარულით ულოცავს და "პრაიმტაიმის" მკითხველს ამ ნიჭიერ პიანისტზე უყვება.

მარინა ბერიძე: - ეს არის სანდროს შრომისა და ბეჯითობის რეზულტატი. სერიოზული ამბავია და მიხარია. არ შეიძლებოდა ამ ყველაფერს ტყუილად ჩაევლო. ეს ბიჭი არის იმის მაგალითი, როგორ შეიძლება კარიერა ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთო. ეს აგენტი, ვინც სანდრო აიყვანა, სანდროს კონცერტებს დაესწრო, ჩუმად აკვირდებოდა. შემდეგ მივიდა და ეს არაჩვეულებრივი თანამშრომლობა შესთავაზა. კარგი არის ის, რომ სახლში იქნება და ესპანელი აგენტი მსოფლიო მასშტაბით დაუგეგმავს კონცერტებს. სანდროს შრომა დაუფასდა.

შარშან ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი „მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის“ გამარჯვებული გახდა.  კონკურსი ბარსელონაში ჩატარდა. ფინალურ ტურში ქართველმა პიანისტმა კატალონიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი დაუკრა. სანდრო გეგეჭკორს დიპლომთან ერთად  ფულადი ჯილდო – 25 000 ევრო გადაეცა.

„მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის“ პირველი პრემიის ლაურეატმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც მისი საკონცერტო პროგრამა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიწერა.

„ამ კონკურსში გამარჯვება ნიშნავს, რომ მომენტალურად საერთაშორისო მასშტაბის პიანისტი ხდები" - ამბობს სანდრო.